Volvo Concept Coupe is a long-legged Swedish GT
10 სექტემბერი
„ვოლვოს“ კარგი კუპეების მწარმოებლის სახელი არ
აქვს, თუმცა მის ისტორიაშიც იყო ამ მიმართულებით გამონათება და მას P1800
ერქვა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ ავტომობილს მსოფლიოს რეკორდი ეკუთვნის გარბენში
- მის ერთ-ერთ ეგზემპლარს, თითქმის 5 მილიონი კილომეტრი აქვს გავლილი. მოკლედ,
შვედური კომპანიის იკონაა. და დღეს, როცა ჩინური „ჯილის“ ხელში მყოფ „ვოლვოს“ დიდი
სამომავლო მიზნები აქვს დასახული, მისმა ინჟინრებმა და დიზაინერებმა, როცა ახალ,
მომავლის განმსაზღვრელ კონცეპტუალურ ავტომობილზე მუშაობა დაიწყეს, შთაგონების
წყაროდ სწორედ P1800 აირჩიეს.
ამ ორ ავტომობილს - P1800-ს და კონცეპტუალურ „კუპე
კონცეპტს“ გარეგნულად, ელეგანტურობის გარდა, პრაქტიკულად არაფერი აკავშირებს.
გარდა იმისა, რომ ამ კონცეპტის დანიშნულება, კომპანიის დიზაინის განვითარების
მიმართულების ჩვენებაა, ის ასევე პირველი „ვოლვოა“, რომელიც უახლეს, ეგრეთ წოდებულ
მასშტაბირებად არქიტექტურას ეყრდნობა და აღჭურვილია ძალიან ეფექტური,
ოთხცილინდრიანი დრაივ-E ძალური დანადგარით.
„ეს კონცეპტუალური ავტომობილი გიჩვენებთ, თუ რას
უნდა ელოდოთ „ვოლვოს“ ახალი არქიტექტურისგან. ეს არის თავდაჯერებულობა, გამოზომილი
პროპორციები და დახვეწილი დზაინი“, - ამბობს „ვოლვოს“ საავტომობილო ჯგუფის დიზაინის
შტოს უფროსი ვიცე პრეზიდენტი თომას ინგენლათი და დასძენს, რომ „კუპე კონცეპტისგან“
ისე ძალიან განსხვავებული ავტომობილიც კი, როგორიცაა უგზოობის XC90, ამავე
პლატფორმაზე აიგება და ეს გვიჩვენებს ამ პლატფორმის უნივერსალურობას.
ახალი პროპორციების ვიზუალური ეფექტი უფრო მკვეთრად
ჩანს კონცეპტუალური ავტომობილის გვერდხედში. ამ კუთხით შეხედვისას, თვალში საცემია
დაგრძელებული კაპოტი და უკან დაწეული სალონი, რაც კუპეს სტილის შესაფერისია. სტილს
ასევე დაბალი სახურავი და ხუთწკირიანი 21-დუიმიანი ბორბლები აყალიბებს. „ვოლვო“ ამ
სტილს მწოლიარე ლომს ადარებს, „რომელსაც ამ პოზიციაშიც კი ეტყობა, რისი მაქნისია“.
რა თქმა უნდა, აღნიშვნას იმსახურებს ავტომობილის
წინა ნაწილის გაფორმება და პირველ რიგში, მთავარი ფარები. კაპოტი და რადიატორის
ბადე ორიგინალურ ფორმას ქმნიან, რომელსაც საუკეთესოდ ეწყობა შუაზე გაყოფილი
ფარების ბლოკი, რომელშიც წაქცეული T-ს ფორმის სილუეტი აქვს. „ვოლვოს“ განმარტებით,
მართალია წინა ნაწილის დიზაინი ახალია, მაგრამ მასში კარგადაა შეხამებული
კომპანიის 85-წლიანი ისტორიის განმავლობაში დაგროვილი ტრადიციები. ინგენლათი
ამბობს, რომ კომპანია რადიატორის ახალ ფორმაზე და ემბლემაზე მუშაობს და მას ახალ XC90-თან
ერთად, მომავალ წელს გვიჩვენებს.
რაც შეეხება ჰიბრიდულ დანადგარს, ამ მხრივაც, „ვოლვო“
რადიკალურად განსხვავებულ მიმართულებას ირჩევს, თუმცა ეს თანამედროვე
ავტოინდუსტრიაში აღარავის უკვირს. ავტომობილი დრაივ-E ძალური დანადგარითაა აღჭურვილი,
რომელშიც ბენზინის და ელექტრო ძრავი შედის. შიდაწვის ძრავი 2.0-ლიტრიანი, ოთხცილინდრიანია
და ის მექანიკური და ტურბო დამჭირხნებითაა აღჭურვილი. მასთან შეწყვილებულ ელექტრო
ძრავთან ერთად, ის ჯამში 400 ცხენის ძალას და 600 ნიუტონმეტრს იძლევა, ეს კი V8 ძრავებისთვისაც
კი შესაშური მაჩვენებლებია.
ფრანკფურტის შოუზე ჩატარებულ პრესკონფერენციაზე „ვოლვომ“
განცხადა, რომ ეს პირველია იმ სამ კონცეპტუალურ ავტომობილს შორის, რომლებიც
კომპანიის ახალი დიზაინის სადემონსტრაციოდ შეიქმნება. მათი ჩვენების შემდეგ კი ახალ
XC90-საც ვიხილავთ, რომელიც ახალ სტილში შესრულებული პირველი სერიული ავტომობილი
იქნება.
No comments:
Post a Comment