Friday, September 13, 2013

ბუიე: რაიკონენმა შეიძლება კარიერა „ფერარიში“ დაასრულოს

Raikkonen left to 'finish career at Ferrari' - Boullier
13 სექტემბერი
„ლოტუსის“ შეფი ერიკ ბუიე ვარაუდობს, რომ კიმი რაიკონენი თავის ფ1-ის კარიერას „ფერარიში“ დაასრულებს. ის დასძენს, რომ კარგად ესმის ფინელი მრბოლის გადაწყვეტილების მოტივი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ „ფერარი“ დიდი გუნდია, ლეგენდარული წარსულით, „ლოტუსი“ კი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონობისთვის იბრძოდა, საშუალო გუნდად რჩება.
„ჩვენ საშუალო გუნდად ვრჩებით და არის არეალები, რომლებშიც ტოპ გუნდებს ჯერ კონკურენციას ვერ ვუწევთ. „ფერარი“ დიდებული ინსტიტუციაა, რომელთანაც კიმიმ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. არაა გამორიცხული, რომ თავისი კარიერის ამ დიდი გამოწვევით დასრულება სურს. არ დაგავიწყდეთ, რომ ორი წლის წინ, ჩვენ საკმაოდ გავრისკეთ, როცა მასთან კონტრაქტი გავაფორმეთ. ეს ჩვენთვის საინტერესო თავგადასავალი გამოდგა. მოკლედ, ეს ისტორია მალე დამთავრდება და სამაგიეროდ, ახალი დაიწყება“, - ამბობს ბუიე და დასძენს, რომ კიმის წასვლა მხოლოდ ფინანსური მიზეზებით არაა გამოწვეული.
„ვფიქრობ, ის უკვე კარიერის დასრულებაზეც ფიქრობს. დარწმუნებული ვარ, „ფერარიში“ მეტი ანაზღაურება ექნება. მაგრამ მის გადასვლას სხვა მიზეზიც აქვს - მას სურს, რომ კარიერა „ფერარიში“ დაასრულოს და თანაბარ პირობებში ალონსოს ეპაექროს“, - დასძენს ბუიე.
მიკა სალო, ფ1-ის ყოფილი პილოტი, ვინც რაიკონენის თანამემამულეა, დარწმუნებულა, რომ კიმიმ სწორი სწორი არჩევანი გააკეთა. მისი აზრით, მომავალი სეზონიდან უძლიერესები „მერსედესი“ და „ფერარი“ იქნებიან. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ორივე უკვე დიდი ხანია, ახალ ძრავზე მუშაობს და დანარჩენ გუნდებთან შედარებით, გაცილებით მეტი რესურსიც გააჩნიათ. ამასთან, სალო დარწმუნებულია, რომ მოწინავეთა შორის აუცილებლად იქნება „რედ ბული“.
ბევრი თვლის, რომ „ფერარი“ შეცდა, როცა თავისთან ორ ტოპ მრბოლს მოუყარა თავი. „ვერ წარმომიდგენია, რომ კიმიმ თავისი თანაგუნდელის ინტერესების გათვალისწინება დაიწყოს. ამიტომ, გარკვეული თვალსაზრისით, ალონსო უკმაყოფილო იქნება. მაგრამ ფ1-ის გუნდები ისეა ორგანიზებული, რომ რეალურად, ორ ცალკე გუნდს წარმოადგენენ, რომლებიც თავ-თავის პილოტს ემსახურებიან. ნებისმიერ შემთხვევაში, „ფერარის“ ორი გამორჩეული მრბოლი ჰყავს. თუმცა, მაინც ძველი დრო მახსენდება, როცა სენა და პროსტი ერთ გუნდში იყვნენ“, - დასძენს სალო.
მაგრამ მას ამაში არ ეთანხმება „ფერარის“ შეფი სტეფანო დომენიკალი. ის დარწმუნებულია, რომ მის გუნდს პილოტების ქიშპობასთან გამკლავება არ დასჭირდება: „თუ ვინმე თვლის, რომ კიმი იმისთვის მოვიყვანეთ, რომ ეს ანტი-ალონსოს არჩევანი იყო, ძალიან ცდება. ყველამ იცის, რომ ჩვენთან მთავარი „ფერარის“ ინტერესებია და შემდეგ დანარჩენების. დარწმუნებული ვარ, ფერნანდოს ყველაზე მეტად გაუხარდა ჩვენი არჩევანი, რადგან ამით გუნდი გავაძლიერეთ. ძლიერი გუნდი კი მხოლოდ უპირატესობის მომტანია“.
დოქტორი ჰელმუტ მარკო, ვინც „რედ ბულის“ წამყვანი ფიგურაა, ამბობს, რომ ფ1-ში ყველაზე მნიშვნელოვანი პილოტის ტიტულია და არა გუნდის. „დერ შპიგელთან“ საუბარში ის ამბობს: „რაიკონენი და ალონსო ერთად ჩვენთვის ცუდია, რადგან ისინი გუნდურ ბრძოლაში ბევრ ქულას წაგვართმევენ, რაც ბევრ ფულს დაგვაკარგვინებს. მაგრამ რაიკონენი და ალონსო ერთად კარგია ფეტელიდთვის, რადგან „ფერარის“ პილოტები ერთმანეთს ბევრ ქულას წაართმევენ“.
ალბათ, მარკო ყველაზე უკეთ მიხვდა „ფერარის“ ხელმძღვანელთა ჩანაფიქრს - მათთვის, ისევე როგორც ერთ დროს ენცო ფერარისთვის, მთავარი „ფერარის“ სახელია და ესე იგი, კონსტრუქტორთა თასი!..

No comments:

Post a Comment