Sunday, September 1, 2013

„ტოიოტამ“ ახალი „იარის ჰაიბრიდ R კონცეპტი“ ახლოს გაგვაცნო

Toyota Releases New Info on 420HP Yaris Hybrid R Concept
1 სექტემბერი
ერთხანს ინფორმაცია ამ კონცეპტუალურ ავტომობილზე იაპონურ კომპანიას გასაიდუმლოებული ჰქონდა, მაგრამ ფოტო ტიზერებს მალე მისი მოკლე დახასიათებაც მოაყოლა. როგორც მოსალოდნელი იყო, ავტომობილი სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ „იარისის“ ბაზაზეა დამზადებული და ჰიბრიდული აგრეგატითაა აღჭურვილი. ავტომობილის სახელია „იარის ჰაიბრიდ R კონცეპტი“ და მისი პრემიერა ფრანკფურტის მოტორ შოუზე გაიმართება.
ჰიბრიდულ სისტემაში გაერთიანებულია ბენზინის ოთხცილინდრიანი 1.6-ლიტრიანი ტურბო ძრავი, რომლის სიმძლავრეც 300 ცხენის ძალაა და ორი ელექტრო ძრავი, რომელთაგან თიუთოეულის სიმძლავრე სულ 60 ცხენის ძალაა. შიდაწვის ძრავი წინა ბორბლებს ატრიალებს, ელექტრულები კი - უკანებს. ამასთან, ორივე ელექტრო ძრავი „თავის“ უკანა ბორბალს ემსახურება.
დამუხრუჭებისას, ორივე ელექტრო ძრავი გენერატორის როლში მუშაობს. აჩქარებისას კი ისინი შიდაწვის ძრავს ეხმარებიან, რათა ავტომობილმა სწრაფად აკრიფოს სიჩქარე. საერთო სარგებლობის გზებზე მოძრაობისას, ელექტრული ძრავები, სუპერ კონდენსატორების ყოველი დამუხტვის შემდეგ, მხოლოდ 10 წამს მუშაობენ და ჯამში მხოლოდ 40 ცხენის ძალას იძლევიან. სატრეკო რეჟიმით მოძრაობისას კი ყოველი დამუხტვის შემდეგ, მათი მუშაობის დრო მხოლოდ 5 წამია და ამ დროს ისინი ერთად მაქსიმუმ 120 ცხენის ძალას იძლევიან.
დამატებითი სიმძლავრის მოცემის გარდა, ელექტრო ძრავები მართვის გაუმჯობესებასაც უწყობენ ხელს. მაგალითად, მოსახვევის გავლისას, მათი დახმარებით, ავტომობილი სრულ ამძრავიანი ხდება. ამასთან, თითოეული „თავის“ ბორბალს იმდენ მაბრუნ მომენტს მიაწვდის, რამდენიც მოსახვევის სტაბილურად გავლისთვისაა საჭირო.
შიდაწვის ძრავთან 6-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული. მათ შორის კი მესამე ელექტროძრავი მდებარეობს, რომლის სიმძლავრეც ასევე 60 ცხენის ძალაა. ეს ძრავი მხოლოდ ელექტრო გენერატორის როლს ასრულებს და ენერგიას აგროვებს როგორც დამუხრუჭებისას, ასევე აჩქარებისას. ამასთან, აჩქარებისას გამომუშავებულ ენერგიას პირდაპირ უკანა ელექტრო ძრავებს აწვდის. ამ ვარიანტს ავტომობილი მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებს, თუ წინა ბორბლები ადგილზე მოსრიალებას იწყებს.
ელექტრული ენერგიის დასაგროვებლად კი სუპერ კონდენსატორებია გამოყენებული. მათში ენერგია დამუხრუჭებისას, სწრაფად გროვდება. მათი დამუხტვაც და განმუხტვაც, ჩვეულებრივ ელემენტებზე გაცილებით სწრაფად ხდება, რაც განსაკუთრებით ეფექტურია სარბოლო რეჟიმით მოძრაობისას. აღსანიშნავია, რომ ასეთივე ტექნოლოგიაა გამოყენებული სარბოლ პროტოტიპ „ტოიოტა TS 030-ზე“, რომლითაც იაპონური კომპანია ლე მანის რბოლაში მონაწილეობდა.
ჯერჯერობით „ტოიოტა“ არაფერს ამბობს ამ სისტემის მომავალზე. თუმცა, დიდი შანსია იმისა, რომ ასეთი ტექნოლოგია როგორც საგზაო, ისე სარბოლ ავტომობილებზეც დაინერგოს.

No comments:

Post a Comment