Saturday, August 3, 2013

„ფორდის“ ახალგაზრდა ინჟინრის „საზრიანი“ გადამრთველი (ვიდეო)

Rookie Ford engineer Creates Useful Vibrating Shift Knob
3 აგვისტო
„ფორდის“ ახალგაზრდა ინჟინერმა ზაქარი ნელსონმა შეიმუშავა უცნაური მოწყობილობა, რომელიც ახალბედა მძღოლებს, მექანიკური გადაცემათა კოლოფის საფეხურების დროულად გადართვის მიჩვევაში დაეხმარება. მოწყობილობა შედგება გადასართველის სახელურისგან, რომელიც სამგანზომილებიან პრინტერზეა „ამობეჭდილი“, მინიატურული მონიტორისგან და „მაიკროსოფტ იქსბოქს 360-ის“ ჯოისტიკის მიკროძრავისგან.
მოწყობილობა შემდეგნაირად მუშაობს: ავტომობილის სადიაგნოსტიკო პორტს უერთდება ბლიუთუთ მოდულით აღჭურვილი ადაპტერი, რომელიც კომპიუტერს ძრავის ბრუნვების და ავტომობილის სიჩქარის მონაცემებს აწვდის. სპეციალური პროგრამა აანალიზებს მიღებულ ინფორმაციას, რომლის შესაბამისადაც, სახელურში მოთავსებული მიკროძრავით გამოწვეული ვიბრაციით, მძღოლს ანიშნებს, რომ გადაცემის საფეხურის შეცვლის დროა.
მოწყობილობის ავტორი, ვინც „ფორდის“ დირბორნულ კვლევით ცენტრში მუშაობს, ამბობს, რომ გადასართველის ასეთი სახელურის გამოყენება სხვა მიზნებისთვისაც შესაძლებელია. ამისთვის კი პროგრამის შეცვლაც საკმარისი იქნება. მაგალითად, „საზრიან სახელურს“ შეუძია საფეხურის შეცვლა გიკარნახოთ როგორც ეკონომიურ, ასევე სპორტულ რეჟიმში მოძრაობის შესაბამისად.

ნელსონმა თავისი მოწყობილობა „შელბი მუსტანგ GT500-სთვის“ შექმნა. ეს არის ექსპერიმენტული ვერსია მოწყობილობისა, რომელიც პროგრამა „ოუპნ XC პლატფორმის“ ფარგლებში შეიქმნა. ეს არის ღია პლატფორმა, რომელიც განსხვავებული დანიშნულების ელექტრონულ მოწყობილობებსა და პროგრამებს მოიცავს. მისი დანიშნულება კი, ავტომობილის შესაძლებლობათა გაზრდა-გაუმჯობესებაში ხელის შეწყობაა. ამაში კი მას ახალი მოდულები და შესაფერისი პროგრამული უზრუნველყოფა დაეხმარება. სწორედ ერთ-ერთი ასეთი მოდული შექმნა ზაქარი ნელსონმა.

პროგრამას „ოუპნ XC“ იმის გამო შეარქვეს, რომ ის ნელსონის მსგავსი ნიჭიერი ენთუზიასტებისთვის, თუნდაც ისინი „ფორდის“ თანამშრომლები არ იყვნენ, ხელმისაწვდომია. ასე რომ, მსგავსი მოწყობილობის შექმნა სხვებსაც შეუძლიათ. ასევე, პროგრამა კარგი დამხმარე საშუალებაა სატუნინგო ფირმებისა და კერძო პირებისთვის, რომლებსაც საკუთარი მანქანის (ფორდის) თავისი სურვილის შესაბამისად გადაკეთება სურთ და ამის უნარიც აქვთ.


ვიდეო

No comments:

Post a Comment