Thursday, August 8, 2013

„ინფინიტიმ“ კომპაქტურ კონცეპტ Q30-ის ტიზერი გამოაქვეყნა

Infiniti Releases Sketch for Frankfurt-Bound Q30 Compact Concept
8 აგვისტო
„ინფინიტიმ“ ინტერნეტით თავისი ახალი კომპაქტური კონცეპტუალური პრემიუმ ავტომობილის, Q30-ის ესკიზი გამოაქვეყნა. ავტომობილი კონცეპტუალურ „ეთერეას“ მოგვაგონებს, რომელიც იაპონურმა კომპანიამ ორი წლის წინ გვიჩვენა. ეს არის ექსპერიმენტული ავტომობილი, რომელსაც ფრანკფურტის მოტორ შოუზე გვიჩვენებენ და რომელშიც „ინფინიტის“ კომპაქტური ავტომობილების მომავალი სტილია ასახული.
„კონცეპტუალური Q30 არის პრელუდია პროდუქციის ექსპანსიისა, რომელიც გლობალური მასშტაბით ჩვენი ზრდის სტრატეგიას შეესაბამება. ჩვენ ვცდილობთ თანამედროვე, ახალგაზრდულად მოაზროვნე პრემიუმ მომხმარებლის მოზიდვას, რაშიც განსაკუთრებული სტილის მქონე კონცეპტი Q30 დაგვეხმარება“, - ამბობს „ინფინიტის“ პრეზიდენტი იოჰან დე ნისხენი.
ეს არის პირველი ავტომობილი, რომელიც კომპანიის ახალ მთავარ დიზაინერ ალფონსო ალბაისას ხელმძღვანელობით შეიქმნა. ამასთან, „ინფინიტი“ ირწმუნება, რომ ავტომობილის შემუშავებაში მონაწილეობა თვით ფორმულა ერთის სამგზის ჩემპიონმა, სებასტიან ფეტელმა მიიღო, ვინც ახლახანს „ინფინიტის“ ავტომობილების სრულყოფის შტოს დირექტორად და მთავარ ექსპერტად დაინიშნა. მისი სახელი კი ავტომობილს ძალიან გამოადგება ისეთ კონკურენტებთან ბრძოლაში, როგორებიცაა „ბეემვეს“ პირველი სერია და „მერსედეს-ბენცის“ A-კლასის.
ალბაისა ამბობს, რომ Q30-ზე მუშაობისას, შთაგონების წყაროდ ჰეპარდის უზადო სხეული გამოიყენა. „როდესაც ისეთ დიდ კატებს უყურებ, როგორიც ჰეპარდია, ყურადღებას მათს ახოვან და მოქნილ სხეულს, მსუბუქ ნაბიჯებს აქცევ. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ თითქოს დაცურავენ. სწორედ ესაა ის აღნაგობა, როგორიც ჩვენი კონცეპტუალური ავტომობილისთვის შევარჩიეთ“, - ამბობს ალბაისა.
კონცეპტუალური Q30-ის ბაზაზე სერიული ავტომობილის წარმოებას „ინფინიტი“ 2015 წელს დაიწყებს ბრიტანეთის ქალაქ სანდერლენდის ქარხანაში, რომელიც წლიურად მხოლოდ 50 000 ასეთ ავტომობილს გამოუშვებს.

No comments:

Post a Comment