Tuesday, August 6, 2013

უკან მომავალში „ოპელის“ კონცეპტუალურ ავტომობილებთან ერთად

IAA Legends: Back to the Future with Visionary Opel Concept Cars
6 აგვისტო
კონცეპტუალური ოპელ მონცა
ფრანკფურტის მოტორ შოუზე, „ოპელის“ მთავარი ექსპონატი, კონცეპტუალური „ოპელ მონცა“ იქნება, რომელიც გვიჩვენებს, რას უნდა ველოდოთ რიუსელსჰაიმური საავტომობილო კომპანიისგან უახლოეს მომავალში. ეფექტურობა და ჩართულობა - ესაა ორი ძირითადი მიმართულება, რომლებსაც „ოპელი“ თავისი მომავალი თაობის ავტომობილების შემუშავებისას პრიორიტეტს მიანიჭებს.
„კონცეპტუალური „მონცა“ არის „ოპელის“ მომავლის ჩვენეული ხედვა სუფთა სახით. მისი წარმოდგენით, ჩვენ ვაგრძელებთ „ოპელის“ ძველ ტრადიციას, რომელიც IAA-ზე ყოველთვის ნოვატორული კონცეპციით გამოსვლას გულისხმობს. ბოლოს და ბოლოს, „ოპელი“ პირველი ავტომწარმოებელია ევროპაში, რომელმაც ექსპერიმენტული ავტომობილი შექმნა და IAA-ს 1965 წლის გამოფენაზე გაიტანა“, - ამბობს „ოპელის“ მთავარი აღმასრულებელი, დოქტორი კარლ-თომას ნოიმანი.
ოპელ ექსპერიმენტალ GT
მართალია, ფრანკფურტის უკლებლივ ყველა გამოფენაზე, „ოპელი“ ეპოქალური კონცეპტუალური ავტომობილებით ვერ გვანებივრებს, მაგრამ ისე ხდება, რომ მისი ბევრი კონცეპტი, რომლებსაც ფრანკფურტში აჩვენებს, ახალი ტრენდების მიმართულებას გვიჩვენებენ ხოლმე. კონცეპციების შექმნის საქმეში, „ოპელი“ ევროპეთა შორის პიონერია. ყველაფერი კი „ოპელამდეც“ გაცილებით ადრე, დიდმა „ჯენერალ მოტორსმა“ დაიწყო, როცა მსოფლიოში პირველმა, 1938 წელს კონცეპტუალური „ბიუიკ Y-ჯობ“ შექმნა. სწორედ აქედან იღებს სათავეს კონცეპტუალური ავტომობილების ისტორია. გენერლების შვილობილი „ოპელი“ ამ ტრენდს გაცილებით გვიან, 1965 წელს შეუერთდა, როცა ფრანკფურტის შოუ „ექსპერიმენტალ GT-ით“ გააოცა.
ოპელ CD
ეს იყო ხელმისაწვდომი, სპორტული ოცნების ავტომობილი, რომელიც პრესამაც, სპეციალისტებმაც და დამსწრე საზოგადოებამაც დიდი ენთუზიაზმით მიიღეს. და... სამ წელიწადში კონცეპცია რეალობად იქცა. „ოპელ GT“ გახდა პირველი ევროპული კონცეპტუალური ავტომობილის სერიულად გარდაქმნის პირველი ნიმუში. და ახალი ეპოქის დასაწყისი. აქედან მოყოლებული, კონცეპტუალური ავტომობილის შექმნა, ყველა კომპანიისთვის თანდათან საწარმოო პროცესის ნაწილი გახდა.
რიუსელსჰაიმში პირველ კონცეპტუალურ წარმატებას არ დასჯერდნენ და 1969 წელს, იმავე ფრანკფურტში, მორიგი კონცეპცია - „ოპელ CD“ წარადგინეს. ეს იყო გრან ტურიზმოს ბაზაზე შექმნილი ავტომობილი, რომელიც „ოპელ დიპლომატის“ ტექნოლოგიებით აღიჭურვა. შემდგომში ეს კონცეპციაც დაიხვეწა და ის მცირე რაოდენობით დამზადდა კიდეც.


