28 ივლისი
„ჰონდას“ ოფიციალური დილერი საქართველოში, კომპანია
„სენა მოტორსი“, ამიერიდან მყიდველს ორ უახლეს ავტომობილს - უგზოობის კომპაქტურ
მოდლ CR-V-ს და სედან „აკორდს“ შესთავაზებს. ამასთან დაკავშირებით, შოურუმ „ჰონდა
თბილისში“, მედიისთვის სპეციალური მიღება და სახელდახელო ტესტ დრაივი ჩატარდა.
მიღება „სენა მოტორსის“ დამფუძნებელმა გია
ალიხანაშვილმა გახსნა, რომელმაც მოკლედ მიმოიხილა კომპანიის მუშაობა და მედიას
„ჰონდას“ წარმომადგენლები წარუდგინა. მოგვიანებით, „ჰონდა თბილისის“ დირექტორმა
მიხეილ ხარატმა ორი ახალი ავტომობილი გაგვაცნო. მისი თქმით, ამ ეტაპზე, „სენა
მოტორსი“ სამი ავტომობილის გაყიდვაზე აკეთებს აქცენტს, რომლებსაც მალე (სავარაუდოდ
ოქტომბერში) კიდევ ერთი დაემატება.
ასევე აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე არ იგეგმება
„ჰონდას“ სამოდელო გამაში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილის, „სივიკის“
შემოყვანა მიხეილ ხარატმა განაცხადა, რომ ამ საკითხს თავად იაპონური კომპანიის
მარკეტოლოგები სწავლობენ და თუ ისინი ჩათვლიან, რომ ეს ავტომობილი ქართულ ბაზარს
კომერციული თვალსაზრისით მიესადაგება, მას აუცილებლად შესთავაზებენ ქართველ
მყიდველს. ცნობისაღვის, „სივიკი“ ევროპის ბაზარზე „ჰონდას“ ბესტ სელერია.
სამაგიეროდ, იაპონური კომპანია, „სივიკთან“ ერთად,
ამერიკის ბაზარზე კარგად ჰყიდის „აკორდს“, „პილოტს“ და CR-V-ს, რომლებიც ამერიკელ
მყიდველს შორის ლოიალობის მაღალი კოეფიციენტით გამოირჩევიან. ამასთან, „აკორდი“
იქვე მეორე ყველაზე გაყიდვადი სედანია. „ჰონდას“ მარკეტოლოგების ვარაუდით, ამ სამივე
მოდელს ქართულ ბაზარზეც კარგი პერსპექტივა აქვს. სხვათა შორის, მედიის დღეზე ვერ
ვნახეთ „პილოტი“, რომელიც უკვე გაყიდული იყო.
პრეზენტაციაზე ითქვა, რომ „ჰონდა“ თბილისში იმავე,
ეგრეთ წოდებული 3S სტანდარტით იმუშავებს, რასაც სხვა ბაზრებზე წარმატებით იყენებს.
3S სტანდარტი ნიშნავს მომხმარებლისთვის თანამედროვე, სანახაობრივ შოურუმით
დახვედრას, მაღალი დონის სერვისს და მაღალი ხარისხის, ორიგინალური სათადარიგო
ნაწილების მიწოდებას. „სენა მოტორსს“ სამივე ეს კომპონენტი ადგილზე აქვს - სხვა
მხრივ, ის „ჰონდას“ ავტომობილების დისტრიბუციის უფლებას ვერც მიიღებდა. შოურუმის
გარდა, მომხმარებელს სერვის ცენტრიც მოემსახურება, რომელიც შოურუმის უკანაა
განლაგებული და „ჰონდას“ მიერ სერტიფიცირებული დანადგარებითაა აღჭურვილი.
No comments:
Post a Comment