Sunday, September 22, 2013

ფეტელი და დანარჩენები

Motor racing-Vettel cruises to victory in Singapore
22 სექტემბერი
სხვა შედეგს ალბათ არც არავინ ელოდა. იყო შანსი იმისა, რომ იღბალი ცოტა ხნით ზურგს შეაქცევდა სებასტიან ფეტელს, მაგრამ ესეც იშვიათად ხდება. ერთი იმედ პირველ მოსახვევში გაჩნდა, როცა ნიკო როსბერგმა შეძლო მისი გასწრება, მაგრამ მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ საკმარისად არ დაამუხრუჭა და ამან ცუდი სამსახური გაუწია. ყოველ შემთხვევაში, მოსახვევიდან გამოსვლისთანვე, ფეტელმა იოლად დაიბრუნა ლიდერის პოზიცია და აქედან მოყოლებული, წინ აღარავინ გაუშვია.
ფეტელმა 32.6 წამით აჯობა მეორეზე გასულ ფერნანდო ალონსოს, მაგრამ რომ არა შუა რბოლასი ტრასაზე უსაფრთხოების მანქანის გამოსვლა, უპირატესობას შესაძლოა წუთისთვისაც კი მიეღწია. ასეა თუ ისე, „რედ ბულის“ შეფმა კრისტიან ჰორნერმა რბოლის შემდეგ განაცხადა, ასეთი დომინანტი სებასტიანი ალბათ სხვა დროს არ ყოფილაო. სამწუხაროდ, დაჯილდოების ცერემონიისას, ფეტელს მაყურებელი ისევ უკმაყოფილო შეძახილებით და სტვენით შეხვდა...
გასაგებია, რომ მათ გამარჯვებისთვის დაძაბული ბრძლის ხილვა სურდათ და ზედიზედ მეოთხე სეზონში ერთიდაიმავე პილოტის აშკარა უპირატესობის ცქერა არ ახალისებთ, მაგრამ ფეტელის რა ბრალია, თუ „რედ ბული“ ერთი თავით სჯობს დანარჩენებს, თავად გერმანელიც ძალიან სტაბილურია და გუნდის ფავორიტის პრეროგატივითაც სარგებლობს.
აღსანიშნავია, რომ სინგაპურში რბოლა უსაფრთხოების მანქანის გარეშე არც ამჯერად ჩატარდა. 25-ე წრეზე დანიელ რიკიარდს ავარია მოუვიდა და დამცავ ზღუდესთან ჩარჩა, რის გამოც, პელოტონს სათავეში პეისკარი ჩაუდგა. ამით ბევრმა პილოტმა ისარგებლა და ბოქსებს მიაშურა. უმეტესობას რეზინი ახალი შეცვლილი ჰქონდა, მაგრამ ამის გამეორება მაშინ, როცა რბოლა შენელებული იყო, დამატებით უპირატესობას იძლეოდა. ამ უპირატესობით, რატომღაც არ ისარგებლეს „რედ ბულისა“ და „მერსედესის“ პილოტებმა, რომლებსაც იმ მომენტში მოწინავე ოთხი პოზიცია ეკავათ. მოკლედ, ამ მოუქნელობით, ფეტელის გარდა, ამ ოთხეულიდან ყველა დაზარალდა.
სამაგიეროდ, ალონსომ, რომელმაც სტარტი მეშვიდე პოზიციიდან აიღო და კიმი რაიკონენმა, ვინც სტარტზე მე-13 პოზიციაზე იდგა, აშკარად იხეირეს - ორივემ კვარცხლბეკზე ასვლა შესძლო. როსბერგმა კი, შესაძოა გამარჯვებისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა. ვებერმა საერთოდაც ვერ დაასრულა რბოლა - ბოლო სამ წრეზე მისმა „რედ ბულმა“ ტემპი დაკარგა, ბოლო წრეზე კი ცეცხლიც კი გაუჩნდა. საბოლოოდ, ავსტრალიელი ბოქსებამდე ალონსომ მიიყვანა.
ამგვარად, ფეტელმა მორიგი ნაბიჯი გადადგა მეოთხე ტიტულისკენ. ის ახლა უკვე 60 ქულას უგებს ალონსოს, რომელსაც 36 ქულით ჩამორჩება ჰამილტონი. ბრიტანელს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება რაიკონენი. შემდეგი ეტაპი ორ კვირაში სამხრეთ კორეაში ჩატარდება.

სინგაპურის დიდი პრიზი
სინგაპური. მარინა ბეი. დისტანცია 308.828 კმ (5.065 კმ, 61 წრე)
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:59:13.132
2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  +00:32.627
3. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                         00:43.920
4. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   00:51.155
5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)         00:53.159
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            01:03.877
7. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               01:23.354
8. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                        01:23.820
9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)                01:24.261
10. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)            01:24.668
11. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    01:28.479
12. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)               01:37.894
13. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                 01:45.161
14. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)            01:53.512
15გ. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                 1 წრე
16. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)  1 წრე
17. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                   1 წრე
18. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                     1 წრე
19. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                     1 წრე
20გ. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)         7 წრე
გ. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                 24 წრე
გ. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)     37 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: სებასტიან ფეტელი - 1:48.574, 46-ე წრე


მრბოლთა კლასიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი - 247 ქულა; 2. ფერნანდო ალონსო - 187; 3. ლუის ჰამილტონი 151; 4. კიმი რაიკონენი - 149; 5. მარკ ვებერი - 130; 6. ნიკო როსბერგი - 116; 7. ფელიპე მასა - 87; 8. რომენ გროჟანი - 57; 9. ჯენსონ ბატონი - 54; 10. პოლ დი რესტა - 36; 11. ადრიან სუტილი - 26; 12. სერხიო პერესი - 22; 13. ნიკო ჰულკენბერგი - 19; 14. დანიელ რიკიარდო - 18; 15. ჟან-ერიკ ვერნი - 13; 16. პასტორ მალდონადო - 1


კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბულ-რენო - 377 ქულა; 2. ფერარი - 274; 3. მერსედესი - 267; 4. ლოტუს-რენო - 206; 5. მაკლარენ-მერსედესი - 76; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 62; 7. ტორო როსო-ფერარი - 31; 8. ზაუბერ-ფერარი - 19; 9. უილიამს-რენო - 1

No comments:

Post a Comment