Saturday, June 1, 2013

ვილა დ’ესტეს რჩეულები

2013 Concorso d’Eleganza Villa d’Este: Meet the Winners
1 ივნისი
ტრადიციისამებრ, მასის ბოლო კვირას, იტალიის ტბა კომოს ნაპირზე არსებულ ვილა დ’ესტეში, ანტიკვარული და კონცეპტუალური ავტომობილების ელეგანტურობის კონკურსი ჩატარდა, რომელზეც მთელი მსოფლიოდან, ათეულობით ძალიან იშვიათი ავტომობილის ხილვა იყო შესაძლებელი. კონკურსზევე, რომელიც „ბეემვეს“ სპონსორობით ტარდება, ახალი კონცეპტუალური ავტომობილების ხილვაც იყო შესაძლებელი. და რა თქმა უნდა, ორგანიზატორებმა რჩეული ავტომობილები ორ კატეგორიაში - კლასიკურ და კონცეპტუალურ ავტომობილებს შორის დაასახელეს.
შოუს საუკეთესო მონაწილედ დასახელდა 1938 წელს გამოშვებული „ბუგატი 57SC ატლანტიკი“, რომელიც თავის დროზე, „ბუგატიმ“ მხოლოდ ოთხი ცალი დაამზადა. ოთხიდან მხოლოდ ორია შემორჩენილი, რაც ამ ავტომობილს განსაკუთრებულად ფასეულს ხდის. გამარჯვებული ავტომობილი იმითაცაა საინტერესო, რომ ის დიზაინერ რალფ ლორენის კოლექციიდანაა. გამარჯვებული ავტომობილი 3.3-ლიტრიანი ერთრიგა 8-ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომლის სიმძლავრეც 200-210 ცხენის ძალაა. მისი დახმარებით, ავტომობილს 209 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა შეუძლია.
კონცეპტუალურ ავტომობილებსა და პროტოტიპებს შორის, გამარჯვებულად ატელიე „ტურინგ სუპერლეგერას“ ნამუშევარი - „ალფა რომეო დისკო ვოლანტე“ გახდა, რომელიც პირველად ჟენევის შარშანდელ მოტორ შოუზე გვიჩვენეს, სადაც გამოფენის ერთ-ერთ საუკეთესო ექსპონატად აღიარეს.
კონკურსზე სულ 50 ავტომობილი და 35 მოტოციკლი იყო გამოფენილი. აქედან მხოლოდ ეავსი ავტომობილი იყო კონცეპტუალური და პროტოტიპი. აღსანიშნავია, რომ ორბორბლიანი მანქანების კონკურსი ორი წელია იმართება და მისი ჩატარება „ბეემვეს“ მიერაა ორგანიზებული. წლევანდელი რანდევუს მოტოციკლების ნაწილი სწორედ ბავარიული კომპანიის ორბორბლიანი ბიზნესის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა.

No comments:

Post a Comment