Monday, August 26, 2013

ფორმულა 1 მექსიკაში ბრუნდება

Mexican Grand Prix set for 2014 Formula 1 calendar slot
26 აგვისტო
არაა გამორიცხული, რომ მომავალი სეზონის კალენდარში მექსიკის დიდი პრიზისთვისაც მოიძებნოს ადგილი. უფრო მეტიც, პადოკში გავრცელებული ინფორმაციით, მექსიკა უკვე შეტანილია კალენდრის პირვანდელ ვარიანტში. როგორც ჟურნალმა „ავტოსპორტმა“ დაადგინა, მექსიკური რბოლის ჩატარებით, ბერნი ეკლსტროუნია დაინტერესებული.
იმავე „ავტოსპორტის“ ინფორმაციით, ახალი კალენდრის პირველი ვარიანტი ჯერ არ გაუცვნიათ გუნდებისთვის, რომლებიც კალენდარში რბოლათა რაოდენობის ზრდას ეწინააღმდეგებიან. არსებული ინფორმაციით, მექსიკაში რბოლა, ტექსასის ეტაპის შემდეგ გაიმართება, რაც ლოჯისტიკური მოსაზრებით გამართლებულია. ოღონდ, ჯერ გასარკვევია ადგილი, სადაც მექსიკური ეტაპი ჩატარდება.
ბერნის სურს, რომ რბოლა მექსიკო სიტიში ჩატარდეს. ადრე განიხილებოდა ტრეკის ქალაქ კანკუნთან აშენების პერსპექტივა და ამ ვარიანტს, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, კარლოს სლიმი ემხრობოდა. თუმცა ბერნისთან შეთანხმების შემდეგ, მანაც მექსიკო სიტიში ტრასის თავიდან აშენება გადაწყვიტა. სხვათა შორის, ქალაქში ტრასა ადრეც იყო და იქ ფ1-ის რბოლა 1992 წელს ჩატარდა.
სეზონის დასაწყისში სლიმმა განაცხადა, რომ მექსიკა ფ1-ის მისაღებად ემზადება. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მექსიკის ეკონომიკა სწრაფი ტემპით ვითარდება და ამ მხრივ, კომერციული თვალსაზრისით, ფ1-სთვის საინტერესოა. თანაც, ფ1-ში უკვე ორი მექსიკელი მრბოლი მონაწილეობს, რაც ტრიბუნაზე უამრავ მაყურებელს მიიზიდავს.
ამგვარად, არსებობს შანსი, რომ მომავალ სეზონში კალენდარში სამი ახალი (ახალი ამ სეზნთან შედარებით) რბოლა გამოჩნდეს - მექსიკის გარდა, კალენდარში ავსტრია ბრუნდება, რუსეთის დიდი პრიზი კი პირველად სოჭში ჩატარდება. ამასთან, არსებობს რეალური შანსი იმისა, რომ კალენდრიდან ინდოეთის და კორეის ეტაპები ამოვარდეს.

No comments:

Post a Comment