Saturday, July 13, 2013

ფანხიოს საჩემპიონო „მერსედესი“ 29 მილიონ დოლარად გაიყიდა

Fangio F1 car sells for record $29M at Goodwood auction
13 ივლისი
„მერსედეს W196R“ არის ავტომობილი, რომლითაც ლეგენდარულმა არგენტინელმა ხუან მანუელ ფანხიომ (ფ1-ის ხუთგზის ჩემპიონი), 1954 წელს გერმანიის და შვეიცარიის დიდი პრიზები მოიგო და მეორედ გახდა ფ1-ის მსოფლიო ჩემპიონი. ახლახანს, მისი ეს საჩემპიონო ავტომობილი, „ბონჰემსის“ აუქციონზე, რომელიც გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე გაიმართა, რეკორდულ თანხად - 29.65 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამგვარად, ის გახდა უძვირესი ავტომობილი, რომლებიც კი ოდესმე აუქციონზე გაყიდულა.
რბოლებში და დროის მიერ შელახული ეს მანქანა, მაინც სანუკვარი შენაძენია ნებისმიერი ავტო კოლექციონერისა და მუზეუმისთვის. ის ხომ ფორმულა ერთის და „მერსედეს-ბენცის“ სახელოვანი ისტორიების ნაწილია. სხვა თუ არაფერი, ფანხიომ ამ მანქანით, სამქიმიანებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პირველად მოაგებინა ზედიზედ ორი დიდი პრიზი. ბონჰემსის ინფორმაციით, ფ1-ში შეფრქვევის სისტემა სწორედ ამ ავტომობილზე გამოიყენეს. გარდა ამისა, მანქანას აქვს ფოლადის მილებით შეკრული სივრცული მზიდი ჩარჩო და რვაცილინდრიანი ძრავი, ერთ რიგში განლაგებული ცილინდრებით. „ბონჰემსის“ თავმჯდომარე რობერტ ბრუკსის თქმით, ეს არის „დიდი პრიზის ტიპის ყველაზე მნშვნლოვანი ისტორიული სარბოლი ავტომობილი, რომლებიც კი ოდესმე აუქციონებზე გასაყიდად გამოუტანიათ“.
„მერსედეს W196R-მა“ თითქმის გააორმაგა ძველი რეკორდი, რომელიც ორი წლის წინ, „ფერარი 250 TR პროტოტაიპმა“ დაამყარა. ამ ავტომობილში მაშინ 16.39 მილიონი დოლარი გადაიხადეს. ეს ავტომობილი „გუდინგ ენდ კომპანის“ პებლ ბიჩის აუქციონზე გაიყიდა.
და მაინც, „მერსედეს W196R“ აბსოლუტური რეკორდსმენი არაა. შარშან, აუქციონის გარეშე, მასზე გაცილებით მეტი, 35 მილიონი დოლარი გადაიხადეს 1962 წელს გამოშვებულ „ფერარი GTO-ში“, რომელიც სპეციალურად სტირლინგ მოსისთვის (ფ1-ის ლეგენდარული ბრიტანელი მრბოლი) შეიქმნა.

No comments:

Post a Comment