Saturday, September 14, 2013

შუმახერი: „ფერარის“ შემადგენლობა ფეთქებადია

Ferrari's 2014 lineup 'explosive' - Schumacher
14 სექტემბერი
მიხაელ შუმახერი თვლის, რომ კიმი რაიკონენის მისვლით, „ფერარიში“ ფეთქებადსაშიში სიტუაციის წინაპირობა შეიქმნა. თუმცა, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი, ვისაც ხუთი ტიტული სწორედ „ფერარისთან“ ერთად აქვს მოპოვებული, დარწმუნებულია, რომ სპორტისთვის და ფანებისთვის ეს ძალიან კარგი იქნება, რადგან „სკუდერიაში“ კონკურენცია არნახულად გაიზრდება.
„ძალიან საინტერესო საცქერი იქნება. არადა, „ფერარიში“ ფერნანდოს და კიმის ერთდროულად ყოლა ფეთქებადსაშიში ნარევია“, - ამბობს 44 წლის შუმახერი, რომელსაც ეტანხმება მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ალენ პროსტი. მისი თქმით, ცეცხლოვანი ლათინოსი ალონსო და აუღელვებელი ფინელი რაიკონენი ერთად ნებისმიერი გუნდისთვის რისკიანი სვლაა.
„თუ ვილაპარაკებ როგორც ფანი, ვიტყვი, რომ გუნდში ორი პირველი ნომრის ყოლა კარგია. ჩემი აზრით, „ფერარის“ ასეთ გადაწყვეტილებას ხელი იმ ფაქტმა შეუწყო, რომ ალონსოსა და გუნდს შორის სიტუაცია დაიძაბა. ამიერიდან, ის უდავო პირველი ნომერი აღარ იქნება. საწყის ეტაპზე მაინც. და არ მგონია, სტეფანო დომენიკალის ჟან ტოდტის, ან როს ბრაუნის მსგავსად, დაძაბულობის განმუხტვის უნარი ჰქონდეს. იტალიაში პრესისგან ყოველთვის უზარმაზარი ზეწოლა იგრძნობა. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან, პრობლემები შეიქმნება“, - ამბობს პროსტი.
სხვათა შორის, სანამ „ფერარი“ რაიკონენთან კონტრაქტს გააფორმებდა, „მაკლარენის“ შეფმა მარტინ უიტმარშმა აღიარა, რომ ფინელს თავის გუნდში იწვევდა. ისიც დარწმუნებულია, რომ ალონსო და რაიკონენი ერთად საუკეთესო კომბინაცია არაა: „ვერ წარმოვიდგენ, რომ ისინი ერთად კმაყოფილები იქნებიან. კიმისთვის სულერთია, ვინ მართავს მეორე მანქანას. მაგრამ ფერნანდოს გაუჭირდება. რა თქმა უნდა, ისინი ფორმულა ერთის საუკეთესო მრბოლებს შორის არიან და „ფერარის“ ძალიან ძლიერი შემადგენლობა ეყოლება. მაგრამ იმავდროულად, ეს გუნდს რთულ სიტუაციებს შეუქმნის“.
ამ მოსაზრებებს იტალიური პრესაც ეთანხმება. „ლა გაძეტა დელო სპორტის“ მოსაზრებით, „ფერარის“ გადაწყვეტილება არის თამამი და იმავდროულად, სახიფათოც და სიტუაცია შეადარა საქათმეს, რომელშიც ორი მამალია. „ზოგი ამბობს, რომ კიმი არ არის ალონსოს, ჰამილტონის და ფეტელის დონის, მაგრამ ეჭვიც არავის შეეპაროს, რომ ამიერიდან, გუნდი ერთ პილოტზე ვეღარ იმუშავებს“.

No comments:

Post a Comment