Wednesday, August 21, 2013

კონცეპტუალური „მონცა“ – „ოპელის“ მომავალი

Monza Concept: This Is Opel Tomorrow
21 აგვისტო
მსოფლიო პრემიერამდე სამიოდ კვირით ადრე, „ოპელმა“ თავისი ახალი კონცეპტუალური ავტომობილის, „მონცას“ ფოტოები და მის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. კომპანიის განმარტებით, ამ კონცეპტუალური ავტომობილის სახით, „ოპელის“ შემდეგი თაობის მოდელების სტილს ვხედავთ.
„კონცეპტუალური „მონცა“ „ოპელის“ ავტომობილების ხვალინდელ დღეს ხედავთ. ერთი მხრივ, მასში ხორცშესხმულია ყველაფერი, რაც ისედაც ახასიათებს „ოპელს“ - გემანული სიზუსტე უახლეს ტექნოლოგიებთან არის შერწყმული და ეს ყველაფერი მიმზიდველ დიზაინში არის შერწყმული. გარდა ამისა, მასში ნახავთ იმ თემებს, რომელთა განვითარებასაც „ოპელი“ თავის შემდგი თაობის ავტომობილებზე აპირებს: მაქსიმალურ ჩართულობას და ოპტიმალურ ეფექტურობას“, - ნათქვამია „ოპელის“ მთავარი აღმასრულებლის, დოქტორ კარლ-თომას ნოიმანის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ „ოპელი“ სახელ „მონცას“ ადრეც იყენებდა. ამ სახელით ავტომობილს 1977 წლიდან უშვებდა, რომელიც ბაზარზე 1986 წლამდე დარჩა და პოპულარობით სარგებლობდა. ეს იყო სხარტი, მსუბუქი, ექვსცილინდრიანი ძრავით აღჭურვილი ავტომობილი. „ოპელის“ განმარტებით, ახალი კონცეპტუალური „მონცა“, თავისი წინამორბედის სულისკვეთებას გააგრძელებს.
კონცეპტუალური „მონცა“ კომპანიის დიზაინის ვიცე პრეზიდენტ მარკ ადამსის ხელმძღვანელობით შეიქმნა. ავტომობილში გაგრძელებულია ეგრეთ წოდებული სკულპტურული დიზაინი, რომელიც პირველად „ინსიგნიზე“ გამოიყენეს. კვლავ აქტურლურია ბუმერანგის მსგავსი ფორმები, რომლებმაც უფრო მსხვილი მასშტაბი მიიღო. ბუმერანგის ფორმებს ადვილად აღმოაჩენთ წინა ფარებსა და მათ ქვეშ არსებულ ჰაერის ზორბა ამღებებში.
ყველაზე საინტერესო ფორმებს ავტომობილის გვერდხედში აღმოაჩენთ. სახურავს თუ დააკვირდებით, ის რბილად, კუპეს სტილში გადადის უკანა კარში და უკანა ფარების სილუეტში მთავრდება. ამ სილუეტის ბოლო ნაწილში უზარმაზარ უკანა საყრდენს აღმოაჩენთ. ამ სილუეტის საპირისპირო მიმართულება აქვს ქვედა „ბუმერანგს“, რომელიც სათავეს წინა საყრდენის ქვედა ნაწილში იღებს და უკანა ბორბლის თაღის წინა კიდესთან მთავრდება. თუ ბორბლებსაც კარგად დააკვირდებით, მათში 9-9 ბუმერანგის ფორმის წკირს აღმოაჩენთ.
რა თქმა უნდა, აღნიშვნას იმსახურებს უზარმაზარი, თოლიას ფრთის ტიპის კარები, რომლებიც პრაქტიკულად მთელ ბაზას იკავებენ. ამის გამო, ავტომობილს არ აქვს შუა საყრდენი. სამაგიეროდ, სალონში შესვლა და იქიდან გადმოსვლა მაქსიმალურად გაადვილებულია. რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტა სერიულ ავტომობილებში არ გადაინაცვლებს.
კონცეპტუალური „მონცას“ სიგრძე 4690 მილიმეტრია, სიმაღლე 1310 მილიმეტრი. სამწუხაროდ, მისი სიგანის შესახებ „ოპელს“ რელიზში არაფერი აქვს ნათქვამი. სამაგიეროდ გვამცნობს, რომ ავტომობილის ძირი სერიული „ოპელებისაზე“ 150 მილიმეტრით დაბლა ზის. ამგვარად, სიმძიმის ცენტი მნიშვნელოვნად დაბლა დაიწევდა. 500 ლიტრია საბარგულის მოცულობა.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ინტერიერის აღჭურვილობა, სადაც გამოყენებულია შუქდიოდური პროექცირების ტექნოლოგია. ამ ტექნოლოგიის მთავარი თვისება ისაა, რომ პროეცირების ერთ ზედაპირს იყენებს. სხვათა შორის, სწორედ პირველი „მონცა“ იყო ის ავტომობილი, რომელზეც 35 წლის წინ პირველად გამოიყენეს შუქდიოდური ტექნოლოგია. 18 ცალი შუქდიოდური პროექტორი მრავალფუნქციურ და ადაპტირებად დისპლეის ქმნის. სხვათა შორის, ეს ტექნოლოგია პირველად დედოოფალ ელიზაბეთის იუბილეს დროს გამოუყენებიათ და „ოპელმა“ მისი საავტომობილო მრეწველობაში დანერგვა სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა.
დაბოლოს, ძალური დანადგარის შესახებ: ფრანკფურტში „ოპელი“ გამოფენს ავტომობილს, რომელიც ელექტრო ძრავითაა აღჭურვილი. ძალურ დანადგარში ასევე შევიდა შიდაწვის ძრავი, რომლის დანიშნულებაც, ავტომობილის სვლის სიშორის გაზრდაა. საერთო ჯამში, ეს იმ ტიპის დანადგარია, როგორსაც „ოპელი“ პლაგ-ინ ჰიბრიდულ „ამპერაზე“ იყენებს. ოღონდ, სიახლე ისაა, რომ შიდაწვის ძრავი შეკუმშულ ბუნებრივ აირზე მუშაობს. თანაც, ეს არის 1.0-ლიტრიანი SIDI ტურბო, რომლის მსოფლიო პრემიერაც ასევე ფრანკფურტში შედგება.

No comments:

Post a Comment