Motor racing-Vettel forges ahead with Italian GP
win
8 სექტემბერი
როგორ ფიქრობთ, არსებობს კიდევ იმის შანსი, რომ
ფერნანდო ალონსო სებასტიან ფეტელს დაეწევა? გეთანხმებით, ვერა... მათ შორის არსებული
53 ქულა იმას ნიშნავს, რომ ალონსომ ორი ისეთი რბოლაც რომ მოიგოს, რომლებშიც ფეტელი
ქულასაც ვერ აიღებს, ლიდერი მაინც ეს უკანასკნელი იქნება. თანაც, „რედ ბულისთვის“
ზედიზედ ორი უქულო ეტაპიც წარმოუდგენელია. რაც შეეხება დანარჩენებს, თეორიული
შანსები ლუის ჰამილტონს და კიმი რაიკონენსაც კი აქვთ, მაგრამ გაცილებით მცირე,
ვიდრე ალონსოს. მათ ესპანელის გასწრებაც კი ძალიან გაუჭირდებათ, ფეტელზე რომ
არაფერი ვთქვათ.
ფეტელი სტარტიდანვე დაწინაურდა და მხოლოდ ერთხელ
დაუთმო ალონსოს ლიდერობა, როცა ბოქსში რეზინის შესაცვლელად შევიდა. თავიდანვე
აშკარა იყო, რომ მისი ერთადერთი რეალური მოწინააღმდეგე შეიძლებოდა წვიმა ყოფილიყო,
რომელსაც სინოპტიკოსები ვარაუდობდნენ, მაგრამ ამინდმა გერმანელს ხელი არ შეუშალა
და მანაც მონცაზე შეკრებილი უამრავი ტიფოზი დაღონებული დატოვა. ამგვარად, ფეტელმა
მონცაზე რბოლა მესაზმესამედ მოიგო, რაც მის კარიერაში 32-ე გამარჯვებაა, ამ
სეზონის 12 ეტაპზე კი - მეექვსე.
ალონსო მეორე ადგილს დასჯერდა. მან ჯერ მესამე წრეზე, რისკიანი და უზადოდ შესრულებული მანევრით გაუარა მარკ ვებერს, მერვეზე კი ფელიპე მასაც ზედ მიაყოლა, რომელმაც შესანიშნავი სტარტი აიღო და ერთხანს ფეტელს მისდევდა. თუმცა, ალონსომ რომ გაასწრო, მას მაშინვე ჩამორჩა და საბოლოოდ, მეოთხე ადგილს დასჯერდა. ვებერმა მონცაზე ფ1-ის რბოლაში ბოლოჯერ მიიღო მონაწილეობა და პირველად ავიდა კვარცხლბეკზე.
ნარბოლევს ფეტელმა აღნიშნა, რომ რბოლის დასაწყისში, საბურავებმა გარკვეული პრობლემა შეუქმნა, ბოლოს კი გადაცემათა კოლოფი გაჭირვეულდა, თუმცა მწყობრიდან არ გამოსულა და გერმანელს რბოლის დასრულების საშუალება მისცა. საოცარია, რბოლის დროს მას მსგავსი არაფერი ეტყობოდა, ისე შტამპავდა წრეებს და იყო მომენტი, როდესაც უსწრაფესი წრეც მას ჰქონდა. არადა, სტარტის წინ, გუნდმა თურმე მის კოლოფში მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე გადაცემები შეუცვალეს.
თავისი მეორე ადგილით კმაყოფილი დარჩა ალონსოც. რბოლის შემდგომ მოწყობილ სახელდახელო ინტერვიუსას, რომელსაც ჟან ალეზი და მსოფლიო ჩემპიონი ჯონ სარტიზი უძღვებოდნენ, ალონსომ განაცხადა, ეს მაქსიმუმი იყო, რაც ამ მანქანისგან შეიძლებოდა მიმეღოო. სხვათა შორის, ალონსო „ფერარის“ მანქანით მეოთხე სეზონია ასპარეზობს და მონცას რბოლის შემდეგ, ყოველთვის ახერხებს კვარცხლბეკზე ასვლას.
კიმი რაიკონენმა ზედზედ მეორე რბოლა დაასრულა უქულოდ. არადა, ბელგიამდე მას ზედიზედ 27 რბოლაში ჰქონდა აღებული ქულა, რაც ფ1-ის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. პირველ მოსახვევში კიმი უკნიდან სერხიო პერესს დაეჯახა, რა დროსაც მანქანის წინა ფრთა დაუზიანდა. ბოქსებში დაუგეგმავი ვიზიტით დაკარგული დროის ამოქაჩვა კი ვეღარ შეძლო და ფინიშის ხაზი მეთერთმეტემ გადაკვეთა.
ერთით მეტი პიტსტოპი შეასრულა ლუის ჰამილტონმაც, ვისაც საბურავების საწყისი კომპლექტი არ გამოადგა და ამის გამო, გუნდმა ბოქსში მე-12 წრეზე უხმო. მეორე პიტსტოპამდე, ბრიტანელი უკვე მეხუთე იყო, მაგრამ სწორედ ამ დროს, ბოქსში მეორედ შესვლამ უწია და პელოტონის მეორე ნაწილში ამოჰყო თავი. და მაინც, თავგამოდებით იბრძოლა, რამდენიმე მეტოქეს, მათ შორის რაიკონენსაც გაასწრო და ფინიშთან მეცხრე მივიდა. ორი წრეც რომ დარჩენილიყო, მინიმუმ ორი ადგილით წინ იქნებოდა. მაგრამ მის გამო, რბოლას წრეებს არავინ დაამატებდა.
იტალიის დიდი პრიზი
მონცა, დისტანცია 306.720 კმ (5.783 კმ, 53 წრე)
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:18:33.352
2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) +00:05.467
3. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული) 00:06.350
4. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 00:09.361
5. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი) 00:10.355
6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 00:10.999
7. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 00:32.329
8. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 00:33.130
9. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 00:33.527
10. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 00:38.327
11. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი) 00:38.695
12. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი) 00:39.765
13. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი) 00:40.880
14. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 00:49.085
15. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 00:56.827
16. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1 წრე
17. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი) 1 წრე
18. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი) 1 წრე
19. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია) 1 წრე
20. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია) 1 წრე
გ. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო) 39 წრე
გ. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 53 წრე
შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:25.849, 51-ე
წრე
მრბოლთა კლასიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი - 222 ქულა; 2. ფერნანდო
ალონსო - 169; 3. ლუის ჰამილტონი - 141; 4. კიმი რაიკონენი - 134; 5. მარკ ვებერი -
130; 6. ნიკო როსბერგი - 104; 7. ფელიპე მასა - 79; 8. რომენ გროჟანი - 57; 9. ჯენსონ
ბატონი - 48; 10. პოლ დი რესტა - 36; 11. ადრიან სუტილი - 25; 12. სერხიო პერესი -
18; 13. დანიელ რიკიარდო - 18; 14. ნიკო ჰულკენბერგი - 17; 15. ჟან-ერიკ ვერნი - 13;
16. პასტორ მალდონადო - 1
კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბულ-რენო - 352 ქულა; 2. ფერარი - 248; 3. მერსედესი
- 245; 4. ლოტუს-რენო - 191; 5. მაკლარენ-მერსედესი - 66; 6. ფორს ინდია-მერსედესი
- 61; 7. ტორო როსო-ფერარი - 31; 8. ზაუბერ-ფერარი - 17; 9. უილიამს-რენო - 1; 10.
მარუსია-კოსუორტი - 0; 11. კატერჰემ-რენო - 0
No comments:
Post a Comment