Thursday, September 5, 2013

„ფორდი“ უახლესი „ეკოსპორტის“ გაყიდვას ფეისბუკით დაიწყებს

Ford Launches EcoSport Limited Edition via Facebook
5 სექტემბერი
ამერიკულ კომპანიას მარკეტინგული ნოვაცია ეკუთვნის - სოციალური ქსელის დახმარებით, თავისი უახლესი ავტომობილის, უგზოობის სუბკომპაქტურ „ეკოსპორტის“ გაყიდვებს იწყებს. ეს ის ავტომობილია, რომელზეც ცისფერი ოვალი დიდ იმედებს ამყარებს და რომლითაც კონკურენციას, შესაბამისი სეგმენტის ლიდერ „ნისან ჯუკს“ გაუწევს.
თუმცა, ფეისბუკით გაყიდვები მაინც არაპირდაპირი იქნება, რადგან ამ ავტომობილის შეძენის მსურველებს, „ფორდის“ ფეისბუკის გვერდზე შესვლა მხოლოდ იმისათვის მოუწევთ, რათა იქიდან სპეციალურ ვებგვერდზე (https://www.fordecosport.eu/) გადავიდნენ, რომლითაც შეკვეთა იქნება შესაძლებელი. გაყიდვების დაწყებასთან დაკავშირებით, ამერიკულმა კომპანიამ „ეკოსპორტის“ სპეციალური ვერსია გამოუშვა, რომელიც სულ 500 ცალი დამზადდება.
„ეკოსპორტის“ სპეციალური ვერსია ექსკლუზიური „ფორდ SYNC AppLink“ პაკეტით არის აღჭურვილი, ალუმინის 17-დუიმიან ბორბლებზე დგას და სალონი ტყავით აქვს გაწყობილი. 500 ეგზემპლარიდან 120 ბრიტანეთის ბაზრისთვის, მარჯვენა საჭით დამზადდება. გარდა ამისა, ავტომობილი აღჭურვილი იქნება პარკირების დამხმარე უკანა სენსორებით და „პანტერ ბლექ მეტალიკ“ ფერში შეიღებება.
პირველი 500 ცალი „ეკოსპორტის“ მყიდველს, არჩევანის გაკეთება ორ ძრავს შორის მოუწევს. ერთია უკვე ძალიან პოპულარული და არაერთი აღიარების მქონე 1.0-ლიტრიანი ეკობუსტი, რომლის სიმძლავრეც 125 ცხენის ძალაა, მეორე კი 1.5-ლიტრიანი დიზელი, 91 ცხენის ძალით.
„ჩვენი აზრით, „ეკოსპორტის“ შეზღუდული სპეციალური ვერსია, ახალგაზრდა, ელექტრონულ მოწყობილობებში კარგად გარკვეულ მყიდველს მიიზიდავს, რომელიც ფეისბუკში დიდ დროს ატარებს“, - ამბობს „ფორდ ოფ იუროპის“ ვიცე პრეზიდენტი რიოლანტ დე ვაარდი, ვინც მარკეტინგს, გაყიდვებს და სერვისს კურირებს. მისივე თქმით, შეზღუდული გამოშვების „ეკოსპორტი“ გერმანიასა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში 19 950 ევრო ეღირება.

No comments:

Post a Comment