Saturday, September 7, 2013

„ლენდ როვერის“ ჰიბრიდების ქარავანი აბრეშუმის გზას დაადგა

Land Rover Takes its Prototype Hybrids on 16,000km Silk Trail Expedition
7 სექტემბერი
„ლენდ როვერმა“ სამი „რეინჯ როვერ ჰაიბრიდის“ პროტოტიპი სამოგზაუროდ მარათონულ გარბენ „აბრეშუმის გზა 2013-ზე“ გაუშვა. ექსპედიცია 53 დღე გაგრძელდება, სტარტს ბრიტანეთის ქალაქ სოლიჰალში მდებარე ქარხანაში აიღებს და ინდოეთის მუმბაიში დასრულდება. ჰიბრიდულ ავტომობილებს ჯამში დაახლოებით 16 000 კილომეტრი ექნებათ გასავლელი და სულ 12 ქვეყანაში გაივლიან.
ექსპედიცია „რეინჯ როვერ ჰაიბრიდის“ სატესტო პროგრამის ნაწილია და მის ბოლო ფაზას წარმოადგენს. ტესტების დასრულების შემდეგ, ამ ავტომობილს „ლენდ როვერის“ დილერები მიიღებენ. ეს სამი ავტომობილი სწორედ სოლიჰალის ქარხანაშია დამზადებული და ტესტირებისას, ნახევარ თვეში უკვე ჯამში 3 000 კილომეტრზე მეტის გავლა მოასწრეს. მუმბაიში მათი ჩასვლის სავარაუდო დღე 15 ოქტომბერია.
ექსპედიცია ათ ნაწილად არის დაყოფილი. „აბრეშუმის გზა 2013“ გაივლის საფრანგეთს, ბელგიას, გერმანიას, პოლონეთს, უკრაინას, რუსეთს, უზბეკეთს, ყირგიზეთს, ჩინეთს, ნეპალს და ბოლოს ინდოეთს. ავტომობილების საჭესთან „ლენდ როვერის“ განვითარების ინჟინრები და 10 ქვეყნის ჟურნალისტები იქნებიან, იმ ქვეყნებისა, რომლებზეც ექსპედიცია გაივლის.
„ექსპედიციის მარშრუტში მთიანი მონაკვეთები უდაბნოსთან შეხამებული, გავივლით ქალაქების ქაოტურ ქუჩებს და ზღვის დონიდან ძალიან მაღლა გამავალ გზებს, გაუსაძლის სიცხესა და დახუთულ ჰაერში. ეს ყველაფერი მოგზაურობას მეტისმეტადაც ართულებს და განსაკუთრებულ ხიბლსაც სძენს. საერთო ჯამში, ეს იქნება შესანიშნავი სატესტო საშუალება, რომელიც ჩვენი პირველი ჰიბრიდული ავტომობილის გამძლეობასა და ხარისხს დაადასტურებს“, - ამბობს „ლენდ როვერის“ გლობალური ბრენდ დირექტორი ჯონ ედვარდსი.
„რეინჯ როვერ ჰაიბრიდი“ და „რეინჯ როვერ სპორტ ჰაიბრიდი“ ევროპული გაყიდვები 10 სექტემბერს დაიწყება, შეკვეთების დაკმაყოფილებას კი ბრიტანული კომპანია 2014 წლის დასაწყისიდან შეუდგება. მათს ჰიბრიდულ სისტემაში გაერთიანებულია 3.0-ლიტრიანი V6 ტურბოდიზელი და ელექტრო ძრავი, რომლის სიმძლავრე 47 ცხენის ძალა, მაბრუნი მომენტი კი 170 ნიუტონმეტრია. ჯამში სისტემა 335 ცხენის ძალას და 700 ნიუტონმეტრს იძლევა.
ელექტროძრავს დამოუკიდებლად მანქანის გადაადგილების უზრუნველყოფა მხოლოდ 1.6 კილომეტრ მანძილზე შეუძლია და ამ დროს მაქსიმალური სიჩქარე შეიძლება 48 კმ/სთ იყოს. „რეინჯ როვერ ჰაიბრიდს“ 100 კილომეტრის გასავლელად 6.4 ლიტრი საწვავი ჰყოფნის, ადგილიდან ასამდე აჩქარებას კი 7 წამზე ნაკლებში ახერხებს. მაქსიმალური სიჩქარე 218 კმ/სთ-ია.

No comments:

Post a Comment