Hungary gives Hamilton his first win for Mercedes
28 ივლისი
ლუის ჰამილტონმა მეოთხედ მოიგო უნგრეთის დიდი პრიზი
და ამ მაჩვენებლით, მიხაელ შუმახერს გაუტოლდა. ამ ორ მრბოლს, ჰუნგარორინგზე
გამარჯვების თასი ყველაზე მეტჯერ აქვთ აწეული. უნგრულ გაუსაძლის სიცხეში, ბრიტანელმა
მრბოლმა „მერსედესის“ მანქანით პირველად მოიგო. მან ამ გამარჯვებას თავის
კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული უწოდა.
„ალბათ, ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი
გამარჯვებაა. ძალიან ბედნიერი ვარ. იმედი მაქვს, ამას სხვა გამარჯვებებიც
მოჰყვება. ძალიან ბევრი გარჯა მოგვიწევს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ თუ
საბურავებს აქ გავაძლებინეთ, ესე იგი, მათ სხვაგან უკეთ გამოვიყენებთ“, -
განაცხადა ჰამილტონმა, ვინც აგვისტოს არდადეგების წინ, ლიდერთა სამეულს წამოეწია.
ფინიშთან ჰამილტონმა 10 წამით მიასწრო კიმი
რაიკონენს, რომელმაც გარისკა და საბურავი მხოლოდ ორჯერ შეცვალა. თუმცა, რბოლის
მიწურულს, საკმაოდ იოლად ახერხებდა სებასტიან ფეტელის შეტევების მოგერიებას.
ერთხელ, ბოლო წრეზე, გერმანელმა გადამწყვეტი იერიში სცადა, მაგრამ კიმიმ საკმაოდ
ხისტად აღკვეთა მისი მცდელობა და ამით, მეორე ადგილისთვის ბრძოლის სურვილი
საბოლოოდ გაუქარწყლა.
„რბოლის შემდეგ კიმის ვუთხარი, რომ უკმაყოფილო
ვიყავი, მაგრამ იმან მხოლოდ გამიღიმა. რას იზამ, რბოლები ასეა“, - განაცხადა
ფეტელმა, ვინც ყველაფრის მიუხედავად, კლასიფიკაციაში უახლოეს მდევართან
უპირატესობა გაზარდა. ოღონდ, ამჯერად ეს უახლოესი მდევარი ფერნანდო ალონსო კი არა,
რაკონენია.
კარგად იასპარეზა ფეტელის თანაგუნდელმა მარკ
ვებერმა, ვინც სტარტი მეათე პოზიციიდან აიღო, თუმცა საბოლოოდ, კვარცხლბეკამდე ერთი
ნაბიჯი (ექვს წამზე ნაკლები დააკლდა). სამაგიეროდ, არ გაუმართლა ჰამილტონის
თანგუნდელ ნიკო როსბერგს, რომელსაც ჯერ რბოლის დასაწყისში ფელიპე მასა დაეჯახა,
შემდეგ კი, რბოლის მიწურულს, ძრავი დაეწვა. ამავე მიზეზით, რბოლის პირველ ნახევარში,
რბოლა ვალტერი ბოტასმა შეწყვიტა. სამაგიეროდ, ბოტასის თანაგუნდელმა პასტორ მალდონადომ
„უილიამსს“ პირველი ქულა მოუპოვა.
აღსანიშნავია, რომ პიტსტოპების შემდეგ, ჰამილტონი ორჯერ
აღმოჩნდა ვებერის უკან, მაგრამ ორივეჯერ უმალვე შეძლო ავსტრალიელის უკან
ჩამოტოვება. სამაგიეროდ, ფეტელი კარგა ხანს თავის ტემპში ატარა ჰამილტონის შარშანდელმა
თანაგუნდელმა ჯენსონ ბატონმა, რომელიც ამ სეზონში, „მაკლარენის“ წარუმატებელი
მანქანის გამო, ჩრდილში იმყოფება.
კვლავ აგრესიულ სტილში იასპარეზა რომენ გროჟანმა,
რომელსაც ერთხელ ამის გამო სტიუარდებმა სასჯელად პიტლეინზე გავლა გამოუწერეს. ამის
მიზეზი ის გახდა, რომ ფრანგმა ერთ-ერთი მოსახვევი მოჭრა და ამით მცირე უპირატესობა
მოიპოვა. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ამ მანევრის შესრულება, ბატონთან ბორბლებით
შეჯახების გამო მოუხდა.
სხვათა შორის, რბოლის შემდეგ, გროჟანი ბატონთან
ინციდენტის გამოც დაისაჯა - მის დროს 20 წამი დაუმატეს. მაგრამ იმის გამო, რომ
ბატონს ამაზე მეტით მიასწრო, მეექვსე ადგილის შენარჩუნება შეძლო. ამ შემთხვევაში,
სტიუარდებმა ჩათვალეს, რომ გროჟანმა გასწრებამდე სცადა სარბოლო ტრაექტორიაზე დაბრუნება,
რომელზეც იმ მომენტში ბატონი მოძრაობდა. და შეჯახებაც ასეთ აგრესიულ მანევრს
მოჰყვა.
უნგრეთის დიდი პრიზი
ჰუნგარორინგი, დისტანცია 306.630 კმ
(4.381 კმ, 70 წრე)
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:42:29.445
2. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი) +00:10.938
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 00:12.459
4. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული) 00:18.044
5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 00:31.411
6. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 00:32.295
7. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 00:53.819
8. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 00:56.447
9. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი) 1 წრე
10. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1 წრე
11. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი) 1 წრე
12. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო) 1 წრე
13. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 1 წრე
14. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი) 2 წრე
15. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი) 2 წრე
16. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია) 3 წრე
17. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია) 3 წრე
18გ. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 4 წრე
19გ. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 6 წრე
გ. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 28 წრე
გ. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი) 42 წრე
გ. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 51 წრე
შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: მარკ ვებერი - 1:24.069,
61-ე წრე
მრბოლთა კლასიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი - 172 ქულა; 2. კიმი რაიკონენი
- 134; 3. ფერნანდო ალონსო - 133; 4. ლუის ჰამილტონი - 124; 5. მარკ ვებერი - 105;
6. ნიკო როსბერგი - 84; 7. ფელიპე მასა - 61; 8. რომენ გროჟანი - 49; 9. ჯენსონ
ბატონი - 39; 10. პოლ დი რესტა - 36; 11. ადრიან სუტილი - 23; 12. სერხიო პერესი -
18; 13. ჟან-ერიკ ვერნი - 13; 14. დანიელ რიკიარდო - 11; 15. ნიკო ჰულკენბერგი - 7;
16. პასტორ მალდონადო - 1
კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბულ-რენო - 277 ქულა; 2. მერსედესი - 208; 3.
ფერარი - 194; 4. ლოტუს-რენო - 183; 5. ფორს ინდია-მერსედესი - 59; 6. მაკლარენ-მერსედესი
- 57; 7. ტორო როსო-ფერარი - 24; 8. ზაუბერ-ფერარი - 7; 9. უილიამს-რენო - 1
No comments:
Post a Comment