Saturday, September 14, 2013

ფრანკფურტის შოუს მარანელოელი ვარსკვლავი

597HP Ferrari 458 Speciale Takes Frankfurt by Storm
14 სექტემბერი
ერთი უახლესი და ერთი განახლებული ავტომობილი სრულიად საკმარისი სამუშაო ტემპია ისეთი პატარა კომპანიისთვის, როგორიც „ფერარია“. მარანელოელებმა ჯერ „ლაფერარით“ გააოცეს საავტომობილო სამყარო, ფრანკფურტში კი თავიანთი ყველაზე გაყიდვად ავტომობილის, „458 იტალიას“ ყველაზე ექსტრემალური ვერსია, „458 სპეჩალე“ წარადგინეს. გარდა იმისა, რომ მისი მახასიათებლები მნიშვნელოვნად სჯობს საბაზო ვერსიისას, ეს ავტომობილი იმითაცაა საინტერესო, რომ მასზე იტალიურმა კომპანიამ თავისი არაერთი ტექნოლოგიური სიახლე გამოიყენა. ამასთან, ამ სიახლეების დანერგვას მომავალში თავის სხვა ავტომობილებზეც აპირებს.
გარეგნულად, ავტომობილი მცირედითაა შეცვლილი, რაც ძირითადად, მისი აეროდინამიკის დახვეწის შედეგია. ავტომობილზე დააყენეს აქტიური აეროდინამიკური ელემენტები, რომლებიც პოზიციას, ავტომობილის სიჩქარის შესაბამისად იცვლის. ავტომობილი ასევე აღჭურვილია სპეციალური სარქველებით, რომლებიც წინა და უკანა ნაწილში მდებარეობს და საჭიროებისამებრ, ჰაერის ნკადს იქით მიმართავს, სადაც მეტი დატვირთვაა საჭირო. ამგვარად, შესაძლებელია ჰაერის ნაკადსა და გზის საფართან ჩაჭიდების ოპტიმალური ბალანსის შენარჩუნება. სხვათა შორის, ეს პრინციპი პირველად ფორმულა ერთში (მერსედესმა) გამოიყენეს. „ფერარი“ გვპირდება, რომ მალე ასეთი ელემენტებით მისი ყველა ავტომობილი აღიჭურვება.
 განახლება ძრავსაც შეეხო. ამიერიდან, ატმოსფერული 4.5-ლიტრიანი V8 ძრავი 597 ცხენის ძალას (9 000 ბრ/წთ-ზე) და 540 ნიუტონმეტრს (6 000 ბრ/წთ-ზე) ავითარებს. მარანელოელთა განცხადებით, ეს მათს ისტორიაში, ყველაზე მძლავრი ატმოსფერული ძრავია. უფრო მეტიც, „ფერარი“ ირწმუნება, რომ ლიტრული სიმძლავრის (133 ცხ.ძ ლიტრზე) მხრივ, ეს აგრეგატი ატმოსფერულ ძრავებს შორის, მსოფლიოში საუკეთესოა.
 ავტომობილი 1 290 კილოგრამს იწონის, რაც 90 კილოგრამით ნაკლებია სტანდარტული „458 იტალიას“ წონაზე. ამგვარად, „სპეჩალეს“ წონისა და სიმძლავრის ფარდობა 2.13 კილოგრამია ცხენის ძალაზე. ამ ყველაფრის წყალობით, ავტომობილს ადგილიდან ასის ასაკრეფად 3.0 წამი ჰყოფნის, ადგილიდან 200 კმ/სთ-მდე 9.1 წამი სჭირდება, მაქსიმალური სიჩქარე კი 325 კმ/სთ-ია. ამ ავტომობილმა „ფერარის“ ფიორანოს სატესტო ტრეკი წუთსა და 23.5 წამში გაიარა, რაც სტანდარტული „458 იტალიას“ დროზე 1.5 წამით ნაკლებია.
„ფერარის“ რელიზში ხაზგასმულია, რომ „სპეჩალეს“ კომპანიის ისტორიაში ყველაზე ეფექტური აეროდინამიკური ეფექტურობა აქვს. მისი აეროდინამიკური კოეფიციენტი 1.5-ია, რაც საუკეთესო მაჩვენებელია „ფერარის“ ყველა დროის საგზაო ავტომობილებისთვის. ჰაერის წინააღმდეგობის კოეფიციენტი 0.35-ია, ჩაჭიდების ხარისხი კი - 0.53.
გარდა ამისა, „სპეჩალე“ აღიჭურვა ახალი ელექტრონული სისტემით „საიდ სლიპ ენგლ კონტროლ“ (გვერდითა მოცურების კუთხის კონტროლი), რომელსაც „ფერარი“ SSC აბრევიატურით წარმოგვიდგენს. ამ სისტემაში გამოყენებულია ალგორითმი, რომლის დახმარებითაც, ავტომობილი მოცურების კუთხეს აკონტროლებს, ადარებს მას მოძრაობის სასურველ ტრაექტორიას და მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე, მაბრუნი მომენტის განაწილების ოპტიმიზაციას ახდენს, რისთვისაც სისტემა ტრექშნ კონტროლსა და ორ წამყვან ბორბალს შორის მომენტის განაწილების სისტემას იყენებს.
ამასთან, „სპეჩალე“ აღჭურვილია „მიშლენის“ მიერ სპეციალურად შემუშავებულ საბურავებზე „პაილოტ სპორტ კაპ 2“, რომლებიც ავტომობილის ტექნიკურ მახასიათებლებს აუმჯობესებენ. ამასთან, კარგ ჩაჭიდებას უზრუნველყოფენ სველ გზაზე მოძრაობისას. მათი წყალობით, „სპეჩალეს“ მოსახვევში 1.33g ცენტრიდანული გადატვირთვის პირობებში გავლა შეუძლია.
ჯერ ავტომობილის ფასი არ გამოქვეყნებულა. თუმცა, ბრიტანული ჟურნალი „ავტოქარი“ ვარაუდობს, რომ ავტომობილი დაახლოებით 210 000 გირვანქა სტერლინგის (330 000 დოლარის) ფარგლებში ეღირება.

No comments:

Post a Comment