All-New Hyundai i10 Promises to be a Big Step
Forward for the Brand
10 სექტემბერი
„ჰიუნდაის“ პირველი თაობის პატარა ჰეჩბეკმა i10-მა
სწრაფად მოიპოვა პოპულარობა ევროპის ქალაქების მცხოვრებთა შორის. ამის მიზეზი
გასაგებია - ასეთი ავტომობილი ადვილად მანევრირებს ვიწრო ქუჩებში და პარკინგის
მხრივაც ძალიან მოსახერხებელია. რა თქმა უნდა, საწვავის მცირე მოხმარების მხრივაც გამოირჩევა.
დაკიდევ, ამ კლასის ავტომობილისთვის, უჩვეულოდ კარგი სამართავია. ყველა ეს
თვისება, მას ფრანგულ-იაპონურ ტყუპისცალებთან - „სიტროენ C1-თან“, „პეჟო 107-თან“
და „ტოიოტა აიგოსთან“ კონკურენციაში ეხმარება.
ყოველივეს გამო, კორეულმა კომპანიამ ერთობ გაირთულა
საქმე, როცა ამ ავტომობილის მეორე თაობის შემუშავებაზე მიდგა ჯერი. ეს ავტომობილი
უკვე მზადაა და მისი პრემიერა ფრანკფურტის მოტორ შოუზე შედგა. ახალი ავტომობილი, „ჰიუნდაის“
ევროპულ ტექნიკურ ცენტრშია (ქალაქ რიუსელსჰაიმში) შემუშავებული და მას თურქული (ქალაქ
იზმიტშია) ქარხანა გამოუშვებს. როგორც კორეული კომპანია აცხადებს, ახალი i10 ძირეულად
განსხვავდება პირველი თაობის ჰეჩბეკისგან.
პირველ რიგში, შეიცვალა დიზაინი. თუ ადრე i10 საკმაოდ
უღიმღამო, მძიმე გარეგნობით გამოირჩეოდა (რაც, რა თქმა უნდა, ხელს ვერ უშლიდა მის
შესანიშნავ მანევრულობას), ახლა მისი სტილი გაცილებით დახვეწილია. ავტომობილს უფრო
სპორტული შესახედაობა აქვს, რაც აუცილებლად შესძენს ახალ მყიდველს. მას ზორბა რადიატორი
გამოარჩევს, რაც პრაქტიკული თვალსაზრისით, შეუსაბამოა, რადგან ყველაზე დიდ, 1.25-ლიტრიან
ოთხცილინდრიან ძრავს, ასეთი დიდი რადიატორიდან მიღებული ინტენსიური გაგრილება არანაირად
არ დასჭირდება.
ამასთან, ახალი i10 წინამორბედზე დიდიცაა. და
როგორც „ჰიუნდაი“ ირწმუნება, პრაქტიკულად ყველა ასპექტში სჯობს წინამორბედს. ერთადერთი,
რაშიც ვერ სჯობს, ეს პარკინგის სიმარტივეა და ამის მიზეზი, ისევდაისევ, გაბარიტებში
გაზრდაა. სამაგიეროდ, გაუმჯობესდა კომფორტი, მართვა და (როგორც უკვე ითქვა) დახვეწილობა,
რაც ამ ავტომობილს, მასზე მაღალი კლასის ავტომობილებთან ათანაბრებს.
გაბარიტებში ზრდას (სიგრძეში 80 მილიმეტრით, სიგანეში
65 მილიმეტრით არის გაზრდილი, სიმაღლეში კი 50 მილიმეტრი მოაკლდა) კიდევ ერთი
ხეირი მოჰყვა - საბარგულის მოცულობა 252 ლიტრამდე გაიზარდა და თუ უკანა სავარძლებს
დაკეცავთ, მოცულობა 1046 ლიტრს მიაღწევს. ასეთი დიდი საბარგლით, ამ კლასში
ვერცერთი სხვა ავტომობილი ვერ დაიკვეხნის.
No comments:
Post a Comment