Friday, September 20, 2013

„კატერჰემმა“ კონცეპტუალური „აეროსევენ“ სინგაპურში გაგვაცნო (ვიდეო)

Caterham’s AeroSeven Concept Previews 2014 Production Model
20 სექტემბერი
ფორმულა ერთის სინგაპურული ეტაპის წინ, ბრიტანულმა „კატერჰემმა“, რომელიც მალაიზიელ მილიარდერ ტონი ფერნანდესს ეკუთვნის, კონცეპტუალური სპორტული ავტომობილი „აეროსევენი“ წარადგინა, რომელსაც მალე სერიული ავტომობილის სახით გამოიტანს ბაზარზე. ეს არის პირველი ავტომობილი, რომლის შემუშავებაშიც “კატერჰემის“ ჯგუფის ყველა წამყვანმა სპეციალისტმა, მათ შორის, ფ1-ის გუნდ „კატერჰემის“ წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა.
კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ რელიზში ნათქვამია, რომ ეს კონცეპცია, „კატერჰემის“ მომავალი ახალი ავტომობილების სტილის მიმართულებასაც გვიჩვენებს და იმავდროულად, სერიული მოდელის წინამორბედიცაა. მის შემუშავებაში, მონაწილეობა „რენომაც“ მიიღო, რომელიც „კატერჰემის“ პარტნიორია როგორც საგზაო სპორტული ავტომობილების ბიზნესში, ასევე ფორმულა ერთშიც. სხვათა შორის, ამ ავტომობილის ბაზაზე, ფრანგული კომპანია „ალპინის“ ბრენდით, საკუთარ სპორტულ ავტომობილს 2016 წელს გამოუშვებს.
კონცეპტუალური ავტომობილი ტრექშნ კონტროლის (წევის კონტროლი) სისტემითაა აღჭურვილი, რაც „კატერჰემის“ ისტორიაში პირველად მოხდა. ამ სისტემის წყალობით, მძღოლი მანქანის მართვით გაცილებით მეტი სიამოვნების მიღებას შეძლებს. „აეროსევენი“ კომპანიის ლეგენდარულ მოდელ „სევენის“ CSR-ვერსიის მოდიფიცირებულ პლატფორმაზეა ბაზირებული. მანქანას აქვს კარბონის ბოჭკოს კომპოზიტისგან დამზადებული ძარა, რომელსაც აეროდინამიკური ფორმა აქვს. გარდა ამისა, ავტომობილი მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო (ABS) და ლონჩ კონტროლის სისტემებითაცაა აღჭურვილი.
„აეროსევენს“ მამოძრავებელ ძალას „ფორდის“ 2.0-ლირიანი დურატეკის ატმოსფერული ძრავი ანიჭებს, რომელიც 240 ცხენის ძალას და 206 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. სიმძლავრის მაქსიმუმს აგრეგატი 8500 ბრ/წთ-ზე გასცემს, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია იმ ძრავებს შორის, რომლებიც გამონაბოლქვზე ევრო6 სტანდარტს შეესაბამება. უფრო მეტიც, ავტომობილს წონისა და სიმძლავრის ბრწყინვალე ფარდობა აქვს - პირობით ტონაზე 400 ცხენის ძალა. ძრავთან დაკავშირებულია საკუთარი წარმოების 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფით. ამ ტანდემის დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან ასის აკრეფა 4 წამზე ნაკლებში შეუძლია.
რაც მთავარია, კონცეპტუალური ავტომობილი გარეგნულად ძლიერ განსხვავდება „სევენისგან“. პირველ რიგში აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ძარა ბორბლებს სამი მხრიდან ფარავს. ამასთან, ძარის ფორმის ცვლილება, შასის აგებულებამაც მოითხოვა. თუმცა, ეს ყველაფერი თავიდანვე ჩაფიქრებული იყო. საბოლოო ჯამში, გაუმჯობესებულია როგორც ავტომობილის ვიზუალური მხარე, ასევე აეროდინამიკაც. სარბოლო ყაიდაზეა გაკეთებული საკიდარიც, რომელშიც დრეკად კვანძს და შასის შორის კავშირს ეგრეთ წოდებული მბიძგველი სისტემა (როგორიც ფ1-ის მანქანებზეა გამოყენებული) უზრუნველყოფს. წინა ბორბლების დამუხრუჭებას ოთხცილინდრიანი სისტემა უზრუნველყოფს, უკანებისას კი - ერთცილინდრიანი.
ინტერიერი სარბოლი ავტომობილის კოკპიტის სტილშია სესრულებული. რა თქმა უნდა, იქ მხოლოდ ორი სავარძელია, რომლებსაც ერთმანეთისგან ტიხარი ჰყოფს. საინტერესოდაა შესრულებული მაჩვენებლების დაფა, რომელიც ცენტრალურ კონსოლზეა გადატანილი. რაც მთავარია, ის მთლიანად ციფრულ ტექნოლოგიას (GDU - გრაფიკალ დისპლეი იუნიტ) წარმოადგენს. მის სამგანზომილებიან ეკრანზე შესაძლებელია ძრავის მუშაობის რეჟიმის, გადაცემათა კოლოფის საფეხურის, მანქანის სიჩქარის, წევის და სამუხრუჭე პარამეტრების გაკონტროლება.
სარბოლო სტილშია შესრულებული საჭის რგოლიც, რომელიც მოძრაობის რეჟიმის ასარჩევი ღილაკებითაა აღჭურვილი. „საგზაო“ რეჟიმის არჩევისას, ავტომობილი ჩვეულებრივ გზებზე სამოძრაოდ „განეწყობა“, რჟიმი „ფლეშ-თუ-პასს“ გასწრებისას გამოგადგებათ, რეჟიმი „პიტლეინ სპიდ ლიმიტერ“ სიჩქარეს შეგიზღუდავთ, როგორც ეს რბოლისას პიტლეინში შესვლის დროს ხდება. დაბოლოს, რეჟიმი „რეის“, მანქანას სარბოლოდ „განაწყობს“.
„კატერჰემი“ კონცეპტუალური „აეროსევენის“ სერიულ ვერსიას თავის დარტფორდის (ბრიტანეთი) ქარხანაში გამოუშვებს. მისი გაყიდვები 2014 წელს დაიწყება.


ვიდეო

No comments:

Post a Comment