Friday, August 30, 2013

„მაკლარენმა“ P1 თითქმის ბოლომდე გაჰყიდა

McLaren P1 Nearly Sold Out
30 აგვისტო
ბრიტანულ ჟურნალ „ავტოქარის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „მაკლარენმა“ თითქმის მთლიანად გაჰყიდა თავისი უახლესი სუპერ ავტომობილი P1, რომლის შეძენაც ახლა მხოლოდ ევროპაშიღაა შესაძლებელი და იქაც სულ რამდენიმე ცალიღა დარჩა. ამავე ინფორმაციით, უკვე დიდი ხნის ამოწურულია ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონების ლიმიტები.
პოტენციურ მყიდველთათვის ყველაზე ცუდი ისაა, რომ „მაკლარენი“ არ აპირებს წინასწარ განსაზღვრული ტირაჟის გაზრდას. ბრიტანულმა კომპანიამ ამ ავტომობილის პრეზენტაციაზე გამოაცხადა, რომ მხოლოდ 375 ცალ P1-ს დაამზადებდა. მართალია, „მაკლარენს“ გაცილებით მეტის გამოშვებაც შეუძლია და სიძვირის (სასტარტო ფასი 1 მილიონი ევროა) მიუხედავად, ამაზე ორჯერ მეტის რეალიზებაც არ იქნება პრობლემა, მაგრამ „ფერარის“ მსგავსად, კომპანიაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ექსკლუზიურობის შენარჩუნებას.
სუპერ ავტომობილი ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი, რომელშიც 3.8-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8 და ელექტრო ძრავია გაერთიანებული. სისტემის ჯამური სიმძლავრე 900 ცხენის ძალაზე მეტია. P1-ს ადგილიდან ასის აკრეფა 3 წამზე ნაკლებში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 350 კმ/სთ-ია.
„მაკლარენმა“ თავისი სუპერ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა ჟენევის წლევანდელ მოტორ შოუზე ჩაატარა, ამერიკელებს კი პირველად ახლახანს, პებლ ბიჩის (შტატი კალიფორნია) ელეგანტურობის კონკურსზე წარუდგინა.

No comments:

Post a Comment