Tuesday, August 27, 2013

„ფორდი“ „ფიუჟნის“ წარმოებას ზრდის და „ქემრის“ გაეჯიბრება

Ford poised to ramp up Fusion output to challenge Camry
27 აგვისტო
ათ წელზე მეტია, ამერიკის ბაზარზე, სედანეზების კლასის უცვლელი ბესტ სელერი „ტოიოტა ქემრია“, თუმცა მის ბატონობას შეიძლება მალე წერტილი დაესვას. იაპონური ავტომობილისთვის ხიფათის შემცველია „ფორდ ფიუჟნის“ მზარდი პოპულარობა. იმდენად მზარდი, რომ ცისფერი ოვალი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ძლივს ასწრებს. ძალიან მალე, ამერიკული კომპანია „ფიუჟნის“ წარმოებას, დეტროიტის გარეუბანში მდებარე ფლეტ როკის ქარხანაშიც შეუდგება.
აღსანიშნავია, რომ „ფიუჟნი“ „ქემრიზე“ 2 300 დოლარით ძვირია, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც ძალიან კარგად იყიდება. წელს მისი გაყიდვები 13 პროცენტით არის გაზრდილი. „ტოიოტა ქემრის“ გაყიდვები კი 0.6 პროცენტით შემცირდა. ფლეტ როკის ქარხანაში „ფორდმა“ 1 400 ახალი თანამშრომელი აიყვანა, რაც წლიურად 100 000 „ფიუჟნის“ გამოშვების საშუალებას მისცემს. სულ კი ფლეტ როკის ქარხნის საწარმოო სიმძლავრე 450 000 ავტომობილამდე გაიზარდა.
აქამდე „ფიუჟნს“ ცისფერი ოვალის მხოლოდ ერთი, ჰერმოსილოს (მექსიკა) ქარხანა აწარმოებდა, სადაც ასევე „ლინკოლნ MKZ-ს“ უშვებენ. ამ ქარხნის საწარმოო სიმძლავრე 350 000 ავტომობილია, რომელთა უმეტესობა სწორედ „ფიუჟნია“. ფლეტ როკში წარმოების დაწყებით კი „ფიუჟნის“ წლიური წარმოება 450 000-ს მიაღწევს. შედარებისთვის, „ტოიოტას“ ჩრდილოეთ ამერიკაში 475 000 „ქემრის“ წარმოება შეუძლია, „ჰონდას“ კი 450 000 „აკორდის“ წარმოების საშუალება აქვს.
საინტერესოა, რომ წლის განმავლობაში, „ფიუჟნის“ ფასი 5.8 პროცენტით, 26 343 დოლარამდე გაიზარდა. ამგვარად, საშუალო ზომის სედანების კლასში, მასზე ძვირი მხოლოდ „ფოლკსვაგენ პასატია“. „ტოიოტა ქემრის“ ფასი კი პირიქით - 2 პროცენტით შემცირდა და 23 965 დლარია, რითაც კლასში მე-11 ადგილი უკავია.
სამაგიეროდ, უკვე 11 წელია, რაც იაპონური ავტრომობილი ამერიკაში ყველაზე კარგად გაყიდვადი სედანია. უფრო მეტიც, ბოლო 16 წლის განმავლობაში, 15 წელი იყო პირველი. რაც შეეხება „ფორდს“, ბოლოს მის სედანს (ტაურასს) პირველობა 1990 წლებში ეკავა. ამერიკულ კომპანიაში კარგად ესმით, რომ ფლეტ როკის ქარხნის დამატებითი სიმძლავრის ამოქმედების შემდეგაც, „ქემრის“ უკან ჩამოტოვებას ვერ შეძლებენ და ეს მიზნად არც დაუსახავთ. მოსალოდნელია, რომ „ფიუჟნის“ წარმოება 360 000-ს მიაღწევს. მთავარი კი ისაა, რომ ცისფერი ოვალი „ფიუჟნზე“ გაზრდილი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას შეძლებს.

No comments:

Post a Comment