New Jeep baby SUV for 2014
25 სექტემბერი
საავტომობილო ბაზრის ეს შედარებით ახალი სეგმენტი
სულ უფრო მეტ მწარმოებელს იზიდავს. მათ რიგებს კი მალე ამერიკული „ჯიპიც“
დაემატება, რომელსაც „კრაისლერთან“ ერთად, უკვე „ფიატი“ განაგებს. კომპანიამ
ოფიციალურად დაადასტურა ეს ინფორმაცია და შეგვპირდა, რომ თავის სეგმენტში, მისი
ავტომობილი უგზოობის თვისებებით ყველაზე გამორჩეული იქნება.
ავტომობილი, რომლის სახელიც ჯერჯერობით უცნობია,
„ფიატ 500L-ის“ ბაზაზე დამზადდება და მისი წარმოება მომავალ წელს დაიწყება. ის
კონკურენციას გაუწევს უგზოობის სუბკომპაქტური ავტომობილების სეგმენტის ისეთ
ლიდერს, როგორიც „ნისან ჯუკია“. გარდა ამისა, „ბეიბი ჯიპის“ (კომპანიაში მას B-SUV-ს,
ანუ B სეგმენტის უგზოობის ავტომობილს უწოდებენ) კონკურენტები, „ოპელ მოკა“ და
„ფორდს“ უახლესი „ეკოსპორტი“ იქნებიან.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ავტომობილს მოუხეშავი
გამომეტყველება ექნება, რითაც ალბათ ბოლო „ვრანგლერს“ მოგვაგონებს. მის სტანდარტულ
აღჭურვილობაში შევა სრულამძრავიანი ტრანსმისია, რითაც ის თავისი კონკურენტებისგან
განსხვავებული იქნება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ძრავებით დაკომპლექტდება „ბეიბი
ჯიპი“, თუმცა ადვილი სავარაუდოა, რომ ევროპის ბაზრისთვის ის დიზელის ძრავებითაც
აღიჭურვება.
„ჩვენ ვგრძნობთ, რომ ამ მზარდ სეგმენტს „ჯიპის“
ავტომობილი აკლია, რომელიც ყველგანმავლის თვისებებით იქნება გამორჩეული. მისი
გარეგნობის წყალობით, იოლად ამოიცნობთ „ჯიპს“ და ამ შთაბეჭდილებას მისი უგზოობის
შესაძლებლობები მხოლოდ გააძლიერებს. ამ მხრივ, ეს ავტომობილი სეგმენტში აშკარად გამორჩეული
იქნება. ის თავიდან ბოლომდე „ჯიპი“ უნდა იყოს“, - ამბობს „ჯიპის“ ევროპული შტოს
შეფი კრის ელისი და დასძენს, რომ ახალ ავტომობილში, მისი ბრენდის სამი ძირითადი
ღირებულება აისახება - თავისუფლება, აუთენტურობა და თავგადასავლებისკენ ლტოლვა.
დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ „ბეიბი ჯიპს“
პირველად ჟენევის მოტორ შოუზე გვიჩვენებენ. სხვათა შორის, ამ ავტომობილის დებიუტის
შემდეგ, „ჯიპი“ ევროპაში ახალ „ჩეროკის“ წარადგენს (პარიზის მოტორ შოუზე), რომელიც
ელისის თქმით, კლასში საუკეთესო იქნება საწვავის ეკონმიური მოხმარების მხრივ და
იმავდროულად, სრულად შეინარჩუნებს „ჯიპის“ ავტომობილებისთვის დამახასიათებელ
თვისებებს.
No comments:
Post a Comment