Tuesday, July 2, 2013

„ტოიოტა“ წყალბადზე მომუშავე ავტომობილს ტოკიოში გაგვაცნობს

2015 Hydrogen-Powered Toyota Details Emerge
2 ივლისი
„ტოიოტა“ იმ იშვიათ კომპანიათაგანია, რომლებიც წყალბადის ფიჭური ელემენტების სერიულ ავტომობილებზე დანერგვას ცდილობენ. და როგორც ჩანს, ერთ-ერთი პირველი იქნება, რომელიც ამ ტექნოლოგიას აითვისებს. სააგენტო ბლუმბერგის ინფორმაციით, ამ წლის მიწურულს, ტოკიოს მოტორ შოუზე, იაპონური კომპანია სწორედ წყალბადის ფიჭურ ელემენტებზე მომუშავე ავტომობილს წარადგენს.
ბლუმბერგისვე ინფორმაციით, ავტომობილი კონცეპტუალური FCV-R­-ის (ფოტოზე) ბაზაზეა შექმნილი. მისი გაყიდვები მომავალ წელს უნდა დაიწყოს, ფასი კი დაახლოებით 50 000 დოლარის ფარგლებში იქნება. ამგვარად, ის ისეთსავე საფასო სეგმენტში მოექცევა, სადაც „ტესლას“ ელექტრომობილი „მოდელ S“ და „ბეემვეს“ საშუალო ზომის სედანები იყიდება.
ახალი ავტომობილი, რომლის ელემენტებშიც, ენერგიის მიღების წყაროდ თხევად წყალბადს გამოიყენებენ, ერთი სრული გაწყობით, დაახლოებით 438 კილომეტრის გავლას შეძლებს. ამის გარდა, მასზე სხვა ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა. ახალ ავტომობილს მიმომხილველებმა უკვე უწოდეს „ახალი პრიუსი“. აღსანიშნავია, რომ იაპონურმა კომპანიამ წყალბადზე მომუშავე კონცეპტუალური FCV-R­-ის ტესტირება ზუსტად ერთი წლის წინ დაიწყო. ტესტების ადგილად აშშ-ის შტატებს, ნევადასა და კალიფორნიას შორის მდებარე მოხავეს უდაბნოში არსებული სიკვდილის ზეგანი აირჩიეს, რომელიც ზღვის დონიდან დაახლოებით 100 მეტრით დაბლა მდებარეობს.
სხვათა შორის, ანალოგიური სისტემით მომუშავე ავტომობილის წარმოება უკვე დაწყებული აქვს „ჰიუნდაის“. ესაა უგზოობის მოდელ ix35-ზე ბაზირებული ელექტრომობილი, რომელიც ფიჭურ ელემენტებში წყალბადს იყენებს. ფიჭურ ელემენტებში ხდება წყალბადის და ჟანგბადის ქიმიური რეაქცია, რომლის შედეგადაც, წყალი და ელექტრო ენერგია გამოიყოფა. კორეული ავტომობილის სვლის სიშორე 594 კილომეტრია. „ჰიუნდაიმ“ ასეთი 15 ავტომობილი უკვე გადატვირთა კოპენჰაგენში (დანია), სადაც მათ კორპორატიული კლიენტი ელის. წყალბადზე მომუშავე ავტომობილების საცალო გაყიდვებს კი კორეელები 2015 წელს დაიწყებენ.
წყალბადზე მომუშავე ავტომობილების წარმოებას „სუზუკიც“ აპირებს, რომელმაც კომპანია „ინტელიჯენტ ენერჯისთან“ ერთად, იაპონიაში ფიჭური ელემენტების მწარმოებელი ქარხანა აამოქმედა. იგივე ტექნოლოგიების ათვისების საქმეში, „ტოიოტას“ პარტნიორობას „ბეემვე“ უწევს. იგივე საქმეში, პარტნიორული ხელშეკრულება აქვთ დადებული „ფორდს“, „დაიმლერსა“ და „ნისანს“.

No comments:

Post a Comment