Thursday, August 8, 2013

სამცილინდრიანი ტურბო - „ოპელის“ ახალი სიამაყე

New All-Aluminum 3-Cylinder Turbo Sets Refinement Benchmark
8 აგვისტო
კონცეპტუალური „მონცას“ და განახლებული „ინსიგნიას“ გარდა, „ოპელს“ ფრანკფურტის გამოფენაზე კიდევ ორი სიახლე ექნება. ესაა ბენზინის სამცილინდრიანი, 1.0-ლიტრიანი ტურბო ძრავი და უახლესი 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი, რომელიც საშუალო მაბრუნი მომენტის მქონე ძრავებისთვის სპეციალურადაა შექმნილი. ახალი ძრავი არამხოლოდ ეკონომიურია და გარემოსადმი მეგობრული, არამედ ოთხცილინდრიანებზე ნაკლებად ხმაურიანიცაა და ნაკლები ვიბრაციაც ახასიათებს. 
ახალი ძრავის სიმძლავრე 115 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 166 ნიუტონმეტრი. თავისთავად, ეს რიცხვები ცალკე აღებული, არაფერს გვეუბნება. მაგრამ თუ დავამატებთ, რომ მაქსიმალურ მომენტს ძრავის ბრუნთა რიცხვის ფართო დიაპაზონში, კერძოდ კი 1800-დან 4700 ბრ/წთ-მდე ავითარებს, შთამბეჭდავი იქნება. 1.0-ლიტრიანი SIDI ტურბო (SIDI - სპარკ იგნიშნ, დაირექტ ინჯექშნ, ანუ ნაპერწკლით აალება და უშუალო შეფრქვევა) მთელს თავის სამუშაო დიაპაზონში უფრო მეტ მომენტს გამოიმუშავებს, ვიდრე იგივე სიმძლავრის, უფრო დიდი ლიტრაჟის მქონე ძრავები. ამასთან, „ოპელის“ 1.6-ლიტრიან ატმოსფერულ ძრავთან შედარებით, საწვავის ხარჯი 20 პროცენტით არის შემცირებული.
„ოპელი“ ამ ძრავს პირველად პატარა „ადამზე“ მომავალი წლიდან გამოიყენებს. და მას ასევე ახალ კოლოფს შეუწყვილებს, რომელიც მის წინამორბედზე დაახლოებით 30 პროცენტით მსუბუქია. 1.0-ლიტრიან აგტეგატს 12 სარქველი ემსახურება, ანუ ცილინდრზე 4. ეს არის ძრავების ახალი, მოდულური ოჯახის წარმომადგენელი, რომელშიც სამ და ოთხცილინდრიანი ძრავები შევა. ამ ოჯახში ყველაზე დიდი მუშა მოცულობა 1.6 ლიტრი იქნება. ყველა ძრავზე, უშუალო შეფრქვევის და ტურბო კომპრესორის გარდა, მუდმივად ცვალებადი ფაზების მქონე გაზგამანაწილებელი სისტემაც შევა. ყველა ძრავის ბლოკი ალუმინისგან ჩამოისხმება, რაც სიმსუბუქეს განაპირობებს. „ოპელი“ გვპირდება, რომ ახალი ძრავები ძალიან ეკონომიურიც იქნება და მათს გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა 100 გრამს არ ასცდება.
„ამ პატარა ძრავის შემუშავებისას, ჩვენ მიზნად არამხოლოდ საწვავის ხარჯის და გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობის შემცირება დავისახეთ, არამედ ასევე გვსურდა იმის დემონსტრირებაც, რომ სამცილინდრიანი ძრავი ისეთივე დახვეწილი შეიძლება იყოს, როგორიც ოთხ და მეტცილინდრიანებია. ჩვენი ამოცანა იყო სასურველი ბალანსის მიღწევა, ხმაურის და ვიბრაციის შემცირება, რაც სამცილინდრიანი ძრავებისთვის ტიპიური პრობლემებია ხოლმე. დარწმუნებულნი ვართ, მომხმარებელი სასიამოვნოდ გაოცდება, როცა ჩვენი გარჯის საბოლოო შედეგს ნახავს. ეს არის ძალიან დახვეწილი სამცილინდრიანი ძრავი, რომელიც მართვის სიამოვნებასაც არ მოგაკლებთ“, - ამბობს „ოპელის“ პატარა ბენზინის ძრავების მთავარი ინჟინერი, დოქტორი მათიას ალტი.
„ოპელს“ ძრავებთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს. 2012-2016 წლებში გერმანული კომპანია 13 ახალი ძრავის შემუშავებას გეგმავს. ეს ძრავები სამ ოჯახში გაერთიანდება. ამ პროგრამის პირველი ორი ძრავი, ბენზინის და დიზელის 1.6-ლიტრიანი ტურბოებია, რომლებსაც 1.0-ლიტრიანთან ერთად, „ჯენერალ მოტორსის“ სენტგოტარდის (უნგრეთი) ქარხანა უშვებს.

No comments:

Post a Comment