Thursday, October 10, 2013

ნიუი იაპონიის რბოლას არ დაესწრება

Absent Newey would miss Vettel's title win in Japan
10 ოქტომბერი
„რედ ბულის“ საჩემპიონო ავტომობილების მთავარმა ინჟინერმა ედრიან ნიუიმ, ვინც გუნდს ყოველთვის თან ახლავს ხოლმე რბოლებზე, გადაწყვიტა, არ დაესწროს იაპონიის დიდ პრიზს, რომელზეც შესაძლოა, სებასტიან ფეტელმა ზედიზედ მეოთხე ტიტული გაინაღდოს. ის საჯინიბოს ბაზაზე, მილტონ-კეინსში დარჩა, რათა ადგილზე გააკონტროლოს ახალი ავტომობილის შემუშავების პროცესი.
„საერთოდ, ედრიანისთვის მნიშვნელოვანია ტრეკზე ყოფნა. ამის მიზეზი მარტივია - ის ყველა სფეროში უმაღლესი კლასის ექსპერტია და საჭიროების შემთხვევაში, დახმარების გაწევა შეუძლია. მაგრამ რა თქმა უნდა, ის ახლა იქაა, სადაც ყველაზე მეტადაა საჭირო. ეს ადგილი კი ჩვენი ფაბრიკაა ინგლისში“, - ამბობს კომპანია „რედ ბულის“ მოტორსპორტის საქმეთა მრჩეველი ჰელმუტ მარკო.
სხვათა შორის, იყო იმის შანსიც, რომ იაპონიაში არც „რედ ბულის“ შეფი კრისტიან ჰორნერი წასულიყო - მისმა მეუღლე ბევერლიმ ბრიტანეთში იმშობიარა და გოგო გააჩინა. მაგრამ ჰორნერს შინ დარჩენა არ შეეძლო, რადგან შესაძლოა იაპონიაში ფეტელმა ზედიზედ მეოთხე ტიტული გაინაღდოს და ამ დროს გუნდის შეფი იქ უნდა იყოს.
ფეტელი სუზუკაზევე გახდება ჩემპიონი, თუ ის რბოლას მოიგებს, ფერნანდო ალონსო კი მერვე ადგილზე ქვემოთ დაიკავებს ადგილს. თუმცა, გერმანლის ჩემპიონობაში ეჭვის შეტანაც კი არ ღირს. იაპონიაში თუ არა, ინდოეთში ან აბუ დაბიში მაინც მიაღწევს საწადელს. და ძნელად წარმოსადგენია, ამერიკაში, ან ბრაზილიაში კიდევ არ ჰქონდეს ტიტული განაღდებული.
„სებასტიანს ტიტული ხელთ აქვს. ის ყველა დანარჩენზე ერთი თავით მაღლა დგას. ის შესანიშნავად ატარებს რბოლებს და მანქანაც საუკეთესო აქვს“, - ამბობს ალონსო და დასძენს, რომ ის და „ფერარი“ მომავალ სეზონში გაცილებით ძლიერები იქნებიან. მსგავსი იმედი „მერსედესის“ შეფ როს ბრაუნსაც აქვს, რომელიც დარწმუნებულა, რომ ახალი რეგლამენტი სხვა გუნდებს იმის შანსს აძლევს, რომ „რედ ბულის“ დომინაციას წერტილი დაუსვან.

No comments:

Post a Comment