Mercedes-Benz Brings the Golf Cart Into the 21st
Century with New Concept
22 ივლისი
„ვიჟნ გოლფ კარტ“ - ასე ჰქვია „მერსედეს-ბენცის“
კარლსბადის (შტატი კალიფორნია) მოწინავე დიზაინის ცენტრის მიერ შემუშავებულ
კონცეპციას, რომელიც წარმოადგენს გერმანული კომპანიის ხედვას იმაზე, თუ როგორი
შეიძლება იყოს გოლფის მომავლის კარტები. კონცეპციაზე მუშაობისას, მისმა ავტორებმა,
მსოფლიოს წამყვანი მეგოლფეების რეკომენდაციები და სურვილები გამოიყენეს.
„ვიჟნ გოლფ კარტ“ არის პატარა, ორადგილიანი
ელექტრომობილი, რომლის ელექტრო ძრავსაც ენერგიით აკუმულატორი კვებავს. აკუმულატორი
იმუხტება როგორც საყოფაცხოვრებო ქსელიდან, ასევე იმ მზის ელემენტებისგანაც,
რომლებიც მანქანის სახურავზე განთავსდება. მანქანა ჯოისტიკით იმართება, რომელიც
სავარძლებს შორის, ცენტრალურ პანელზე თავსდება და შესაბამისად, მისი მართვა, ორივე
სავარძლიდან შეიძლება. ჯოისტიკზევეა მოთავსებული აჩქარების და მუხრუჭების მართვის
საშუალებებიც.
ჯოისტიკის წინ, ასევე ცენტრალურ პანელზე
მოთავსებულია აიფონ/აიპადის პორტი, საინფორმაციო დისპლეი კი საქარე შუშაზე
პროეცირდება. მასზე, გოლფ კარტის მდგომარეობის გარდა, შეგიძიათ სხვა ინფორმაციის
მიღებაც. მაგალითად, გოლფის მოედნის რუქა, რა ვითარებაა გოლფის შეხვედრაში,
როგორია ამინდის პროგნოზი და სხვა. ცენტრალური გვირაბის გაყოლებაზე, საქარე შუშისა
და ცენრალური პანელის მიჯნაზე, მიკრო მონიტორი მოთავსდა, რომელიც სპიდომეტრის
მოვალეობას ასრულებს.
რაც შეეხება ავტომობილის გარეგნობას, ის შეიძლება
იყოს როგორც ღია, ასევე დახურულიც. ოღონდ, დახურვის შემთხვევაშიც, პანელების
უმეტესობა გამჭვირვალე იქნება. არაა გამორიცხული, რომ დიზაინში ბევრი ელემენტი
მომავალი „სმარტისგანაა“ აღებული. და კიდევ, კონცეპტუალური ავტომობილი, რომელიც
ჯერ მხოლოდ ესკიზების სახით არსებობს, საგზაო ავტომობილისთვის აუცილებელი საშუალებებით
- ფარებით, გაბარიტული ნათურებით და მოხვევის ციმციმებით არის აღჭურვილი. ეს იმ
შემთხვევისთვის, თუ მისი პატრონი,
გოლფის გზიდან პირდაპირ ამავე მანქანით მოისურვებს
შინ დაბრუნებას.
მართალია, „ვიჟნ გოლფ კარტ“ ჯერ მხოლოდ ესკიზური
კონცეპციის სახით არსებობს, მაგრამ „მერსედეს-ბენცი“ მის წარმოებას არ
გამორიცხავს. და ამას კომპანია პრეს რელიზშიც უსვამს ხაზს. ყოველ შემთხვევაში, სრულიად
შესაძლებელია, რომ რომელიმე უახლოეს დიდ საავტომობილო გამოფენაზე (მაგალითად
ფრანკფურტში) ის უკვე რეალური კონცეპტუალური ავტომობილის სახითაც ვიხილთ. ამის შემდეგ
კი მის ბედს მიღებული გამოხმაურებები განსაზღვრავს.
No comments:
Post a Comment