Sunday, August 25, 2013

დანი სორდომ პირველად მოიგო WRC რბოლა

Sordo claims maiden win at Rallye Deutschland
25 აგვისტო
უკვე ათი წელია, რაც ესპანელი დანი სორდო რალის მსოფლიო ჩემპიონტზე ასპარეზობს, პირველი გამარჯვება კი გერმანიაში მოიპოვა. არადა, იმ 106 რბოლიდან, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო, თითქმის მესამედი - 34 კვარცხლბეკზე დაასრულა. კარგა ხანს მას „სიტროენი“ სებასტიან ლოების მემკვიდრედაც კი თვლიდა, მაგრამ ამ პოტენციალის რეალიზება აქამდე იმავე ლოების „წყალობით“ ვერ ხერხდებოდა.
სორდოს ბოლომდე დაძაბული ბრძლა ჰქონდა ბელგიელ ტიერი ნოივილთან, რომელსაც ბოლო სპეცმონაკვეთის მიწურულს შეცდომა მოუვიდა და ამით გამარჯვების შანსი დაკარგა. ამ სპეცმონაკვეთის წინ, ესპანელი მხოლოდ სამ წამს იგებდა, საბოლოოდ კი 53.0 წამი მოიგო. არადა, ამ სპეცმონაკვეთის განმავლობაში, ნოივილს ორჯერ ჰქონდა გასწრების რეალური შანსი.
„ჩემთვის ეს განსაკუთრებული მომენტია. ტიერი ძალიან სწრაფი იყო და მთელი რბოლის განმავლობაშ, ამოზუნთქვის საშუალება არ მომცა. თავიდან ცოტა ვინერვიულე კიდეც, მაგრამ შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ამ გამარჯვებაზე მრავალი წელია, ვოცნებობდი“, - განაცხადა 30 წლის ესპანელმა.
რბოლას ადრევე გამოეთიშა ჩემპიონატის ლიდერი სებასტიან ოჟიე, ვისაც თავისი „ფოლკსვაგენ პოლო R-ის“ საკიდარი ავარიისას დაუზიანდა და რბოლა ვეღარ გააგრძელა. არადა, იმ მომენტში რბოლის ლიდერი იყო. ფრანგის ავარიის შემდეგ, ლიდერობა მისმა თანაგუნდელმა იარი-მატი ლატვალამ იგდო ხელთ, რომელსაც კვალში სორდო და ნოივილი ჩაუდგნენ. თუმცა მეორე დღე ლიდერის რანგში ბელგიელმა დაასრულა.
მესამე დღეს ისევ ლატვალა დაწინაურდა, თუმცა მალე ავარია მოუვიდა და ლიდერობა სორდოს გადააბარა, რომელიც დღის ბოლოს ნოივილს მხოლოდ 0.8 წამს უგებდა. რბოლის ბოლო დღის თრილერზე კი დრამა ბოლო სპეცმონაკვეთზე გათამაშდა. მართალია, მოგება ვერ შეძლო, თუმცა ნოივილმა ამ შედეგითაც შეძლო მეორე ადგილის დასაკუთრება, რომელსაც მანამდე ლატვალასთან იყოფდა. აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში ნოივილის ანგარიშზე უკვე სამი მეორე ადგილი და ერთიც მესამე ადგილია. არადა, WRC-ში პირველ სრულ სეზონს ატარებს.
კვლავ შესანიშნავად იასპარეზა რობერტ კუბიცამ, ვინც თავის კლასში (WRC2) მოიგო, აბსოლუტურში კი მე-5 ადგილს დასჯერდა. მოსალოდნელია, რომ მომავალ სეზონში, თუ პოლონელი რალიში დარჩენას გადაწყვეტს, „სიტროენი“ მას WRC-ს ეკიპაჟს ჩააბარებს.
საინტერესოა, რომ გერმანიის რალის, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარში 2002 წლიდანაა, მხოლოდ „სიტროენის“ ეკიპაჟები იგებენ და სორდოს გამარჯვება ამ მხრივ ტრადიციის გაგრძელებადაც იქცა.

გერმანიის რალი
1. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი)                   3:15:19.400
2. ტიერი ნოივილი (ბელგია, ფორდი)                           +00:53.000
3. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, სიტროენი)                      02:36.100
4. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი)                          08:00.800
5. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, სიტროენი)                09:01.300
6. ელფინ ევანსი (ბრიტანეთი, ფორდი)                        09:14.200
7. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფოლკსვაგენი)       09:55.000
8. ჰეიდენ პადონი (ახ.ზელანდია შკოდა)                    13:01.200
9. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, ფორდი)                        13:28.100
10. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, ფორდი)                      15:17.900

მრბოლთა კლასიფიკაცია
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) - 184 ქულა; 2. ტიერი ნოივილი - 109; 3. იარი-მატი ლატვალა - 98; 4. დანიელ სორდო - 96; 5. მიკო ჰირვონენი - 88; 6. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) - 68; 7. მადს ოსტბერგი - 67; 8. მარტინ პროკოპი - 49; 9. ევგენი ნოვიკოვი - 40; 10. ნასერ ალ-ატია (კატარი, ფორდი) - 30; 11. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, ფოლკსვაგენი) - 26; 12. ელფინ ევანსი - 16; 13. რობერტ კუბიცა - 14...

კონსტრუქტორთა თასი
1. ფოლკსვაგენ მოტორეშპორტი - 262 ქულა; 2. სიტროენ ტოტალ აბუ დაბი WRT - 236; 3. კატარ WRT - 127; 4. კატარ M-სპორტ WRT - 126; 5. ჯიპოკარ ჩეხ ნეიშნლ ტიმ - 51; 6. აბუ დაბი სიტროენ ტოტალ WRT - 37; 7. ფოლკსვაგენ მოტორშპორტ II - 26; 8. ლოტოს WRC ტიმ - 20

No comments:

Post a Comment