Friday, September 13, 2013

„სუბარუს“ ნაცნობი კონცეპტები ფრანკფურტში

Subaru Viziv and WRX Concepts Fill Subaru’s Frankfurt Stand
13 სექტემბერი
„სუბარუმ“ კონცეპტუალური ქროსოვერი „ვიზივი“ ჟენვის მოტორ შოუზე უკვე წარადგინა, ასევე კონცეპტუალური WRX კი პირველად ნიუ იორკის ავტო შოუზე გამოფინა. და აი, იაპონურმა კომპანიამ ეს ორივე ავტომობილი ფრანკფურტშიც წარმოადგინა. ამასთან, ევროპელმა ავტომოყვარულმა პირველად იხილა WRX, რომელიც წარმოადგენს იაპონური კომპანიის ხედვას, თუ როგორი შეიძლება იყოს მისი ოთხკარიანი სპორტული სედანი.
თქმა არ უნდა, „სუბარუს“ ფანები ამაყობენ ამ ავტომობილებით, თუმცა სამწუხაროა ის ფაქტი, რომ WRX ამ სახით მხოლოდ კონცეპტუალურ ავტომობილად დარჩება, სერიული ავტომობილის დიზაინი კი, როგორც ეს თითქმის ყოველთვის ხდება, უფრო „დამშვიდებული“ იქნება. გარისკვა არც სპორტული ავტომობილების ისეთ მწარმოებელს სურს, როგორიც „სუბარუა“, არადა ასეთი თამამი დიზაინით გაცილებით მეტ ფანს შეიძენდა.
„სუბარუ WRX-ის“ გაბარიტებია: სიგრძე 4 521 მილიმეტრი, სიგანე 1 889 მილიმეტრი, სიმაღლე 1 389 მილიმეტრი, ბორბლებს შორის ბაზა კი 2 761 მილიმეტრი. ამგვარად ის მეოთხე თაობის „იმპრეზაზე“ ოდნავ მოკლე, დაბალი და განიერია, ამასთან ბაზა უფრო გრძელი აქვს. ეს ყველაფერი კი მის სპორტულ პროპორციებს ხაზს უსვამს.
სამწუხაროდ, ძრავებთან დაკავშირებით, „სუბარუმ“ საიდუმლო კვლავ არ გასთქვა. გაგვიმხილა მხოლოდ ის, რომ ავტომობილი ახალი ტურბო ძრავით და შუალედური გაგრილების ახალი სისტემით აღიჭურვება. რა მახასიათებლები ექნება აგრეგატს, ამის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი.
რაც შეეხება კონცეპტუალურ „ვიზივს“, იაპონური კომპანიის განმარტებით, ეს არის მეორე თაობის ქროსოვერის კონცეპტი, რომელიც „სუბარუს“ ავტომობილების დიზაინის ახალ მიმართულებას გვიჩვენებს. ავტომობილი აღჭურვილია ჰიბრიდული სისტემით, რონელშიც 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ოპოზიტური ტურბო დიზელი და სამი ელექტრო ძრავია გაერთიანებული. ამ სამიდან ორი უკანაა მოთავსებული, ერთი კი - წინ. პირდაპირი დანიშნულების გარდა, წინა ელექტრო ძრავი გენერატორების მოვალეობასაც ასრულებს, უკანები კი მხოლოდ ბორბლებს ატრიალებს.

No comments:

Post a Comment