Wednesday, July 17, 2013

ჩინური „გრეიტ უოლი“ უგზოობის გვირგვინს უმიზნებს

China's Great Wall targets Jeep's SUV crown
17 ივლისი
ჩინელმა მილიარდერმა ვეი ძიანძუნმა კომპანია „გრეიტ უოლ მოტორის“ (რომლის მთავარი აღმასრულებელიც თავადაა) მარკა „ჰავალს“, მიზნად უგზოობის ავტომობილების სეგმენტში მსოფლიო ლიდერობა დაუსახა. ამისთვის კი ჩინურ კომპანიას, არც მეტი, არც ნაკლები, „კრაისლერის“ ჯგუფში შემავალი „ჯიპის“ ჯობნა მოუწევს. და ამ მიზანს „ჰავალმა“ მაქსიმუმ ოთხ წელიწადში უნდა მიაღწიოს.
ამ მიზნის მისაღწევად, „გრეიტ უოლის“ შეფმა, ახალი კვლევითი ცენტრის ასაშენებლად, პეკინიდან დაახლოებით 160 კილომეტრის სიშორეზე, მიწის ნაკვეთი შეიძინა, რომლზეც 35 საფეხბურთო მოედანი დაეტევა. ამასთან, დაახლოებით 40 პროცენტით, 10 000-მდე გაზრდის თავის კომპანიაში მომუშავე ინჟინრების რიცხვსაც.
ვეი ჩინეთის მეხუთე უმდიდრესი ადამიანია. ბლუმბერგის მონაცემებით, ის 6.6 მილიარდი დოლარის ქონებას განაგებს. მას სურს, რომ „გრეიტ უოლის“ მყიდველი არამხოლოდ დაბალი ფასით, არამედ ხარისხითაც მიიზიდოს. ამჟამად, ეს კომპანია ძრითადად ჩინეთში ოპერირებს. ის ფართოდაა წარმოდგენილი რუსულ ბაზარზეც. გასულ წელს, კომპანიას გაყიდვების 90-პროცენტიანი ზრდა ჰქონდა, რაც ძირითადად სწორედ „ჰავალის“ დამსახურებაა.
თავისი მიზნის მისაღწევად, „ჰავალმა“ გაყიდვებში „ჯიპს“ უნდა გადაასწროს, რომელმაც შარშან მასზე თითქმის ორჯერ მეტი ავტომობილი გაჰყიდა. და ეს რთული ამოცანაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩინური კომპანია არაა წარმოდგენილი ამერიკულ ბაზარზე, რომელიც უგზოობის ავტომობილების და პიკაპების ყველაზე დიდი მუშტარია. მართალია, ჩინეთი უკვე გახდა მსოფლიოს უდიდესი ბაზარი, მაგრამ მარტო საშინაო და განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე წარმატებებით, „ჰავალს“ მიზნის მიღწევა გაუჭირდება.
თანაც, უგზოობის ავტომობილების სეგმენტში, ჩინეთშიც კონკურენცია სულ უფრო მძაფრდება. იქ უკვე აქტიურობენ „ჯიპი“ და „ლენდ როვერი“, რომლებმაც ცისქვეშეთში წარმოება დაიწყეს. ეს კი მათს პროდუქციას ბევრი გადასახადისგან ათავისუფლებს, რაც საერთო ჯამში, ხშირად ავტომობილის გასაყიდი ფასის 25 პროცენტს აღწევს ხოლმე.

No comments:

Post a Comment