Monday, July 15, 2013

„დატსუნმა“ ახალი სიცოცხლე ინდოეთში დაიწყო

Datsun Relaunched as Dacia of the East with New GO Supermini
15 ივლისი
დაახლოებით სამი ათეული წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ნისანმა“ თავის ბრენდ „დატსუნის“ წარმოება გააჩერა და აი, ინდოეთში ეს მარკა ახლიდან დაიბადა. ოღონდ, ამჯერად იაფფასიანი ავტომობილების მწარმოებლად. შეგიძლიათ, მას აღმოსავლური „დაჩია“ უწოდოთ. განახლებული „დატსუნის“ მთავარი დანიშნულება სწორედ იაფფასიანი ავტომობილების ბაზარზე დამკვიდრება და ამით, „ნისანის“ გაყიდვების გაზრდაა. საკუთრივ „ნისანისა“ და „ინფინიტის“ შემდეგ, ის „ნისანის“ ოჯახის მესამე წევრი გახდა.
პირველ ავტომობილს, რომელიც ახალმა „დატსუნმა“ გამოუშვა, „გოუ“ ჰქვია. ეს არის სუბკომპაქტური ჰეჩბეკი, რომელიც „ნისან მიკრას“ ბაზაზეა შექმნილი. მისი პრეზენტაცია ნიუ დელიში შედგა და ავტომობილი საზოგადოებას ნისანის“ მთავარმა აღმასრულებელმა კარლოს გონმა წარუდგინა. „დატსუნ გოუ“ ინდოეთშია შემუშავებული და მას იქვე გამოუშვებენ. ფასი 400 000 რუპიაზე დაბლაა (დაახლოებით 5100 ევრო, 6700 დოლარი). მალე ამ ავტომობილს სხვა ბაზრებზეც შეიტანენ, მათ შორის, ინდონეზიაში, სამხრეთ აფრიკასა და რუსეთში.
პრეზენტაციაზე „ნისანმა“ გამოაცხადა, რომ „დატსუნის“ მოდელები, ყველა ბაზრისთვის ინდივიდუალურად შემუშავდება. თუმცა, მათი კონცეპცია საერთო იქნება. ანუ, ავტომობილებს სხვადასხვა ბაზრისთვის, მათი მოთხოვნების შესაბამისად მოამზადებენ. რაც შეეხება კონცეპციას, ის სამ ძირითად ფასეულობას ეყრდნობა: ესაა ოცნება (ავტომობილის შეძენის საშუალება), ხელმისაწვდომობა (დაბალი ფასი) და ნდობა (ხარისხი).
„ეს ისტორიული დღეა „ნისან მოტორ კომპანისთვის“, ჩვენი პარტნიორებისა და მომხმარებლებისთვის იმ ბაზრებზე, რომლებიც სწრაფად ვითარდება. დღევანდელი დღე კი განსაკუთრებულია ინდოელებისთვის, რომლებიც მორიგი ნაბიჯით მიუახლოვდნენ საკუთარ ოცნებას - შეიძინონ პირველი ავტომობილი“, - პრეზენტაციაზე განაცხადა გონმა.

წარდგენისას ამაზე ყურადღება არ გამახვილებულა, მაგრამ წინდაწინვე ცნობილი იყო, რომ „დატსუნ გოუ“ ბაზირებულია „ნისან მიკრაზე“, რომელსაც ასევე ინდოეთში უშვებენ. ამ ავტომობილებს ერთი ზომის ბაზა აქვთ - 2 450 მილიმეტრი. ამასთან, „გოუს“ გაბარიტებია: სიგრძე 3 785 მილიმეტრი, სიგანე 1 635 მილიმეტრი და სიმაღლე 1 485 მილიმეტრი. ხუთკარიანი ჰეჩბეკი აღჭურვილია ასევე „მიკრას“ 1.2-ლიტრიანი ბენზინის ძრავით, რომელთანაც 5-საფეხურიანი მექანიკური კოლოფია შეწყვილებული. ძრავი 76 ცხენის ძალას და 104 ნიუტონმეტრს ავითარებს. „მიკრას“ მსგავსად, „დატსუნ გოუსაც“ წინა წამყვანი ბორბლები აქვს.

No comments:

Post a Comment