Friday, August 30, 2013

„ფორდმა“ ამერიკაში „ფიუჟნის“ წარმოება დაიწყო

Flat Rock Assembly Plant Begins Ford Fusion Production
30 აგვისტო
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ ფლეტ როკის (შტატი მიჩიგანი) ქარხანაში, საშუალო ზომის სედან „ფიუჟნის“ წარმოება დაიწყო. ამგვარად, ამ პოპულარულ სედანს, რომელიც უკვე სერიოზულ კონკურენციას უწევს ამერიკის ბაზარზე სედანების კლასის ლიდერებს, „ტოიოტა ქემრის“ და „ჰონდა აკორდს“, შეერთებულ შტატებში არსებულ ქარხანაში პირველად გამოუშვებენ.
სხვათა შორის, ფლეტ როკის ქარხანა პოპულარულ მასკლ ქარ „მუსტანგს“ აწარმოებს და არცთუ შორეულ წარსულში, „მაზდა6-საც“ უშვებდა. იმისათვის, რომ „ფიუჟნის“ წარმოება შესაძლებელი გამხდარიყო, ქარხანაში გადაიარაღება ჩატარდა (რასაც 555 მილიონი დოლარის ინვესტიცია დასჭირდა) და მისი შტატი 1 400 ახალი თანამშრომლით შეივსო. ამგვარად, „ფიუჟნის“ წარმოება 30 პროცენტით, ანუ 100 000 ერთეულით გაიზარდა და 350 000-ს მიაღწია.

მეორე ქარხანა, სადაც „ფორდი“ თავის პოპულარულ სედანს აწარმოებს, მექსიკის ქალაქ ჰერმოსილოში მდებარეობს. ეს ქარხანა სრული სიმძლავრით მუშაობს და იქ წარმოების გაზრდა ვეღარ მოხერხდა. სწორედ ამიტომ, ცისფერმა ოვალმა „ფიუჟნის“ წარმოება ფლეტ როკის ქარხნის ხარჯზე გაზარდა. თუმცა სავარაუდოდ, „ფიუჟნზე“ მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება ფლეტ როკის ქარხნის ხარჯზეც ვერ მოხერხდება, რის გამოც, „ფორდი“ ამ სედანის წარმოებისთვის მესამე ქარხანასაც ამზადებს, რომელიც მისი დეტროიტული შტაბ-ბინდან სამხრეთით, 20 კილომეტრში მდებარეობს.
„თავისი გაბედული დიზაინისა და საწვავის ეკონომიური მოხმარების წყალობით, „ფიუჟნის“ გაყიდვებმა ჩვენს პროგნოზებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. ფლეტ როკში „ფიუჟნის“ წარმოების დაწყება, ჩვენი აქციონერებისთვის მეტად მომგებიანი იქნება. ამასთან, მომხმარებელი, დილერებიც და ამ ქარხანაში მომუშავენიც კმაყოფილნი დარჩებიან“, - ამბობს „ფორდ ამერიკას“ პრეზიდენტი ჯოი ჰინრიხსი.

No comments:

Post a Comment