Saturday, September 21, 2013

„ალფა რომეომ“ „დისკო ვოლანტეს“ წარმოების ნებართვა გასცა

Alfa Romeo Endorses Touring Superleggera to Build Disco Volante
21 სექტემბერი
საავტომობილო ძარების წარმოებაზე სპეციალიზებულ იტალიურ ატელიე „ტურინგ სუპერლეგერას“ მიერ ჟენევის შარშანდელ მოტორ შოუზე წარდგენილი კონცეპტუალური „ალფა რომეო დისკო ვოლანტე“, ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპორტული კონცეპტია მათ შორის, რომლებიც კი მთელი მსოფლიოს გამოფენებზე უჩვენებიათ. და ბუნებრივია, პროექტის ავტორს მისი მცირესერიული წარმოების სურვილი გაუჩნდა.

კონცეპტუალური „დისკო ვოლანტე“ მილანური კომპანიის სუპერ ავტომობილ „8c კომპეტიციონეზეა“ ბაზირებული, რომელსაც „ალფა“ აღარ აწარმოებს. ამიტომ გასაკვირია, როგორ აპირებს იტალიური ატელიე თავისი შედევრის წარმოებას - რაც „ალფამ“ „8c კომპეტიციონე“ გამოუშვა, ყველა გაყიდულია. თუმცა, ამას მილანლებისთვის ხელი არ შეუშლია იმაში, რომ „ტურინგ სუპერლეგერასთვის“ კონცეპტუალური ავტომობილის წარმოების უფლება მიეცათ.

თუმცა, „ტურინგ სუპერლეგერას“ რელიზში წერია, რომ „დისკო ვოლანტეს“ ყიდვის მსურველმა ჯერ ატელიეს „8c კომპეტიციონე“ უნდა მიაწოდოს და ექვს თვეში შეკვეთილ ავტომობილს ჩააბარებენ. ცნობისათვის, დონორი ავტომობილის ფასი 200 000 დოლარი იყო. „ტურინგ სუპერლეგერა“ თავისი ავტომობილის ფასს არ ასახელებს და აცხადებს, რომ ის შეკვეთის პაკეტზე იქნება დამოკიდებული. სამაგიეროდ გვპირდება, რომ მის მიერ დამზადებული ყველა ავტომობილი ორწლიან გარანტიას (გარბენის შეუზღუდავად) მიიღებს, ავტომობილის სერვისსა და რემონტს კი „ალფა რომეოს“ დილერები შეასრულებენ, რომლებსაც ყველა საჭირო სათადარიგო ნაწილს „ტურინგ სუპერლეგერა“ მიაწვდის. 
სახელით „დისკო ვოლანტე“, პირველად „ალფამ“ ავტომობილი 1952 წელს გამოუშვა. ოღონდ ეს იყო მეტსახელი, რომელიც „ალფა 1900 C52-ს“ ერგო. სწორედ ამ ავტომობილის შთაგონებით შეიქმნა „ტურინგ სუპერლეგერას“ კონცეპტუალური ავტომობილი, რომლის ძარის ელემენტებიც ალუმინის ფურცლებისგან დამზადდა. სხვათა შორის, დღეს კონცეპტუალურ ავტომობილებს ძირითადად კარბონის კომპოზიტისგან ამზადებენ, მაგრამ იტალიურ ატელიეში მისი გამოყენებისგან რატომღაც თავი შეიკავეს.
შეგახსენებთ, რომ „8c კომპეტიციონე“ აღჭურვილია „ფერარის“ წარმოების 4.7-ლიტრიანი V8 ძრავით (8c – 8 ცილინდრო), რომელიც წინაა განლაგებული. მისი სიმძლავრე 450 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 480 ნიუტონმეტრი. ძრავთან 6-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური კოლოფია დაკავშირებული, რომელიც უკანა ბორბლებს ატრიალებს. ავტომობილის წონა წინა და უკანა ღერძებს შორის, 49:51 პროპორციითაა განაწილებული. 8c-ს ადგილიდან ასის აკრეფა 4.2 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 290 კმ/სთ-ია.

No comments:

Post a Comment