Tuesday, August 27, 2013

„ფოლკსვაგენის“ ელექტრიფიკაცია ფრანკფურტში იწყება

World premieres of the e-Golf and e-up! as leading duo
27 აგვისტო
ვოლფსბურგული საავტომობილო გიგანტის ელექტრო პიონერები კომპაქტური „e-გოლფი“ და ჯუჯა e-up! იქნებიან. ამ ავტომობილების ფრანკფურტული მსოფლიო პრემიერით, „ფოლკსვაგენი“ თავისი ისტორიის ახალ ნაწილს დაიწყებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ მიიღებს მათ ბაზარი. კარგად რომ მიიღებს, ამის გარანტიას კი ორივეს მახასიათებლები იძლევა.
ორივეს გამორჩეული თვისება აქვს - ელექტრულ „გოლფს“ ელემენტების სრული დამუხტვით, 190 კილომეტრის გავლა შეუძლია, ჯუჯა e-up! კი, როგორც ვოლფსბურგელები ირწმუნებიან, მსოფლიოში ყველაზე ეკონომიური ელექტრომობილია - 3 ევრო საკმარისია იმისათვის, რომ 100 კილომეტრი გაგატაროთ, ამაში კი ელემენტების ბლოკი ეხმარება, რომლის ტევადობაც 11.7 კილოვატსაათია.
ელექტრულ „გოლფს“ მამოძრავებელ ძალას ერთი ელექტრო ძტავი ანიჭებს, რომლის სიმძლავრე 115 ცხენის ძალაა, მაბრუნი მომენტი კი - 270 ნიუტონმეტრი. ამ აგრეგატის დახმარებით, კომპაქტურ ჰეჩბეკს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 10.4 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი 140 კმ/სთ-ს აღწევს. ელექტრულ „გოლფს“ ასი კილომეტრის გასავლელად 12.7 კილოვატსაათი ელექტრო ენერგია სჭირდება, რაც გერმანიაში 3.30 ევრო ღირს (31 ივლისის მონაცემებით). მისი ელემენტების ბლოკის ტევადბა კი 24.2 კილოვატსაათია.
ჯუჯა e-up! უფრო პატარა ძრავითაა აღჭურვილი, რომლის სიმძლავრე 80 ცხენის ძალაა, მაბრუნი მომენტი კი - 210 ნიუტონმეტრი. ამ აგრეგატით, ავტომობილი ადგილიდან ასის აკრეფას 12.4 წამს უნდება, მაქსიმალური სიჩქარე კი 130 კმ/სთ-ია. 100 კილომეტრის გასავლელად, მას 11.7 კილოვატსაათი ელექტრო ენერგია ჰყოფნის, რაც გერმანიაში 3.03 ევრო ღირს (31 ივლისის მონაცემებით). ამ ავტომობილს ელექტრო ენერგიით ელემენტების ბლოკი კვებავს, რომლის ტევადობაც 18.7 კილოვატსაათია.
სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ამ ორივე ავტომობილის ყველაზე დიდი ნაკლი, მათი ფასია. „e-გოლფი“ გერმანიაში 40 000 ევროდან დაიწყება, e-up! კი გაცილებით იაფი - 19 000 ევრო ეღირება. თუმცა, მის მყიდველს, ელემენტების ბლოკის საფასურის ლიზინგის წესით გადახდა მოუწევს და ეს თვეში 60 ევრო დაუჯდება. ან ლიზინგის გარეშე, ავტომობილი 26 900 ევრო ეღირება.

No comments:

Post a Comment