Wednesday, August 28, 2013

„ფორდის“ კონცეპტუალური „S-მაქსი“ - ახალი მინივენი ევროპისთვის

New Ford S-MAX Concept Previews Next Gen Minivan
28 აგვისტო
ფრანკფურტის მოტორ შოუზე, „ფორდის“ სტენდის ერთ-ერთი სიახლე, საშუალო ზომის კონცეპტუალური მინივენი „S-მაქსი“ იქნება, ავტომობილი, რომელსაც ამერიკული კომპანია პირველ რიგში, ევროპული ბაზრისთვის გამოუშვებს. რა თქმა უნდა, ეს ავტომობილიც ცისფერი ოვალის ახალ გლობალურ სტილშია შესრულებული, რომლის დამახასიათებელი ნიშნებიცაა რადატორის ცხაური და თითქმის წინა საყრდენის ქვედა წერტილამდე დაგრძელებული წინა ფარები.
ავტომობილს შეუნარჩუნდა და დაეხვეწა მისთვის დამახასიათებელი პროფილი, რომელსაც თითქმის ტეხილის გარეშე დაკავშირებული კაპოტი და საქარე შუშა ქმნის. შუშა სახურავშიც გადადის და მას თითქმის ბოლომდე გაჰყვება, რითაც სალონში ღია ავტომობილის ეფექტს ქმნის. სალონს სივრცე ისედაც არ აკლია და მასში სავარძლების განლაგების არაერთი კომბინაციაა შესაძლებელი. ამასთან, სავარძლების რიცხვი ოთხიდან შვიდამდე იცვლება.

სხვა სიახლეებს შორისაა ორგანული შუქდიოდური წინა ფარები. სალონში ყურადღებას იქცევს მაჩვენებლების დაფა, რომელზეც ჩვეულებრივზე ნაკლები მაჩვენებელია მოთავსებული. მათი გამოტანა შესაძლებელია სპიდომეტრისა და ტახომეტრის მრგვალ ციფერბლატებს შორის მოთავსებულ ეკრანზე. მულტიმედიური სისტემის მართვა კი სენსორული ცენტრალური მონიტორით შეიძლება. მასზევე შეიძლება ნავიგაციის და სხვა საჭირო ინფორმაციის გამოტანა. სისტემასთან შეიძლება ტაბლეტ-კომპიუტერის შეერთება. რა თქმა უნდა, ავტომობილს მუდმივი კავშირი (უკაბელო) აქვს ინტერნეტთან, რის საშუალებასაც „ფორდ SYNC“ და „მაიფორდ ტაჩ“ სისტემები იძლევა. საინტერესო სიახლეს გვთავაზობს სისტემა „SYNC აპლინკი“, რომელიც მძღოლს ხმოვანი სიგნალით გასართობი სისტემის კონტროლის საშუალებას აძლევს. SYNC ასევე მძღოლის პულსის გასინჯვა და სისხლში შაქრის შემცველობის შეუძლია.

სალონის გასაფორმებლად, მაღალი ხარისხის მასალები, მათ შორის, ეგრეთ წოდებული ძალიან რბილი ტყავი გამოიყენეს. ორიგინალური სავარძლები კი კარბონისა და ტყავის გამოყენებითაა დამზადებული. ასეთი სავარძლები, მაქსიმალურად კომფორტული მგზავრობისთვისაა შემუშავებული. მესამე რიგში განლაგებულია თხელი სავარძლები, რომლებიც ადვილად იკეცება. მეორე რიგში სავარძლები ისეა განლაგებული, რომ მესამე რიგში გადასვლა ადვილი იყოს.

რა თქმა უნდა, „S-მაქსი“ უსაფრთხოების სისტემებითაა გაჯერებული. შესაბამის სენსორებთან დაკავშირებული სისტემა, ავარიის და წინიდან ფეხმავალთან დაჯახების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ, რისთვისაც წინდაწინ აამოქმედებს მუხრუჭებს. ეკიპირებაში შედის ავტომატური პარკირების სისტემა, რომელიც საჭის, გაზის და მუხრუჭის გარდა, გადაცემათა კოლოფსაც აკონტროლებს და შეუძლია, დამოუკიდებლად მართოს ავტომობილი, როცა ის ან უნდა დადგეს პარკირებაზე, ან დატოვოს პარკირების ადგილი.
ავტომობილის ძრავების გამაში შევიდა უახლესი 1.5-ლიტრიანი ეკობუსტი, რომელიც 180 ცხენის ძალას და 240 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა ავტომობილის დინამიკური მახასიათებლები და საწვავის ხარჯის მონაცემები.

No comments:

Post a Comment