Saturday, September 21, 2013

„მერსედეს-ბენცის“ კონცეპტუალური S-კლასის კუპე

New Mercedes Concept S-Class Coupé Previews CL Successor
21 სექტემბერი
გაზაფხულზე „მერსედეს-ბენცმა“ თავისი უახლესი ფლაგმანი, S-კლასის სედანი გაგვაცნ, რომელიც თავისუფლად შეიძლება თავისი სეგმენტის ეტალონად ჩაითვალოს. და მაშინვე ყველამ კარგად იცოდა, რომ სამქიმიანები მყიდველს მალე ამ ავტომობილის ბაზაზე შექმნილ კუპესაც შესთავაზებდნენ. ოღონდ არა CL-ის, არამედ S-კლასის კუპეს სახელით. და აი, შტუტგარტელებმა ფრანკფურტში ამ ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია წარმოგვიდგინეს.
კუპეს გარეგნობა მიგვანიშნებს, რომ ის სედანთანაა დაკავშირებული. ამას წინა ფარების დანახვისთანავე მიხვდებით, სალონში მსგავსებას ამ ორი ავტომობილის მაჩვენებლების დაფებს შორის აღმოაჩენთ. კუპე თავისი ზორბა გაბარიტებითაც მიგვანიშნებს, რომ მაღალი კლასის ავტომობილის „ნაშიერია“. მისი სიგრძე 5 050 მილიმეტრია, სიგანე 1 958 მილიმეტრი, სიმაღლე კი 1 409 მილიმეტრი. კონცეპტუალური კუპე 21-დუიმიან ბორბლებზე დგას.
დაბალი და მშვილდივით მოხრილი სახურავის და გრძელი კაპოტის წყალობით, კუპეს პროფილი სედანისაზე კოხტა და ელეგანტურია. ავტომობილს S-კლასის სპორტული ვერსიის რადიატორის ცხაური აქვს, რომლის ცენტრალურ ნაწილშიც, ზორბა სამქიმიანი ვარსკვლავია მოთავსებული. უკან კი ყურადღებას იქცევს ვიწრო, ჰორიზონტალური ფარები, რომლებსაც ქრომირებული ზოლი აკავშირებს.
ინტერიერში, როგორც უკვე ითქვა, მაჩვენებლების დაფა დაახლოებით S-კლასის სედანის სტილშია შესრულებული. დაფის მთავარი ნაწილია 12.3-დუიმიანი მონიტორი, რომლის გვერდზეც, დაახლოებით იმავე ზომის სენსორული ეკრანია მოთავსებული. ცენტრალური კონსოლის ქვედა ნაწილში მდებარეობს კიდევ ერთი ეკრანი, რომელზეც ოთხი საათია მოთავსებული და ისინი მსოფლიოს ოთხი სხვადასხვა მხარის დროს უჩვენებს. მთლიანობაში, სალონი უმაღლესი კლასის ავტომობილისთვის შესაფერისად, მდიდრულადაა გაფორმებული.
ფრანკფურტში წარდგენილი S-კლასის კუპე 4.6-ლიტრიანი, წყვილ ტურბოიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 455 ცხენის ძალას და 700 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ავტომობილი უახლესი ტექნოლოგიებითაა დაკომპლექტებული, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა „ინტელიჯენტ დრაივ“. ის ორ „კამერა-თვალს“ მოიცავს, რომლებსაც მანქანის წინ, დაახლოებით 50 მეტრის არეში, სამგანზომილებიანი გამოსახულების შექმნა შეუძლია. სისტემა „6D ვიჟნს“ უძრავად მყოფი და მოძრავი ობიექტების დაფიქსირების უნარი აქვს. თანაც, მისი „სამუშაო არეალი“ 500 მეტრამდეა, მის მიერ მიღებულ მონაცემებს კი კომპიუტერი რადარისა და ულტრაბგერითი სენსორებისგან მიღებულ ინფორმაციასთან ერთად გადაამუშავებს და შესაბამის გაფრთხილებებს იძლევა.
ახალი სტერეო კამერით საკიდარიც კი სარგებლობს. თუ კამერა გზის ხარისხის გაუარესებას დააფიქსირებს, საკირდარი ამას წინასწარ „იგრძნობს“ და დრეკად ელემენტებსაც წინასწარ განაწყობს ამისათვის. ამგვარად, უმჯობესდება არამხოლოდ კომფორტულობა, არამედ უსაფრთხოებაც. საინტერესო სისტემაა „მუდგრიდ“, რომელიც მძღოლის ხასიათს გამოიცნობს და შესაბამის მუსიკას შეურჩევს. ასარჩევი კი ძალიან ბევრი აქვს - როგორც „მერსედეს-ბენცი“ ირწმუნება, სიმღერების კატალოგში 18 მილიონი ჩანაწერია...

No comments:

Post a Comment