Thursday, September 5, 2013

ალონსო „სილი სიზონს“ გამოეთიშა

Alonso pulls out of Formula One 'silly season'
5 სექტემბერი
„რედ ბულში“ ვაკანსია შეივსო, თუმცა სატრანსფერო „გიჟური სეზონი“ ჯერაც არ დასრულებულა. ოღონდ, ამიერიდან მას კიდევ ერთი სოლიდური ფიგურა - ფერნანდო ალონსო გამოაკლდა. ესპანელმა მონცაზე გამართულ პირველივე პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ „ფერარის“ დატოვება არც უფიქრია. „ეს მხოლოდ ჭორები იყო, ბევრი ჭორი“, - განაცხადა ალონსომ.
ჭორებიდან ბოლო მის ახალ გატაცებას - ველოსპორტს დაუკავშირდა. ალონსომ ახლახანს გამოაცხადა, რომ ესპანურ პროფესიულ გუნდ „ეუსკალტელ-ეუსკადის“ ყიდულობს. და მაშინვე კუდად ჭორიც მიება, რომლის მიხედვითაც, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ერთი სეზონით შვებულებას იღებს, რათა გუნდს მიხედოს.
მაგრამ ჭორების მოყვარულებს ალონსომ ცივი წყალი გადაასხა და განაცხადა, რომ „ფერარიში“ კონტრაქტს სრულად გამოიმუშავებს და იქ უფრო მეტ ხანსაც დარჩება. „რა თქმა უნდა, ჩემი კარიერის მწვერვალზე არ ვიმყოფები. ამიტომ, მომდევნო 4-5 წელი აქ დავრჩები და ვეცდები, მთელი ჩემი უნარი ამ გუნდს მოვახმარო. მერე კი ვნახოთ, რა ხასიათზე ვიქნები“, - ამბობს ალონსო.
ამგვარად, „სილი სიზონის“ მთავარ სულის ჩამდგმელად კიმი რაიკონენი რჩება, ვინც ამჟამდ „ლოტუსთან“ აწარმოებს მოლაპარაკებას. ფინელმა განაცხადა, რომ სწორედ ამ მოლაპარაკების დასრულებას ელოდება. ამასთან, არც გაბრაზება დაუმალავს და დასძინა, „ლოტუსში“ კარგად იციან ჩემი მოთხოვნები და მათ შესრულებაში ხელს არავინ უშლისო. ყველამ იცის, რომ „ლოტუსისადმი“ მისი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, ანაზღაურების გაზრდაა.
თუმცა, ისიც ფაქტია, რომ კიმის აღარც რეალური არგუმენტები შემორჩა - „რედ ბულში“ ვეღარ გადავა და თუ „ლოტუსს“ ზურგს შეაქცევს, ისევ უსაქმოდ დარჩენა მოუწევს, რადგან არაერთხელ უთქვამს, რომ სტატისტობას არ აპირებს და შესაბამისად, არც საშუალო დონის გუნდში ყოფნა იზიდავს.
კიმი „რედ ბულზეც“ გაბრაზებულია: „წადით და მათ ჰკითხეთ (რატომ არ ამიყვანეს). მოლაპარაკებას ყოველთვის არ მოაქვს სასურველი შედეგი. რატომ? შეიძლება ათი მიზეზი მაინც არსებობს, მაგრამ მე არცერთზე წარმოდგენაც არ მაქვს“, - ამბობს კიმი, ვისაც კიდევ ერთ იმედად „ფერარი“ დარჩა. მონცაზე რაიკონენმა „ფერარიზე“ შემდეგი განაცხადა: „მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. წარსულში რაღაც ისე არ აეწყო, მაგრამ ჩემთვის ეს წარსულია“. და მაინც, მას დაუსვეს შეკითხვა: დი მონტეძემოლოსთან მისი ურთიერთობა ხელს ხომ არ უშლის?“ რაზეც უპასუხა: „არავისთან ურთიერთობაში პრობლემა არ მაქვს. თუ მას შევხვდები, მივესალმები“.
და მაინც, „ფერარის“ ვარიანტიც თითქმის ამოწურულია, რადგან ფელიპე მასა, ვის ადგილზეც შეიძლება რაიკონენი გადავიდეს, ოპტიმისტურადაა განწყობილი და იმედი აქვს, რომ დარჩება. „ახალი სეზონიდან, ყველა საქმეს ნულიდან დაიწყებს, მათ შორის ჩვენც. მომავალ სეზონში ყველაფერი განსხვავებული იქნება - მანქანები, წესები. ასე რომ, პილოტის გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება“, - ამბობს მასა, რომელსაც ინტერვიუს მომენტში ალბათ კიმი სულ გადაავიწყდა...

No comments:

Post a Comment