Tuesday, October 29, 2013

„ასტონ მარტინი“ „მერსედეს AMG-ს“ პლატფორმების გამოყენებას განიხილავს

Aston Martin considering Mercedes-AMG platforms
29 ოქტომბერი
„ასტონ მარტინი“ მალე ბრენდ „ლაგონდას“ აღადგენს. ამ სახელის მქონე პირველი კონცეპტუალური ავტომობილი ჟენევის მოტორ შოუზე გვიჩვენა კიდეც. ალბათ გახსოვთ, რომ ეს იყო ქროსოვერი, რომლის ბაზისადაც „მერსედეს-ბენცის“ უგზოობის GL-ის პლატფორმა გამოიყენეს. თანაც, ბრიტანულ და გერმანულ კომპანიებს, პარტნიორობა აქვთ გადაწყვეტილი. უფრო მეტიც, როგორც ჟურნალი „ავტოქარი“ იტყობინება, მათი პარტნიორობა ცალკეული ერთობლივი პროექტებით არ შემოიფარგლება.
ამ ინფორმაციის საფუძვლად, ბრიტანულმა გამოცემამ „ასტონ მარტინის“ მთავარი აღმასრულებლის, ულრიხ ბეცის სიტყვები გამოიყენა. მას ნათქვამი აქვს, რომ „მერსედესთან“ თანამშრომლობას უზარმაზარი პერსპექტივა გააჩნია. მაგრამ ჯერ ძნელი სათქმელია, მათი პარტნიორობა რამდენად შორს წავა. ბეცი დასძენს, რომ უგზოობის ავტომობილთან დაკავშირებით პერსპექტივა უკვე გამოკვეთილია. ეს მთავარი მიმართულებაა და როგორც „პორშე კაიენის“ მაგალითი მეტყველებს, ძალიან მომგებიანიც. მიუხედავად იმისა, რომ „ფოლკსვაგენ ტუარეგის“ ბაზაზე შეიქმნა, „კაიენი“ მაინც ძალიან პოპულარულია და რაც მთავარია, ცუფენჰაუზენელებისთვის სოლიდური მოგება მოაქვს.
ცნობილია, რომ „ასტონ მარტინი“ ქროსოვერს 2017 წელს გამოუშვებს და ეს ავტომობილი, „მერსედეს-ბენცის“ შემდეგი თაობის ML-ზე იქნება ბაზირებული. იმავდროულად, ამ ავტომობილის ძრავებად „ასტონი“ ალბათ AMG-ს აგრეგატებს გამოიყენებს. ჯერ ერთი, ბრიტანული კომპანიის ავტომობილები ყოველთვის მაღალი სიმძლავრით გამოირჩევა. მეორეც, არსებობს ერთი სერიოზული ნიუანსი: ჩინეთში, რომელიც „ასტონ მარტინისთვის“ მალე გასაღების მთავარი ბაზარი გახდება, 4.0 ლიტრზე მეტი მოცულობის მქონე ძრავებით აღჭურვილ ავტომობილებზე, საბაჟო გადასახადი წარმოუდგენლად მაღალია. AMG-ს კი ძალიან ეფექტური აგრეგატების შემუშავება შეუძლია.
თუმცა, ამის მიუხედავად, ბეცი ამბობს, რომ მისი კომპანიის 6.0-ლიტრიანი V12 ძრავი, მინიმუმ კიდევ 10 წლით დარჩება „ასტონ მარტინის“ საწარმოო პროგრამაში. ოღონდ, ბრიტანული კომპანია მას მხოლოდ ძალიან ექსკლუზიურ ავტომობილებზე დააყენებს, რომლებიც ისედაც სიძვირით გამოირჩევა. სამქიმიანების ეფექტურ ძრავებს კი „ლაგონდას“ ავტომობილებზე გამოიყენებენ.

No comments:

Post a Comment