შესანიშნავი მანქანები და ტექნოლოგიური გარღვევები
„ოპელის“ წამოწყება იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ მალე მას ყველა ევროპულმა კომპანიამ მიბაძა და მათ თავიანთი კონცეპციების შექმნას მიჰყვეს ხელი. თავიდან კონცეპტუალურობა მხოლოდ გარეგნულ მხარეს ეხებოდა. მაგრამ ნავთობის პირველმა კრიზისმა, პირველად წარმოქმნა საწვავის დაზოგვის საჭიროება. ინჟინრებმა დაიწყეს ფიქრი აეროდინამიკაზე და მთლიანობაში, ენერგიის ეფექტურაად ათვისებაზე. გაჩნდა ახალი პრიორიტეტები - უსაფრთხოება და ინტერიერის მოწყობა.
ოპელ GT2
1975 წლის ფრანკფურტის მოტორ შოუ „ოპელმა“ კონცეპტუალური GT2-ით გააოცა, რომელსაც ფუტურისტული ექსტერიერი ჰქონდა. ავტომობილს გამოარჩევდა უცნაური ფორმები და მოსრიალე კარები. მისი ინტერიერიც დროს უსწრებდა: ღრმა სავარძლები, ციფრული დისპლეი, ურთიერთშენაცვლებადი მოდულები და საბორტო კომპიუტერიც კი!
ოპელ TECH 1
მორიგი ფურორი „ოპელის“ კონცეპციამ 1981 წელს მოახდინა. ავტომობილი, სახელად TECH 1, უფრო სწორედ, მისი წინა ნაწილი, ფაქტობრივად სედან „ომეგას“ წინამორბედი გახდა. ეს სახელი პირველად „ოპელის“ გამაში ხუთი წლის შემდეგ გამოჩნდა. კონცეპციის მთავარი ღირსება კი მისი აეროდინამიკურად დახვეწილი ფორმები იყო. თავად განსაჯეთ, მისი წინააღმდეგობის კოეფიციენტი მხოლოდ 0.235-ს შეადგენდა. ასეთი მაჩვენებლით, მწარმოებლები ახლაც იამაყებდნენ. საინტერესო იყო ინტერიერიც, სადაც უხვად გამოიყენეს ელექტრონული ციფრული მაჩვენებლები და სენსორული ღილაკები, რომლებიც მუხრუჭების, აქსელერატორის და გადაბმულობის გარდა, პრაქტიკულად ყველა ფუნქციას აკონტროლებდნენ.
ოპელ ჯუნიორი
იმ პერიოდში, მარკეტოლოგებმა, ინჟინრებმა და დიზაინერებმა დაიწყეს ფიქრი ხელმისაწვდომი ავტომობილების შექმნაზე, რომლებიც ახალ მომხმარებელს მოიზიდავდა. ესენი უნდა ყოფილიყვნენ ახალგაზრდები, ქალები და მზარდი ქალაქების მცხოვრებლები. ამ მოთხოვნების შესაბამისად შეიქმნა (1983 წელს) მორიგი კონცეპტუალური ავტომობილი - „ოპელ ჯუნიორი“. მისი სიგრძე სულ რაღაც, 3.41 მეტრი იყო, 210 მილიმეტრით მოკლე პირველი თაობის „კორსაზე“, რომელიც ბაზარზე ერთი წლით ადრე გამოვიდა. ეს ავტომობილი შეიძლება უახლესი „ადამის“ შორეულ წინამორბედად ჩაითვალოს. ამ ავტომობილს ინტერიერიში ბევრი საინტერესო რამ ჰქონდა. მაგალითად, მისი სავარძლების შალითები შეიძლებოდა საძილე ტომრებად გამოგეყენებინათ. რაც მთავარია, ავტომობილი სრულიად ქმედითი სანავიგაციო სისტემითაც აღიჭურვა!
ოპელ G90
შემდეგ აქტუალობა შეიძინა გამონაბოლქვზე ევროპის უახლესმა სტანდარტმა (ევრო 4, 2005 წელს). მოწინვე ინჟინერიისა და დიზაინის დპარტამენტმა შეიმუშავა მომავლის სუფთა კონცეპტუალური ავტომობილი, რომელსაც ძალიან მცირე გამონაბოლქვი უნდა ჰქონოდა - „ოპელ G90 კონცეპტი“. ეს ავტომობილი ფრანკფურტის 1999 წლის მოტორ შოუზე გამოიფინა. ავტომობილი სიმსუბუქით (მხოლოდ 750 კილოგრამს იწონიდა) გამოირჩეოდა. აღჭურვილი იყო ბენზინის 3-ცილინდრიანი ძრავით, ჰაერის წინააღმდეგობის კოეფიციენტი კი მხოლოდ 0.22 ჰქონდა. ავტომობილი ყოველი კილომეტრის გავლისას ატმოსფეროს მხოლოდ 90 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებდა.
ოპელ ფროგსტერი
შემდეგი იყო (2001 წელს) „გიჟური, სექსუალური, მაგარი“ კონცეპტუალური ავტომობილი, ასევე სუბკომპაქტური „ფროგსტერი“. ამ ავტომობილს არ ჰქონდა ჩვეულებრივი სახურავი. მას ერთგვარი ჟალუზი ცვლიდა, რომელიც ელექტრონულად იმართებოდა. სალონში ოთხი ინდივიდუალური სავარძელი იყო მოთავსებული, რომელთა ნაწილის დაკეცვის შემდეგაც, ავტომობილი როდსტერი, კაბრიოლეტი, ან პიკაპიც კი ხდებოდა. ამისათვის კი შესაბამის ღილაკზე თითის დაჭერა იყო საკმარისი.
ოპელ ინსიგნია
ორი წლის შემდეგ, „ოპელმა“ ფრანკფურტში კონცეპტუალური „ინსიგნია“ წარადგინა, რომელიც კომპანიის პრემიუმ ამბიციებზე მიუთითებდა. მან საფუძველი დაუდო ფლაგმან სედან „ინსიგნიას“. ამასთან, „ოპელის“ ახალი კორპორატიული სტილიც განსაზღვრა, რომელიც მალე მის ყველა მოდელზე აისახა. ეს იყო პროგრესული, ელეგანტური გარეგნობის მქონე ავტომობილი, რომელშიც არაერთი ტექნოლოგიური სიახლეც გამოიყენეს (მაგალითად, შუქდიოდური ფარები).


