Tuesday, August 13, 2013

გორდონ მარის ორი ჯუჯა კიონვეიერზე დადგება

Murray T25 and T27 confirmed for production
13 აგვისტო
სახელოვანმა ბრიტანელმა ინჟინერმა გორდონ მარიმ, ვინც სახელი ფორმულა ერთში განხორციელებული რამდენიმე პროექტით და სუპერ ავტომობილ „მაკლარენ F1-ის“ შექმნით გაითქვა, გამოაცხადა, რომ მის მიერ შემუშავებული ორი ჯუჯა ავტომობილის - შიდაწვისძრავიანი T25-ის და ელექტრომობილ T27-ის წარმოების უფლება ერთ-ერთმა დიდმა კომპანიამ (მისი სახელი ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება) შეისყიდა, რომელიც მათ ბაზარზე 2016 წელს გამოუშვებს.
ორივე ავტომობილი სამადგილიანია (1+2 ფორმულით). ამასთან, მძღოლის სავარძელს ცენტრალური, წინ წაწეული პოზიცია უკავია. T25 შიდაწვის ძრავითაა აღჭურვილი. ესაა „სმარტის“ 660 კუბურსანტიმეტრიანი აგრეგატი, რომლის სიმძლავრეც 51 ცხენის ძალამდეა გაზრდილი. T27 კი ამავე ავტომობილის ელექტრული ვერსიაა, რომლის ძრავიც 35 ცხენის ძალას ავითარებს. ელექტრომობილის სვლის სიშორე 160 კილომეტრს აღწევს.

მცირე გაბარიტების წყალობით, ორივე ავტომობილი ძალიან მანევრულია. სამი ასეთი ჯუჯა დაახლოებით იმდენივე ადგილს იკავებს, რამდენსაც ერთი კომპაქტური ავტომობილი. გარდა ამისა, მარიმ შეიმუშავა წარმოების უახლესი სისტემა „აისტრიმ“, რომელიც საჭირო ინვესტიციის მოცულობასაც ამცირებს, საწარმოს ფართობსაც და წარმოებისთვის საჭირო ენერგიასაც.

T25 მხოლოდ 575 კილოგრამს იწონის. შედარებისთვის, „სმარტის“ წონა 750 კილოგრამია. მარის ჯუჯას სიგრძე მხოლოდ 2400 მილიმეტრია, სიგანე 1300 მილიმეტრი, სიმაღლე კი - 1400 მილიმეტრი. მისი მოხვევის რადიუსი მხოლოდ ექვსი მეტრია. ავტომობილი ფოლადის მილებით შეკრულ ჩარჩოზეა აგებული, მისი ძირი კარბონის კომპოზიტისგან დამზადდა. მას წინაც და უკანაც დამუკიდებელი საკიდარი აქვს. გარდა ამისა, აღჭურვილია მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემით, ტრექშნ კონტროლით, სტაბილიზაციის სისტემით და უსაფრთხოების ბალიშითაც კი.

ორივე ჯუჯას მხოლოდ თითო ჩასაჯდომი კარი აქვს. ის წინ იღება და მანქანას სანახევროდ აშიშვლებს. უკანა ორი სავარძელი იკეცება და წარმოქმნის საკმაოდ ზორბა საბარგულს, რომლის მოცულობაც 720 ლიტრია. სავარძლების დაუკეცავად კი მისი მოცულობა მხოლოდ 160 ლიტრია. დაკიდევ, სადგომზე, სადაც კომპაქტური ავტომობილი ბორდიურის პარალელურად დგება, სამ T25-ს პერპენდიკულარულად შეუძლია დადგომა.


გორდონ მარი ამბობს, რომ ამ ორი ავტომობილისა და ტექნოლოგია „აისტრიმის“ გარდა, კიდევ ოთხი კონტრაქტი გააფორმა, ოღონდ ისინი არ დაუკონკრეტებია. ამასთან, განაცხადა, რომ ეს პროექტები „აისტრიმთან“ არაა დაკავშირებული. ის გვპირდება, რომ წლის ბოლომდე კიდევ ორ პროტოტიპს გაგვაცნობს. აღსანიშნავია, რომ კომპანია „გორდონ მარი დიზაინმა“ თავისი შტატი 30 ახალი თანამშრომლით გაზარდა, რათა შეკვეთების გაზრდილი რაოდენობის მომსახურება შეძლოს. გარდა ამისა, კომპანიამ თავისი ბაზის მეზობლად, ორი ახალი შენობაც დაიქირავა.

No comments:

Post a Comment