Thursday, August 22, 2013

„აუდიმ“ განახლებული და გაძლიერებული A8/S8 გვიჩვენა

Audi's More Powerful, Better Looking 2014 A8 and S8 Facelift Sedans
22 აგვისტო
როგორც დაგეგმილი იყო, 21 აგვისტოს „აუდიმ“ თავისი ფლაგმანი სედანი A8/S8 გაგვაცნო. გარდა იმისა, რომ ავტომობილის გარეგნობა ოდნავ შეიცვალა, მისი ძრავების გამაც უფრო მძლავრი და ეფექტური აგრეგატებით შეივსო. ეკიპირებაში შევიდა დამხმარე სისტემები, მთავარი სიახლე კი, როგორც ინგოლშტადტელები ადრეც იუწყებოდნენ, შუქდიოდური მატრიცული ფარებია.
მართალია, გარეგნული ცვლილებები უმნიშვნელოა, მაგრამ მათი მეშვეობით, ავტომობილის სტილი მაინც დაიხვეწა და აეროდინამიკურად უფრო ეფექტური გახდა. რაც შეეხება მატრიცულ ფარებს, მათ „აუდი“ მყიდველს ოპციის სახით სთავაზობს. თუმცა, V8 ძრავებით აღჭურვილ ვერსიებზე ისინი სტანდარტულ ეკიპირებაში შედის.

გარეგნულ სიახლეთაგან, ყველაზე შესამჩნევია შეცვლილი კაპოტი, რადიატორის ფორმა და წინა ბამპერი, რომლებმაც უფრო გამოყვანილი ფორმები მიიღო. აქ ალბათ ისევ ღირს წინა ფარების ხსენება, თუმცა ისინი უფრო ტექნლოგურადაა საინტერესო, რაზეც ჩვენ უკვე მოგიყევით (http://autopanoramaf2.blogspot.com/2013/08/a8.html). გავიმეორებთ მხოლოდ იმას, რომ ამ ფარებს მოსახვევის მიმართულებით შუქის მიმართვა და საგზაო ნიშნების განათება შეუძლია.

სალონში მთავარი სიახლე გამოყენებული მასალები და მათი ფერებია. პრაქტიკულად უსასრულობამდე გაიზარდა შეთავაზებათა სია, რომელშიც შევიდა წინა გაგრილებადი სავარძლები, რომლებსაც მასაჟის ფუნქციაც აქვს, ტყავით გაწყობილი ცენტრალური კონსოლი (გრძელბაზიან A8-ზე) და დასასვენებელი სავარძელი, ფეხის დასასვენებლით. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება ჰაერის ოთხზონიანი კონდიცირების სისტემისა და კარის დახურვის დამხმარე სისტემა.

მნიშვნელოვანი ცვლილებებია კაპოტის ქვეშ. განახლებულ ძრავებს სიმძლავრეც მოემატა და ისინი საწვავსაც უფრო ეფექტურად მოიხმარენ. 3.0 TFSI-ს სიმძლავრე 20 ცხენის ძალით, 310 ცხენის ძალამდე გაიზარდა. 4.0 TFSI-ს სიმძლავრემ 435 ცხენის ძალას (+9 ცხ.ძ) მიაღწია. მოიმატა დიზელების სიმძლავრემაც: 3.0 TDI ქლინ დიზელი 4 ცხ.ძ-ით მეტს, 258 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, 4.2 TDI ქლინ დიზელის სიმძლავრე 385 ცხენის ძალაა (+30 ცხ.ძ), მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 850 ნიუტონმეტრი (+50 ნმ).
ყველა ძრავი ევრო 6 სტანდარტს შეესაბამება. მათგან ყველაზე ეკონომიურია 3.0-ლიტრიანი TDI, რომლით აღჭურვილი A8-ც ასი კილომეტრის გასავლელად მხოლოდ 5.9 ლიტრ საწვავს მოიხმარს. ამასთან, ყველა ძრავის შემთხვევაში გაუმჯობესებულია დინამიკური მახასიათებლები. განახლებული ძრავებიდან ყველაზე ტემპერამენტიანი, 4.0-ლიტრიანი TFSI ძრავით აღჭურვილი ვერსია „კვატროა“, რომელიც ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 4.5 წამში ასწრებს.
ფლაგმანი სედანის ტოპ ვერსიებია „A8 L W12 კვატრო“ (გრძელბაზიანი) რომელიც ბენზინის 6.3-ლიტრიანი W12 ძრავითაა აღჭურვილი და S8, რომელიც 4.0 TFSI-ს მოდიფიცირებული ვერსიითაა აღჭურვილი. პირველის ძრავის სიმძლავრე 500 ცხენის ძალაა, მეორისა კი - 520 ცხენის ძალა. ამ ვერსიების მახასიათებლები პრაქტიკულად არ შეცვლილა. კიდევ ერთი „უცვლელი“ ვერსია ჰიბრიდული „A8 ჰაიბრიდია“, რომლის 2.0 TFSI და ელექტრო ძრავი ჯამში 245 ცხენის ძალას და 480 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ყველაზე სწრაფ ვერსიად რჩება სრულ ამძრავიანი S8, რომელსაც ადგილიდან ასის აკრეფა 4.2 წამში შეუძლია. ყველა ძრავთან 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი ტიპტრონიკია შეწყვილებული.
განახლებული „აუდი A8“ კომპანიის გერმანელ დილერთა შოურუმებში ნოემბერში გამოჩნდება, მანამდე კი მისი მსოფლიო პრემიერა ფრანკფურტში შედგება. გერმანიის შემდეგ, ამ ავტომობილს მთელი მსოფლიოს მასშტაბითაც შესთავაზებენ მყიდველს. სასტარტო ფასი 74 500 ევროა.

No comments:

Post a Comment