Ford Builds Two Millionth EcoBoost Engine
Worldwide
18 სექტემბერი
„ფორდმა“ სერია „ეკობუსტის“ უკვე ორი მილიონი ძრავი
გამოუშვა. ამ ტურბო აგრეგატების წარმოება ამერიკულმა კომპანიამ 2009 წელს დაიწყო
და მას შემდეგ, შესაშური ეკონომიურობისა და სიმძლავრის წყალობით, ისინი მზარდი პოპულარობით
სარგებლობენ. მეორმილიონე აგრეგატია ლუისვილის (შტატი კენტუკი) ქარხანაში
გამოშვებული 2.0-ლიტრიანი ძრავი, რომლითაც
კომპაქტური ქროსოვერი „ისკეიპი“ აღიჭურვება.
„ფორდის“ რელიზში ნათქვამია, რომ მისი ქარხნები
თვეში „ეკობუსტის“ სერიის 100 000 ძრავს აწარმოებენ. შედარებისთვის, შარშანდელი
საშუალო მაჩვენებელი 65 000 ძრავი იყო. ცისფერი ოვალი მარტო წელს 1.2 მილიონი
„ეკობუსტის“ გამოშვებას გეგმავს, რაც შარშანდელზე დაახლოებით 60 პროცენტით მეტია.
ამგვარად, მალე ეკობუსტ ძრავების წარმოება, გლობალური მასშტაბით გამოშვებული დზელის
ძრავების წარმოების მოცულობას გადააჭარბებს.
სერია ეკობუსტს ძრავები მცირე ლიტრაჟით და
შემცირებული ცილინდრებით გამოირჩევა. ისინი აღჭურვილია ტურბო დამჭირხნით და
საწვავი ნარევის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემით. გამანაწილებელ
სისტემას კი სარქველების გახსნა-დახურვის ცვალებადი ფაზები აქვს. ამ ყველაფრის
წყალობით, მნიშვნელოვნად მცირდება (20 პროცენტამდე) საწვავის ხარჯი და იზრდება
სიმძლავრე, რომელიც უფრო დიდი ზომის ბენზინის ძრავების დონეს აღწევს.
სერია ეკობუსტის ოჯახში შედის: 1.0-ლიტრიანი
სამცილინდრიანი, 1.5-ლიტრიანი, 1.6-ლიტრიანი და 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი და 3.5-ლიტრიანი
V6 ძრავები. „ფორდს“ სურს, რომ ამ სერიის ძრავების დაყენება, მის სამოდელო გამაში
შემავალი ავტომობილების 80 პროცენტზე გახდეს შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ ქროსოვერ „ისკეიპის“ 90 პროცენტი
სწორედ სერია ეკობუსტის ძრავებით (1.6 და 2.0-ლიტრიანი) არის დაკომპლექტებული. სედან
„ფიუჟნის“ შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი ჯერ მხოლოდ 50 პროცენტია. ამ ავტომობილზე
1.5, 1.6 და 2.0-ლიტრიანი ძრავები დგება. ტენდენციას არც ამერიკის ბაზრის ყველაზე
გაყიდვადი ავტომობილი, F-150 სერიის პიკაპები ჩამორჩა, რომელთა 42 პროცენტიც
3.5-ლიტრიანი V6-ით კომპლექტდება.
ევროპაში,
დიზელის ძრავების პოპულარობის გამო, „ეკობუსტიზაცია“ შედარებით ნელი ტემპით მიმდინარეობს.
ამასთან, აქ ყველაზე პატარა, 1.0-ლიტრიანი აგრეგატია პოპულარული. მაგალითად, „B-მაქსის“
43 პროცენტი სწორედ ამ ძრავით გამოდის. ეკობუსტის წილი 32 პროცენტს აღწევს „ფოკუსზე“,
26 პროცენტს „ფიესტაზე“ და 24 პროცენტს „C-მაქსზე“. აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში
გაყიდული „კუგას“ 95 პროცენტი 1.6-ლიტრიანი ეკობსტითაა აღჭურვილი. იგივე სერიის ძრავებს,
ამ რეგონში გაყიდული „ეჯის“ 90 პროცენტსა და „მონდეოს“ 62 პროცენტზე ნახავთ.
No comments:
Post a Comment