Tuesday, July 9, 2013

მომავალ სეზონში გადამწყვეტი ძრავების გამძლეობა იქნება

Ferrari says maximising engine life key to success in 2014
9 ივლისი
„ფერარის“ ძრავების შეფი ლუკა მარმორინი დარწმუნებულია, რომ მომავალ სეზონში წარმატების მიღწევისთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ძრავების გამძლეობა იქნება. ახალი სეზონიდან ძალაში ძრავების ახალი რეგლამენტი შედის, რომელიც გუნდებს 1.6-ლიტრიანი V6 ტურბო ძრავების გამოყენებას ავალებს. ამასთან, სეზონის განმავლობაში, თითო მანქანაზე მხოლოდ ხუთი ძრავის დაყენება იქნება ნებადართული. შედარებისთვის, ამჟამად რეგლამენტით სეზონზე რვა ძრავის გამოყენება შეიძლება.
მარმორინი (ფოტოზე) ფიქრობს, რომ ძრავების სამივე მწარმოებელს მთავარი პრობლემა სწორედ აგრეგატების გამძლეობასთან დაკავშირებით ექნება და ამიტომ, ხშირი იქნება ამ რეგლამენტის დაუცველობის გამო პილოტების დაჯარიმების შემთხვევები.
„ვინც მომავალ სეზონში გამძლე ძღავებს გააკეთებს, სეზონის ბოლოს საუკეთესო შედეგებიც მას ექნება. იმას ვგულისხმობ, რომ სეზონის მეორე ნახევარში, ძრავები დიდ პრობლემებს შექმნის - ძალიან ძნელი იქნება სეზონის ჯარიმების გარეშე დასრულება. უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის წარმოიდგინეთ, რომ თითო ძრავს დაახლოებით 4-5000 კილომეტრის გავლა მოუწევს, რაც თითქმის ორჯერ მეტია ახლანდელ რესურსზე“, - ყვება მარმორინი.
მომავალი სეზონიდან, ძალური დანადგარები ექვს მოდულად იყოფა. თითო პილოტზე ამ მოდულების მხოლოდ ხუთი ერთეულის გამოყენება შეიძლება. ოღონდ, მნიშვნელობა არ აქვს, კონკრეტულ რბოლაში, ისინი რომელ სხვა მოდულთან ერთად იქნება გამოყენებული. მეექვსეს გამოყენების შემთხვევაში, ჯარიმა სტარტზე 10 ადგილით უკან დაწევაა. ძრავის მთლიანად გამოცვლის შემთხვევაში კი პილოტი სასტარტო რიგში ბოლო ადგილზე გადაინცვლებს.
მაგრამ ხუთი ძრავი სეზონზე მხოლოდ ახალი რეგლამენტისთვის პირველ სეზონში იქნება. შემდგომში ლიმიტი ოთხამდე დაიწევს. რაც შეეხება ექვს მოდულს, მათ შორისაა ტურბოკომპრესორი, საკუთრივ შიდაწვის ძრავი, ცალკეა ელექტრონიკა, კერს-ი. იმ შემთხვევაში, თუ პილოტმა კვალიფიკაციაში ცუდი დრო აჩვენა და ისედაც უკან დადგომა უწევს, მაშინ ათადგილიანი ჯარიმა შემდგომ რბოლაში ამოქმედდება.

No comments:

Post a Comment