Saturday, July 6, 2013

გრძელბაზიანი „რეინჯ როვერი“ დებიუტისთვის მზადაა

New Range Rover Ready to Give Birth to Long Wheelbase Version
6 ივლისი
„ლენდ როვერი“ რომ გრძელბაზიანი „რეინჯ როვერის“ გამოშვებასაც აპირებდა, ეს ჩვეულებრივი „რეინჯის“ პრემიერაზევე გვამცნო. ბრიტანული კომპანია ამ ავტომობილის ტესტირებას უკვე ამთავრებს კიდეც, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მსუბუქად კამუფლირებული პროტოტიპის ფოტოები ინტერნეტით გავრცელდა.
გრძელბაზიანი (LWB - ლონგ უილბეის) „რეინჯის“ ბორბლებს შორის ბაზა, სტანდარტულ ვერსიაზე 150 მილიმეტრით გრძელია. სტანდარტულის სიგრძე 2 922 მილიმეტრია. საერთო ჯამში, უგზოობის ფლაგმანი მოდელის სიგრძე 5 150 მილიმეტრს აღწევს. ამ ყველაფრის წყალობით, სალონის უკანა ნაწილში იქმნება გრანდიოზული (კინგ საიზ) სივრცე, რომელიც უკანა სავარძლებზე მსხდომთ მართლა მეფურ კომფორტს შესთავაზებს.
უკან შესაძლებელი იქნება როგორც ორ, ასევე სამადგილიანი სავარძლის განლაგება. ამასთან, ორიანს ინდივიდუალური დასაჯდომები ექნება და ის ლიმუზინის შესაფერისი ეკიპირებითაც აღიჭურვება. კერძოდ, სავარძელს მოემსახურება როგორც გამათბობლები, ასევე კონდიცირების სისტემა და მას მასაჟორის ფუნქციაც ექნება.
უფრო გრძელი და მდიდრული „რეინჯ როვერი“ ასევე ალბათ უფრო მძლავრი, ბენზინის V8 ძრავითაც აღიჭურვება. ზოგიერთი ბაზრისთვის კი მასზე V8 დიზელსაც დააყენებენ. არაა გამორიცხული, რომ ეს ავტომობილი მყიდველს ჰიბრიდული აგრეგატითაც შესთავაზონ. ჩვეულებრივი „რეინჯი“ ასეთ სისტემას აუცილებლად მიიღებს.

გრძელბაზიანი „რეინჯ როვერის“ ძირითადი ბაზრები ამერიკა, ახლო აღმოსავლეთი და ჩინეთი იქნება. მისი ფასი მოგვიანებით, მსოფლიო პრემიერაზე (სავარაუდოდ, ფრანკფურტის მოტორ შოუზე) გამოცხადდება.

No comments:

Post a Comment