დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, September 8, 2013

როს ბრაუნი „უილიამსის“ წილს ყიდულობს?

Rumour - Brawn buying into Williams?
8 სექტემბერი
ვითომ, „სილი სიზონი“ საკმარისი არ იყო, ახლა ასეთი ხმებიც ვრცელდება - მონცას პადოკში ხმა გავარდა, როს ბრაუნი მალე „უილიამსის“ თანამფლობელი გახდებაო. თანაც, ამ ინფორმაციის მთავარი გამავრცელებელი, ბრიტანული ტელეარხი „სკაია“, რომელმაც უფრო ადრე გამოაცხადა, რომ ტოტო ვოლფი, ვინც ჯერ კიდევ წინა სეზონში „უილიამსის“ ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო, ამჟამად კი „მერსედესის“ აღმასრულებელი დირექტორია, ბრიტანულ გუნდში თავისი 15-პროცენტიანი წილის გაყიდვას აპირებს.
ამჟამად ბრაუნი და ვოლფი ერთად მუშაობენ, მაგრამ სწორედ გუნდში ავსტრიელი ინვესტორის მოსვლას მოჰყვა ხმები, რომელთა მიხედვითაც, ბრაუნს სამქიმიანების დატოვება მოუწევდა. მაშინ ეს ხმები გუნდმაც და მისმა შეფმაც უარყვეს. მაგრამ შემდეგ „მერსედესმა“ „მაკლარენიდან“ პადი ლოუ გადაიბირა და ბრაუნის წასვლაზე კვლავ ალაპარაკდნენ. მაგრამ „მერსედესმა“ ეს ხმებიც ჩააწყნარა.
ახლა კი, ბრაუნისა და უილიამსის შესაძლო ურთიერთობაზე თვით „სკაი“ ალაპარაკდა, რომელიც შეუმოწმებელ ინფორმაციას იშვიათად ავრცელებს. ბრაუნი ახლა 58 წლისაა. ფ1-ში თავისი კარიერა სწორედ „უილიამსში“ დაიწყო 1970-იან წლებში. მისი ვარსკვლავი 1990-იან წლებში ამობრწყინდა, როცა „ბენტონში“ პეტ სიმონდსთან ერთად მუშაობდა და მსოფლიოს ჩემპიონის ორი ტიტული მოიპოვა მიხაელ შუმახერთან ერთად.
სხვათა შორის, ახლახანს სიმონდსი სწორედ „უილიამსს“ შეუერთდა, სადაც ტექნიკური დირექტორის მოვალეობას შეასრულებს. ამასთან, გროველები მომავალი სეზონიდან „მერსედესის“ ძრავებით ისარგებლებენ. სიმონდსს ნათქვამი აქვს, რომ „უილიამსი“ შესანიშნავ საინჟინრო პოტენციალს ფლობს, რომელსაც უმაღლესი მიზნების მიღწევა შეუძლიაო. მოკლედ, პერსპექტიული საქმეა. ბრაუნს კი ასეთ საქმეებზე კარგი „ყნოსვა“ აქვს.
გერმანული გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტი“ კი იტყობინება, რომ ვოლფი თავისი აქციების რუსი ინვესტორისთვის მიყიდვას აპირებს, რომლის ვინაობაც საიდუმლოდ რჩება. თუმცა „უილიამსის“ მრჩეველმა ალექს ვურცმა ეს ინფორმაცია უარყო. უფრო მეტიც, სხვა გამოცემები ირწმუნებიან, რომ ვოლფი თავისი აქციების გაყიდვას სულაც არ აპირებს...

No comments:

Post a Comment