Porsche bullish on plug-in Panamera
29 ივლისი
„პორშე“ იმედოვნებს, რომ „პანამერას“ პლაგ-ინ
ჰიბრიდული ვერსია „პანამერა S E-ჰაიბრიდი“ 10 000 ცალი გაიყიდება. ეს „პანამერას“
სამოდელო გამის სასიცოცხლო ციკლის გლობალური გაყიდვების დაახლოებით 10 პროცენტია და
პირველ ჰიბრიდულ მოდფიკაციაზე ორჯერ მეტი. გერმანულ კომპანიას ასეთი ოპტიმიზმის
საფუძველს ის გარემოება აძლევს, რომ პლაგ-ინ ჰიბრიდულ „პანამერას“ ჩვეულებრივ
ჰიბრიდულ ვერსიაზე გაცილებით უკეთესი მახასიათებლები აქვს.
თუ ახლანდელი ჰიბრიდული „პანამერას“ ელექტრული
ამძრავის სიმძლავრე მხოლოდ 34 ცხენის ძალაა, პლაგ-ინ ვერსიისა 95 ცხენის ძალას
მიაღწევს. პირველი ენერგიის წყაროდ ნიკელ-მეტალ ჰიდრიდულ ელემენტებს იყენებს, რომელთა
ბლოკის ტევადობაც მხოლოდ 1.7 კილოვატსაათია. პლაგ-ინ ჰიბრიდულ „პანამერაზე“ კი
ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი დგას, რომლის ტევადობაც 9.4 კილოვატსაათს აღწევს.
ელექტრო ძრავი ბენზინზე მომუშავე, მექანიკურ დამჭირხნიან
V6-თან არის შეწყვილებული და ჰიბრიდული სისტემის ჯამური სიმძლავრე 416 ცხენის
ძალას აღწევს. ასეთი სისტემით აღჭურვილი „პანამერა“ 100 კილომეტრზე მხოლოდ 3.1
ლიტრ საწვავს მოიხმარს, მის გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი ყოველ კილომეტრზე
მხოლოდ 71 გრამია. არადა, ახლანდელი ჰიბრიდის შესაბამისი მაჩვენებელი 167 გრამია.
მხოლოდ ელექტრო ძრავით გადაადგილებისას, „პანამერა S
E-ჰაიბრიდს“ მაქსიმუმ 135 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა შეუძლია. ელემენტების ტევადობა კი
მას 36 კილომეტრის გასავლელად ეყოფა. როდესაც მანქანას ორივე ძრავი ემსახურება, მაშინ
მაქსიმალური სიჩქარე 270 კმ/სთ-ს აღწევს.
პლაგ-ინ ჰიბრიდული „პანამერას“ ფასი გერმანიასა და
ევროპაში 110 409 ევროა, რაც მხოლოდ 3 000 ევროთი მეტია წინამორბედზე. „პორშე“
ვარაუდობს, რომ ასეთი ავტომობილი ძირითადად ლიზინგით გავრცელდება, ისევე როგორც
წინა ჰიბრიდი. გავრცელების ძირითადი ბაზრებია ამერიკა, გერმანია, ჩინეთი და იაპონია.
No comments:
Post a Comment