ელექტრული ამძრავების ეპოქის დასაწყისი
„ჯენერალ მოტორსთან“ ერთად, „ოპელი“ ერთ-ერთი პირველი ავტომწარმოებელია, რომელმაც ახალ, ელექტრომობილების ტრენდს დაუდო დასაბამი. ამ მიმართულებით პირველი მერცხალი 2007 წელს, ისევ ფრანკფურტში გამოჩნდა კონცეპტუალური „ფლექსტრიმის“ სახით. ამ ავტომობილის მთავარი ღირსება, მისი ინოვაციური არქიტექტურა E-ფლექს იყო. ამ ავტომობილით, 55 კილომეტრის გავლა, ელექტრომობილის რეჟიმში შეიძლებოდა, რის საშუალებასაც ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი იძლეოდა.
ოპელ ფლექსტრიმი
ძალურ სისტემაში ასევე შედიოდა დიზელის პატარა ძრავი და მასთან დაკავშირებული გენერატორი. ამ ტანდემის დანიშნულება ელექტრო ენერგიის გამომუშავება იყო, რომელიც ელემენტებში გროვდებოდა. ამგვარად, შესაძლებელი გახდა სვლის სიშორის მნიშვნელოვნად გაზრდა. ასეთი ძალური დანადგარით აღჭურვილ ავტომობილს ასი კილომეტრის გასავლელად 1.54 ლიტრი საწვავი ჰყოფნიდა, გამონაბოლქვში CO2-ის შემცველობა კი ყოველ კილომეტრზე 40 გრამი იყო.
ოპელ RAK e
შემდგომში, „ფლექსტრიმის“ წინა ნაწილის გაფორმებამ სერიულ „ოპელ ამპერაზე“ გადაინაცვლა, რომელიც ბაზარზე 2011 წელს გამოვიდა (მანამდე მისი პრემიერა ისევ ფრანკფურტში გაიმართა). „ამპერა“ სწორედ კონცეპტუალურ ავტომობილზე გამოყენებული ტექნოლოგიებით აღიჭურვა. იმავე წელს, ამ მანქანამ ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილის წოდება მოიპოვა.

„ამპერას“ წარმოება რომ დაიწყო, იმავე წლის ფრანკფურტის გამოფენაზე, „ოპელმა“ კიდევ ერთი ელექტრონული კონცეპცია, უცნაური სახელით „RAK e“ გვიჩვენა. ეს არის ექსპერიმენტული, ძალიან მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც სამოძრაოდ მინიმალური ენერგია სჭირდება. ის შესანიშნავი პირველი ავტომობილი შეიძლება იყოს თინეიჯერებისთვის.
დაბოლოს, „მონცა“. კონცეპტუალური „ინსიგნიას“ მსგავსად, „მონცამაც“ კომპანიის ახალი კორპორატიული სტილის განვითარების მიმართულება უნდა გვიჩვენოს. ამ ავტომობილს ჯერ მხოლოდ ფოტო ტიზერებით ვიცნობთ. რომლებზეც მისი წინა ნაწილია გამოსახული. მისი ფორმები გვეუბნება, რომ რიუსელსჰაიმში სტილის რადიკალურად შეცვლა აქვთ გადაწყვეტილი და შესაძოა, აქცენტს ახალგაზრდების გულის მოგებაზე აკეთებენ. მის შესახებ უფრო მეტს ფრანკფურტის მოტორ შოუს პრესის დღეებში (10-11 სექტემბერს) შევიტყობთ.

No comments:

Post a Comment