Thursday, October 3, 2013

„ალფა 4C-მ“ ნურბურგრინგს 8 წუთსა და 4 წამში შემოუარა

Alfa 4C Reportedly Lapped the 'Ring in 8:04, Faster than BMW M3 E92
3 ოქტომბერი
უკვე რამდენიმე წელია, „ალფა რომეოს“ პატარა სპორტქარ 4C--ს ამაოდ ელის საავტომობილო ბაზარი. მას არც ყურადღება აკლია. უფრო მეტიც, ძალიან ხშირად ჩნდება ინტერნეტსა და პრესის ფურცლებზე. და აი, ამის მორიგი საბაბიც გაჩნდა - ავტომობილმა ნურბურგრინგის ჩრდილოურ მარყუჟს 8 წუთსა და 4 წამში შემოუარა. მართალია, მილანურ კომპანიას ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ გაუვრცელებია, თუმცა ეს მის მაგივრად იტალიურმა ჟურნალმა „კვატრორუტემ“ გააკეთა.
ამგვარად, პატარა „ალფამ“ სულ რაღაც ერთი წამით აჯობა „ბეემვეს“ M3 E92-ს, რომელმაც „თავისი“ სწრაფი წრე 2007 წელს შეასრულა. შედარებისთვის, გერმანულ მანქანს ოთხი ცილინდრით მეტი ემსახურება და ორჯერ მეტი ცხენის ძალა მიერეკება. რა თქმა უნდა, თავის ბრწყინვალე შედეგს, „ალფა 4C“ შესანიშანვ მანევრირებადობას უნდა უმადლოდეს.
სხვათა შორის, „ალფა 4C-ს“ დრო იდენტურია „ლამბორგინი დიაბლ GT-ს“ მიერ 1999 წელს დაფიქსირებულ დროზე და ერთი წამით მეტია „იაგუარ XKR-S-ის“ (2011 წელი), „ასტონ მარტინ V8 ვენტიჯის“ (2005 წელი) და „პორშე 911 GT3-ის“ (1999 წელი) დროებზე.
„ალფას“ პატარა სპორტსმენის წარმატება, მეტწილად მისი მსუბუქი კონსტრუქციის დამსახურებაა - ის მხოლოდ 895 კილოგრამს იწონის. მისი 1.75-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბოძრავის სიმძლავრე კი 236 ცხენის ძალაა. ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად 4.5 წამი ჰყოფნის, მაქსიმალური სიჩქარე კი 258 კმ/სთ-ია.

No comments:

Post a Comment