Friday, August 9, 2013

„იაგუარი“ ალუმინის საწყისი დონის ავტომობილებს გამოუშვებს

Jaguar plans all-aluminum entry-level cars, reports say
9 აგვისტო
„ფაინენშლ ტაიმსი“ იტყობინება, რომ მალე „იაგუარი“ თავისი სამოდელო გამის ყველაზე პატარა ავტომობილების მთელი ოჯახის წარმოებას დაიწყებს, რომლებშიც ინტენსიურად იქნება გამოყენებული ალუმინი. ახალ ოჯახში შევა როგორც სედანი, უნივერსალი და ქროსოვერი. ამ ავტომობილებით, ბრიტანული კომპანია კონკურენციას „ბეემვეს“ მე-3 სერიას და „მერსედეს-ბენცის“ C-კლასს გაუწევს.
საავტომობილო ბაზრის ანალიტიკოსები თვლიან, რომ ახლა საუკეთესო მომენტია იმისათვის, რომ „იაგუარმა“ საკუთარი სამოდელო გამის გაფართოება დაიწყოს. ამის საშუალებას კი ნათესავი „ლენდ როვერის“ (ორივე ინდური „ტატას“ ჯგუფში შედის და ერთ კომპანიადაა გაერთიანებული) წარმატებები იძლევა. უკვე ცნბილია ისიც, რომ „იაგუარი“ უგზოობის ავტომობილების (ევოუკის და ფრილენდერის შედარებით იაფ ვერსიებს) წარმოებასაც დაიწყებს.
ახალ ავტომობილებს „იაგუარი“ სოლიჰალის ქარხანაში გამოუშვებს, რომელიც ადრე მხოლოდ „ლენდ როვერის“ ავტომობილებს აწარმოებდა. ისინი მთლიანად ალუმინისგან დამზადებულ შასიზე აიგება. ალუმინს კი „იაგუარ ლენდ როვერი“ საუდის არაბეთის კომპანიისგან მიიღებს, რომელთანაც კონტრაქტი შარშან გაფორმდა.
„იაგუარ ლენდ როვერს“ შემუშავებული აქვს გეგმა, რომლის შესაბამისადაც, ოთხი წლის განმავლობაში, ყოველწლიურად დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი დაიხარჯება ახალი ავტომობილების გამოსაშვებად და საწარმოების ასაშენებლად, ან გადასაიარაღებლად.
უკვე ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ინდურმა „ტატა მოტორსმა“ „ფორდისგან“ ეს ორი ბრიტანული კომპანია გამოისყიდა. და თუ ადრე „იაგუარსაც“ და „ლენდ როვერსაც“ მუდმივად პრობლემები ჰქონდათ, ამჟამად სიტუაცია რადიკალურადაა შეცვლილი, რაც „ლენდ როვერის“ პროდუქციაზე მოთხოვნილების არნახულმა ზრდამ განაპირობა. თავის მხრივ, ეს ზრდა, „ტატას“ მიერ განხორციელებულმა ინვესტიციებმა განაპირობა. ახლა კი „იაგუარის“ ჯერიც დგება.
„იაგუარ ლენდ როვერის“ გაყიდვები წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 14 პროცენტით, 210 190-მდე არის გაზრდილი. აქედან მხოლოდ 20 პროცენტი მოდის „იაგუარზე“, რაც „ტატას“ ხელმძღვანელობას, „იაგუარში“ ინვესტირებისკენ უბიძგებს. ბრიტანული კომპანია თავის ახალ გეგმას ფრანკფურტის მოტორ შოუზე გაგვაცნობს.

No comments:

Post a Comment