Sunday, September 1, 2013

„ნისანი“ ელექტრომობილების გამას ხუთამდე გაზრდის

Nissan’s Lineup of EVs Set to Grow to Five, Inductive Charging Desired for Infiniti Model
1 სექტემბერი
თავისი თანაალიანსელი „რენოსგან“ განსხვავებით, „ნისანი“ ჯერჯერობით მხოლოდ ერთ ელექტრომობილს - „ლიფს“ აწარმოებს, რომელიც უკვე მოერგო ბაზარს და წელს საკმაოდ კარგადაც კი იყიდება. გაყიდვების სტაბილურ ზრდას ხელ იმ ფაქტმა შეუწყო, რომ ავტომობილი გაიაფდა და იმავდროულად, მისი მახასიათებლებიც გაუმჯობესდა. და რაც მთავარია, ამერიკასა და იაპონიაში, ელექტრომობილებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა სწრაფი ტემპით ვითარდება.
პირველ შვიდ თვეში, შარშანდელთან შედარებით, ამერიკაში დაახლოებით 3.3-ჯერ მეტი „ლიფია“ გაყიდული. იაპონური კომპანია ამჟამად მას სმირნას (შტატი ტენესი) ქარხანაში აწარმოებს, რომელსაც წლიურად 150 000 ავტომობილის და 200 000 ცალი ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკის წარმოება შეუძლია. ამგვარად, „ლიფის“ გარდა, ამავე ქარხანაში მინიმუმ კიდევ ორი ელექტრომობილის წარმოებაა შესაძლებელი. და „ნისანი“ ამ შესაძლებლობის გამოყენებას აპირებს.
„ნისან ამერიკას“ კვლევისა და განვითარების უფროსმა ვიცე პრეზიდენტმა კარლა ბაილომ განაცხადა, რომ მისი კომპანიის ელექტრომობილების გამა მალე ხუთამდე გაიზრდება. ადრე გეგმაში სულ სამი ელექტრომობილის წარმოება შედიოდა. „ლიფის“ გარდა იგეგმებოდა ამავე ავტომობილის ბაზაზე შექმნილი „ინფინიტის“ მოდელის (ფოტოზე) და მინივენ NV200-ის წარმოება. ეს უკანასკნელი მალე ნიუ იორკის ტაქსის მოვალეობის შესრულებას დაიწყებს.
სხვათა შორის, „ინფინიტის“ მოდელისთვის, ინდუქციური (მავთულის გარეშე) დამუხტვის ტექნოლოგიის დანერგვა იგეგმება. ამ ავტომობილს უფრო ადრეც გამოუშვებდნენ, მაგრამ აღნიშნული ტექნოლოგია არ იყო იმდენად დახვეწილი, რომ სერიულ ავტომობილზე გამოეყენებინათ. ამ ტექნოლოგიას „ნისანი“ აუცილებლად დანერგავს თავის ყველა ელექტრომობილზე, მაგრამ პირველ რიგში, ის პრემიუმ ბრენდ „ინფინიტისთვის“ არის განკუთვნილი.

რაც შეეხება დარჩენილ ორ მოდელს, ბაილოს ისინი არ დაუკონკრეტებია. თუმცა, ადვილი სავარაუდოა, რომ იაპონური კომპანია „რენო ტვიზის“ ტიპის ავტომობილს გამოუშვებს. მეორეზე კი ჯერ ვარაუდიც ძნელია.

No comments:

Post a Comment