Monday, September 9, 2013

„აუდი ნანუკ კვატრო კონცეპტ“ – „პარკურის“ ოთხრგოლიანი ნათესავი

Audi Nanuk Quattro V10 Diesel Concept Has Italdesign Giugiaro Parcour Written All Over
9 სექტემბერი
ჟენევის წლევანდელ მოტორ შოუზე, იტალიურმა ატელიე „იტალდიზაინ ჯუჯარომ“ კონცეპტუალური ავტომობილი, სახელად „პარკური“ წარადგინა, რომელიც სტილითაც და აღჭურვილობითაც ნამდვილი შედევრია. ეს ავტომობილი „ლამბორგინის“ მარკით დამზადდა, მაგრამ სამწუხაროდ, იტალიურმა კომპანიამ მისი წარმოება არ ისურვა. სამაგიეროდ, მსგავსი პროექტის განხორციელება „აუდიში“ მოინდომეს. მათაც ჯერ კონცეპტუალური სახით - „იტალდიზაინ ჯუჯარო“, ისევე როგორც „ლამბო“, სწორედ გერმანული კომპანიის ჯგუფში შედის, რომელიც თავის მხრივ, „ფოლკსვაგენის“ ოჯახის წევრია.
„აუდის“ კონცეპტუალურ ავტომობილს „ნანუკ კვატრო“ ჰქვია. „პარკურის“ მსგავსად, ეს არის სპორტული ქროსოვერი, რომელშიც სპორტული სუპერ ავტომობილის შესაშური დინამიკური მახასიათებლები, გერმანული კომპანიის „კვატრო“ სისტემასთანაა შეხამებული. მოკლედ, „ნანუკ კვატრო“ შეიძლება იყოს როგორც სარბოლი, ასევე ყველგანმავალი ავტომობილი. მოკლედ, „პარკურის“ ოთხრგოლიანი ვერსიაა. რა თქმა უნდა, „ნანუკ კვატროს“ შემუშავებაში მონაწილეობა „იტალდიზაინ ჯუჯარომაც“ მიიღო.
„ნანუკ კვატრო“ აღჭურვილია 5.0-ლიტრიანი V10 TDI დიზელით, რომლის მიერ გამომუშავებულ მაბრუნ მომენტსაც, სისტემა „კვატრო“ ყველა ბორბალს უნაწილებს. გერმანული კომპანია ირწმუნება, რომ ეს ორადგილიანი ავტომობილი ნებისმიერი ტიპის გზაზე - ასფალტზე, ქვიშაზე, ყინულსა და გრუნტზე, ერთნაირად კარგად გრძნობს თავს.
ავტომობილზე ძრავი გრძივად, უკანა ღერძის წინაა განლაგებული. ის 536 ცხენის ძალას და 1000 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ამასთან, მაქსიმალურ მომენტს 1500 ბრ/წთ-ზევე იძლევა. ძრავთან 7-საფეხურიანი S-ტრონიკია დაკავშირებული, რომელიც უკანაა განლაგებული. მართალია, 1900 კილოგრამს იწონის, მაგრამ კონცეპტუალური „ნანუკ კვატრო“ მაინც შესაშური დინამიურობით და ტემპერამენტით გამოირჩევა. ადგილიდან ასის აკრეფას 3.8 წამში ახერხებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 305 კმ/სთ-ია.
ასეთი მონაცემების ავტომობილი, მითუმეტეს ყველგანმავალი, შესაშური ეკონომიურობითაც გამოირჩევა. ასი კილომეტრის გასავლელად მას 7.8 ლიტრი საწვავი ჰყოფნის. სამწუხაროდ, გერმანულ კომპანიას ჯერ არ გამოუქვეყნებია, ყოველი კილომეტრის გავლისას, რა რაოდენობის ნახშირორჟანგს გამოჰყოფს „ნანუკ კვატრო“. საწვავის ხარჯის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ეს მონაცემიც დაბალი იქნება.
გარდა ამისა, კონცეპტუალური ავტომობილი აღჭურვილია კარბონ-კერამიკული კომპოზიტისგან დამზადებული სამუხრუჭე დისკოებით, ადაპტირებად აირ-საკიდარით, რომელსაც ელექტრონიკით მართვადი ამორტიზატორები ემსახურება. ავტომობილს კლირენსის სამი დონე აქვს. ნორმალი, მასზე 30 მილიმეტრით დაბალი და 40 მილიმეტრით მაღალი. საჭის მექანიზმი ინტეგრალურია - როდესაც მანქანა დაბალი და საშუალო სიჩქარით მოძრაობს, უკანა ბორბლები, წინების საპირისპირო მიმართულებით, 9 გრადუსით ტრიალდება. ამგვარად, ვირტუალურად მოკლდება ბორბლებს შორის ბაზა და მცირდება მოხვევის რადიუსი. მაღალ სიჩქარეზე კი, უკანა და წინა ბორბლები ერთი მიმართულებით მოტრიალდება, ოღონდ უკანების მობრუნების კუთხე მხოლოდ 2.5 გრადუსია. ამგვარად, ბაზა ვირტუალურად გრძელდება (რაც იწვევს არასაკმარისი მოხვევადობის ეფექტს) და რაც მთავარია, ავტომობილი მოსახვევს უფრო სტაბილურად გადის.
დაბოლოს, ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 4 541 მილიმეტრი, სიგანე 1 990 მილიმეტრი, სიმაღლე 1 337 მილიმეტრი და ბორბლებს შორის ბაზა 2 710 მილიმეტრი. ამგვარად, ის ახლოსაა ასევე კონცეპტუალურ „აუდი სპორტ კვატროსთან“, რომელიც ყველა მონაცემით ცოტათი დიდია.

ორივე ავტომობილს გერმანული კომპანია ფრანკფურტის მოტორ შოუზე წარადგენს. 

No comments:

Post a Comment