Sunday, July 14, 2013

„ბენტლი კონტინენტალ GT3 რეისერი“ გუდვუდში

Bentley Reveals Final Version of 600HP Continental GT3 Racer at Goodwood
14 ივლისი
„ბენტლიმ“ შარშან, პარიზის მოტორ შოუზე, „კონტინენტალ GT3-ს“ სარბოლო ვერსია კონცეპტუალური სახით გვიჩვენა. ახლახანს კი, გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე, დასრულებული ავტომობილი წარადგინა და დამსწრე საზოგადოების წინაშე, საჩვენებელი გამოსვლაც შეასრულა.
სარბოლი „კონტინენტალის“ შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო ბრიტანულმა კომპანია „M-სპორტმა“, რომელიც რალის მსოფლიო ჩემპიონატში „ფორდის“ პარტნიორია. პროექტში მონაწილეობა მიიღო გრემ ჰამფრიმ, ვინც თავის დროზე, „ბეემვეს“ სპორტული პროტოტიპის (რომელსაც ლე მანის 24-საათიანი რბოლა აქვს მოგებული) შექმნაშიც მონაწილეობდა.
სარბოლი „კონტინენტალ GT3“ აღჭურვილია 4.0-ლიტრიანი V8 წყვილ ტურბოიანი ძრავის ფორსირებული ვერსიით, რომლის სიმძლავრემაც, „კოსუორტის“ ელექტრონიკის დახმარებით, 600 ცხენის ძალას მიაღწია. მისი ძალა, 6-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფის (Xტრეკ) და გაზრდილი ხახუნის მქონე დიფერენციალის გავლით, უკანა წამყვან ბორბლებს, კარბონისგან დამზადებული კარდანის ლილვით მიეწოდება. საფეხურების შეცვლას პნევმატური სისტემა ემსახურება, რომელსაც პილოტი საჭესთან განლაგებული ბერკეტებით მართავს.
შეცვლილია საკიდარი. წინაც და უკანაც ბორბალსა და მზიდ სტრუქტურას ორმაგი ჩანგლისებრი ბერკეტები აკავშირებს. ამორტიზატორები ოთხ დონეზე რეგულირდება. საჭის მექანიზმს ჰიდრავლიკური გამაძლიერებელი ემსახურება, დამუხრუჭებას კი ფოლადის დისკოები უზრუნველყოფს, რომლებთანაც წინ და ექვსცილინდრიანი, უკან კი ოთხცილინდრიანი დამჭერებია შეწყვილებული.
საგზაო „კონტინენტალისგან“ განსხვავებით, მისი სარბოლი ვერსია მსუბუქი ავტომობილია - მხოლოდ 1300 კილოგრამს იწონის. ეს კი სერიულ ავტომობილზე თითქმის 1000 კილოგრამით ნაკლებია. ეს შესაძლებელი გახდა ინტერიერიდან ზედმეტი დეტალების მოცილებით და ძარის დეტალების კარბონისგან დამზადებით. თითქმის იდეალურია წონის განაწილება - 52:48-ზე. გარდა ამისა, ავტომობილი სრული აეროდინამიკური პაკეტითაა აღჭურვილი, რომელშიც შედის ზორბა უკანა ფრთა, წინა სპლიტერი, რომლის ზევითაც რამდენიმე ჰაერის ამღები განლაგდა. კაპოტზე კი ზორბა სასუნთქი „ლაყუჩები“ გაჩნდა, რომლებიდანაც ძრავის სეგმენტიდან გახურებული ჰაერი გამოიდევნება.
„კონტინენტალ GT3“ მომავალი სეზონიდან ჩაერთვება FIA-ს მიერ ორგანიზებულ სერია „ბლენკპეინში“, სადაც მისი კონკურენტები იქნებიან „მაკლარენ 12C GT3“, „ლამბორგინი გალარდო GT3“ და „მერსედეს-ბენც SLS AMG GT3“. არაა გამორიცხული, რომ ამ ავტომობილით „ბენტლიმ“ ლე მანის რბოლაშიც იასპარეზოს, რომელიც ბოლოს 2003 წელს, სპორტული პროტოტიპით მოიგო. მომავალში ასევე იგეგმება სარბოლი ავტომობილის საგზაო ვერსიის წარმოებაც. სერია შეზღუდული იქნება - მხოლოდ 300 ცალი, თითოეული კი 200 000 გირვანქა სტერლინგი ეღირება.

No comments:

Post a Comment